Accessibility links

logo-print

ტერი დევისი: "ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ნამდვილი ტრაგედიაა არა მარტო საქართველოსა და ქართველებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის." ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან


რობერტ პარსონსი, პრაღა რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის დირექტორმა რობერტ პარსონსმა ინტერვიუ ჩამოართვა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს.



- თქვენ გახსოვთ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებისას ზურაბ ჟვანიამ განაცხადა: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ამ სიტყვებით გარდა იმისა, რომ ბევრი თქვა, მან ევროპის იდეისადმი თავისი ერთგულებაც გამოხატა.

- დიახ, ზურაბ ჟვანიას 7-8 წელია ვიცნობ. პირველად მას შევხვდი, როცა ევროსაბჭოში საქართველოს მიღებაზე ანგარიშს ვამზადებდი. ის ძალიან ამაყობდა თავისი ქვეყნით და ძალიან ამაყობდა თავისი ქართველობით. ის იყო საუკეთესო ტიპის პატრიოტი, რადგან ხედავდა, რომ საქართველოში ყველაფერი უკეთესად შეიძლებოდა ყოფილიყო და ის იყო ერთგული ევროსაბჭოს ღირებულებებისა, როგორიც არის: დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა; და მას სურდა, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარებულიყო. ვფიქრობ, ამ ადამიანის ასეთ ახალგაზრდა ასაკში დაკარგვა არის ტრაგედია საქართველოსთვის და ევროპისთვის.

- როგორც აღნიშნეთ, ზურაბ ჟვანიას კარგად იცნობდით. როგორ შეაფასებდით მის წვლილს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და რეფორმების განხორციელების საქმეში?

- უწინარესად, ვფიქრობ, ის რეალისტურად და პატიოსნად აფასებდა ნაკლოვანებებს. ახლა რამდენიმე წლით უკან გადავინაცვლებ, როცა საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა, რადგან მე ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ადამიანების გამო დავუჭირე მხარი ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას. ამ ადამიანებს სურდათ, საქართველოს დაეკავებინა დამსახურებული ადგილი ევროპაში. მათ მიმართ ღრმა პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული, რადგან, ისინი აღიარებდნენ პრობლემებსა და სირთულეებს, რომელიც მათ ქვეყანას ჰქონდა და აღიარებდნენ, რომ საქართველო არ არის სრულყოფილი; მაგრამ დამარწმუნეს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როცა ისინი გაძლიერდნენ და ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა, რადგან ამით მას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი იდეები საქართველოსა და ევროპის მომავლის შესახებ. მისი გარდაცვალება განსაკუთრებით ტრაგიკულია სამხრეთი კავკასიისათვის. მოუთმენლად ველოდი ისეთი დროის დადგომას, როცა საქართველო უფრო გავლენიანი გახდებოდა სამხრეთ კავკასიაში. ყველამ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ზურაბ ჟვანიას მსგავსი ადამიანების საერთაშორისო აქტიურობა რეგიონს მშვიდობას მოუტანს.

- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში ის გონიერებას განასახიერებდა. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- გეთანხმებით, თუმცა მის შესაფასებლად ვამჯობინებდი სიტყვა "რეალისტის" ხმარებას. მეტად ამაყი კაცი იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა; ალბათ იმიტომ, რომ გაიგო: მე საქართველოს კი არ ვაკრიტიკებდი, არამედ ვცდილობდი, დავხმარებოდი მას. მუდამ გულახდილად მიამბობდა საქართველოს პრობლემებს, მიზიარებდა თავის პოზიციას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა მან მწვანეების მოძრაობაში, 80-იან წლებში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. იბრძოდა იმისთვის, რათა ხალხს უკეთ ეცხოვრა, ემსახურებოდა იდეას, საქართველო პატიოსანი და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა გამხდარიყო. ბევრ რამეს მძაფრად აკრიტიკებდა, მაგრამ ეს კრიტიკა გაწონასწორებული იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ეს არის ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა და სჭირდება. საქართველოს სჭირდება ადამიანები, რომლებიც საღად აფასებენ მოვლენებს, ამაყობენ თავიანთი ქართველობით; სჭირდება ხალხი, ვინც ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე და, ამავე დროს, ესმის, რომ იმისთვის, რათა ქვეყანა კიდევ უკეთესი გახდეს, ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს. ნამდვილი ტრაგედიაა, და არა მარტო საქართველოსა და ქართველებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

- მისი გარდაცვალებით წარმოიშვა უდიდესი სიცარიელე საქართველოს მთავრობაში. როგორ გგონიათ, შეიძლება მისი ჩანაცვლება?

- ვფიქრობ, რომ შეიძლება. ჩემი აზრით, ზურაბ ჟვანია იქნებოდა პირველი, ვინც იტყოდა, რომ შეუცვლელი არავინ არის. დარწმუნებული ვარ, არაერთი კანდიდატურა გამოიკვეთება, არაერთ მათგანს წამოსწევენ წინ პრემიერ-მინისტრის ადგილის დასაკავებლად. მე მზად ვარ, ევროსაბჭოს სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობისთვის, რათა განვახორციელოთ მთელი პროგრამა, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გაწევას გულისხმობს. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ სწორედ ამიტომ გვქონდა ასეთი კარგი ურთიერთობა. არა მგონია, რომ ევროსაბჭოს უნდა განვიხილავდეთ მასწავლებლად, საქართველოს კი მოწაფედ. ჩვენი ურთიერთობა ასეთი არ არის, ეს არის მეგობრული ურთიერთობა. ევროსაბჭო ეხმარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა მინისტრებსა და საქართველოს პრეზიდენტს რეფორმების პროგრამის განხორციელებაში. არა მგონია, ეს სარეფორმო პროგრამა, ეს პროგრესი... ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო შეჩერდეს. ეს ნამდვილად არ იქნება ასე.

- რა მიგაჩნიათ ზურაბ ჟვანიას მიერ საქართველოს მთავრობის წევრებისთვის დატოვებულ უმთავრეს მემკვიდრეობად?

- მე მას ყოველთვის აღვიქვამდი, როგორც შემრიგებელს, შუამავალს, ვისაც შეეძლო ადამიანების შეკავშირება. ასე იყო "ვარდების რევოლუციის" დროსაც. იმ პერიოდის ჟვანია მე სწორედ ასეთი მახსოვს. მას შეეძლო ადამიანების გაერთიანება კონკრეტული მიზნის გარშემო, საერთო ღირებულებების, საქართველოს მომავალზე საერთო შეხედულებების საფუძველზე. ასე დამამახსოვრდება მე ის: როგორც გამაერთიანებელი და არა როგორც გამთიშველი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG