Accessibility links

logo-print

თბილისს სოხუმი და ცხინვალი თანაუგრძნობენ

  • ნინო როდონაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ

და მოვლენათა შემდგომი განვითარების პერსპექტივას განსხვავებულად აფასებენ.

სერგეი ბაღაფში მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციას არ გაამწვავებს, ედუარდ კოკოითი კი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება უარყოფითად აისახება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების პროცესზე. როგორი იყო სოხუმის, ცხინვალის და, მათთან ერთად, მოსკოვის რეაქციები?

ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას გამოეხმაურა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული სერგეი ბაღაფშია. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში მან ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული სიკვდილი თბილისისა და სოხუმის ამჟამინდელ ურთიერთობას არ შეცვლის.

ბაღაფში კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას არ ელის და აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

ხუთშაბათს ცხინვალში ზურაბ ჟვანია კვლავ მოიხსენიეს მშვიდობის პარტიის წარმომადგენლად, ამჯერად - ადგილობრივი მთავრობის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა. მან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე გასული წლის ნოემბერში ნათქვამი სიტყვები გაიმეორა. ედუარდ კოკოითი სამშვიდობო პროცესის მთავარ მხარდამჭერად სწორედ ზურაბ ჟვანიას მიიჩნევდა და მისი გარდაცვალების შემდეგ სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს.
კოკოითის პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებამ ცხინვალში გულწრფელი მწუხარება გამოიწვია:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] "ეს არის სამწუხარო ფაქტი. არა მარტო ხელისუფლება, ოსი ხალხი ამას ძალიან მწვავედ აღიქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას და, ამავე დროს, თვითონ მის ოჯახს.” (სტილი დაცულია)

კოკოითის პირადი წარმომადგენლის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას დაკრძალვას ცხინვალის დელეგაცია აუცილებლად დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გამწვავებაა მოსალოდნელი, - აცხადებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი, რომელსაც მიაჩნია, რომ ზურაბ ჟვანიას სახით ქართულმა პოლიტიკამ "პროგნოზირებადობის მნიშვნელოვანი ელემენტი" დაკარგა. პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული სიკვდილის ობიექტური გარემოებების დადგენას აუცილებლად მიიჩნევს კრემლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტტექნოლოგი გლებ პავლოვსკი. ის აცხადებს, რომ რევოლუციურ ქვეყნებში პოლიტიკოსთა მოწამვლის ფაქტები მომრავლდა და დასძენს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უშუალოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ზეგავლენას არ მოახდენს.

რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ოფიციალური სამძიმრის შემდეგ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. სერგეი ლავროვი უკმაყოფილოა იმ ქართველი პოლიტიკოსებით, რომლებიც გორის ტერაქტსა და პრემიერ-მინისტრის ტრაგიკულ სიკვდილში რუსულ კვალს ეძებენ:

[სერგეი ლავროვის ხმა] "მათი განცხადებები, ვინც ჩქარობს, მიზეზებში გაურკვევლად, პოლიტიკურად ანგაჟირებული დასკვნების გამოტანას, მათსავე სინდისზე იყოს. ეს ხელს არ უწყობს, პირველ ყოვლისა, სიმართლის პროფესიონალურ დონეზე დადგენას და მეორეც, ეს ხელს არ უწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განვითარებას, რომლითაც რუსეთი გულწრფელადაა დაინტერესებული და ამასვე ელის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში."

საგულისხმოა, რომ რუსი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და საინფორმაციო საშუალებების ნაწილს ეჭვი ეპარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაღუპვის ოფიციალურ ვერსიაში. ამასთან, რუსეთში პრაქტიკულად ერთსულოვანია პოზიცია იმის თაობაზე, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება საქართველოს არასტაბილურობაზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG