Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედლინ ოლბრაიტი: ''მათი რევოლუცია ქართველი ხალხის სულისკვეთების გამოხატვა იყო''


გასული წლის დეკემბერში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დაარსების 20 წლისთავი აღნიშნა და ამ იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე ავერელ ჰარიმანის

სახელობის პრემია გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ ლიდერებს, რომლებმაც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიის განვითარებაში. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაჯილდოებულ შვიდ ლაურეატს შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც.

გასული წლის 6 დეკემბერს ავერელ ჰარიმანის ჯილდო ზურაბ ჟვანიას გარდა სენეგალისა და აღმოსავლეთი ტიმორის პრეზიდენტებს, ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტ კორასონ აკინოს, ჩილესა და იემენის მთავრობის წარმომადგენელებსა და პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ბრონისლავ გერემეკს გადაეცათ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მედლინ ოლბრაიტმა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მაშინ ოლბრაიტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ღმერთმა მიჰმადლა სილამაზე, ბუნებრივი რესურსები, ენერგიული და გულთბილი ადამიანები. ამასთან ოლბრაიტმა თქვა ისიც, რომ საქართველოს გაუმართლა პრეზიდენტშიც (აქ ის შევარდნაძეს გულისხმობდა), "რომელსაც პატივს სცემდნენ დასავლეთში და რომელიც სწორად აფასებდა დემოკრატიასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. მაგრამ არსებობს ძველი ანდაზე ძალაულფებაზე, რომ მისი მომხიბვლელობის წინაშე ხანდახან ყველაზე კარგი განზრახვების მქონენიც უსუსურები არიან. რამდენიმე წლის წინ დემოკრატიამ საქართველოში გამოფიტვა დაიწყო. რეფორმატორები, რომლებმაც თვალსაჩინო როლი შეასრულეს კორუფციასთან ბრძოლაში და ხალხის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მომხრეები იყვნენ, უგულვებელყოფილნი აღმოჩნდნენ. მედი კარგავდა დამოუკიდებლობას. კორუფცია სულ უფრო შეუნიღბავი და ყოვლისმომცველი ხდებოდა. პრეზიდენტი ვეღარ ახერხებდა ეროვნულ და საკუთარ ინტერესებს შორის ხაზის გავლებას", - ამბობდა მედლინ ოლბრაიტი 6 დეკემბერს ავერელ ჰარიმანის ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე ვაშინგტონში: "ბევრი სხვა ლიდერის მსგავსად, ედუარდ შევარდნაძეს ეგონა შეძლებდა საკუთარი ნებით ხალხის ნების ჩანაცვლებას, მარგამ ის შეცდა. დემოკრატი აქტივისტები, როგორებიც მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე იყვნენ, სათავეში ჩაუდგნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს და გზა მისცეს ქართველი ხალხის ნებას... ზურაბ ჟვანია ამ პროცესების, საქართველოს დემოკრატიის ლიდერად, მოდელად ქცევის უმთავრესი ხელშემწყობი იყო...გთხოვთ ჩემთან ერთად მიესალმოთ ვარდების რევოლუციის განმხორციელებლების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას წარდგენას ავერელ ჰარიმანის სახელობის ჯილდოზე."

ჰარიმანის ჯილდოს გადაცემის გამო "ვაშინგტონ პოსტში" ზურაბ ჟვანიაზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც ავტორი აღნიშნავდა, რომ ჯილდოს მიღებისას ზურაბ ჟვანიამ ის საქართველოსა და იმ დროს ჯერ კიდევ რევოლუციის პროცესში მყოფ უკრაინის ხალხს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დემოკრატიის წარმატება უკრაინაში პოსტ-საბჭოთა ეპოქის დასასრული გახდებოდა. ამავე სტატიის ავტორ ნორა ბუსტანისთან საუბრისას ჟვანიას მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრაც გაუხსენებია და უთქვამს :"მე მოვიხიბლე სააკაშვილის ხასიათით, მისი პატრიოტიზმითა და ცოდნით".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG