Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანია: შტრიხები გარდაცვლილი პრემიერის პორტრეტისთვის


დავით პაიჭაძე, თბილისი ზურაბ ჟვანია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ერთი ყველაზე მკვეთრი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურა იყო.

შეგახსენებთ გარდაცვლილი პრემიერის რამდენიმე ციტატას და მისი, როგორც პოლიტიკოსისა და ადამიანის, ზოგიერთ შტრიხს.

[ჟვანიას ხმა] “ჩემი ბუნებიდან გამომდინარე და, ასევე, გამომდინარე ჩემი თანამდებობიდან, ვეცდები, გავაკეთო ყველაფერი საიმისოდ, რომ მოვლენები არ განვითარდეს ყველაზე დაძაბული სცენარით.”

შეკავება, გონივრული სიფრთხილე, კორექტულობა, თუ საჭიროა, რისკიც - ზურაბ ჟვანია პოლიტიკაში თავისი მოქმედებით ამ ცნებებს ანიჭებდა შინაარსს. მას ხშირად უწოდებდნენ კულუარული პოლიტიკის დიდოსტატს, თუმცა ნათელია, რომ პოლიტიკის, როგორც საჯარო საქმიანობის გაგების დამკვიდრებაში ჟვანიას როლი ძალიან დიდია. შევარდნაძის ხელისუფლების დემოკრატიული შემადგენელი დიდწილად სწორედ ზურაბ ჟვანიამ შექმნა. გასული საუკუნის 90-ანი წლების მეორე ნახევარში ზურაბ ჟვანია საქართველოს ხელისუფლებაში იყო ერთადერთი მოკავშირე, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, პოლიტიკის მიღმა მყოფი მოქალაქეებისა, რომელთაც დემოკრატია, უწინარესად, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებად და მყარ ინსტიტუტებად წარმოედგინათ. ყოფილმა პრემიერმა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, თავისი პოლიტიკითაც და ახალი კანონების მიღებითაც ხელი შეუწყო ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას, გავლენის ზრდასა და განმტკიცებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული დემოკრატია წარმოუდგენელია ზურაბ ჟვანიას გარეშე.

ზურაბ ჟვანია 8 წელიწადი იყო ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის გვერდით და, შეიძლება ითქვას, ყოველთვის ყელზე ადგა იმ ადამიანებს, შევარდნაძეს მისივე, ანუ პარტიულ-კომკავშირული, მჭიდიდან რომ მოჰყვნენ. მათ არ ესმოდათ ენა, რომელზეც ეს ახალგაზრდა ლაპარაკობდა, ისინი უცხოობდნენ ღირებულებებს, რომელთაც ზურაბ ჟვანია გამოხატავდა და, შეძლებისდაგვარად, ამკვიდრებდა. ზურაბ ჟვანიას არ სწყალობდა მისი თაობის არაერთი ადამიანი, რომელიც თავს პოლიტიკოსად მიიჩნევდა და პოლიტიკური წარმოშობით კომუნისტი არ იყო. მათ გარდაცვლილი პრემიერი ლამის დემონურ პიროვნებად ესახებოდათ. ზურაბ ჟვანიას იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა - ერთხელ თავის ოპონენტებსა თუ მტრებზე ასეთი რამ თქვა: მე განათლებით ცხოველთა ქცევის სპეციალისტი ვარ და ეს ცოდნა ხშირად მიადვილებს ზოგიერთ ჩემს კოლეგასთან ურთიერთობასო. რაც იშვიათია ჩვენს პოლიტიკოსებში, ზურაბ ჟვანია წიგნიერი და განათლებული კაცი გახლდათ. როგორ ესმოდა განათლების ღირებულება, კარგად ჩანს ამ სიტყვებიდან:

[ჟვანიას ხმა] “თქვენ, გინდათ ეს თუ არ გინდათ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ იყოთ კონკურენტულები, არა მხოლოდ თბილისის ან საქართველოს მასშტაბით, არამედ გლობალური მასშტაბით. თქვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როცა თითოეული ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში და, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს, მის საზოგადოებას რა ადგილი უჭირავს მსოფლიოში.”

ცოტას ძალუძს პოლიტიკოსობა, სამაგიეროდ, ყველას შეუძლია პოლიტიკოსთა შეფასება - ეს ერთი დიდი პოლიტიკოსის ნათქვამია. ზურაბ ჟვანია პოლიტიკოსი იყო და ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ, როგორც პოლიტიკოსი, ვერ დაამარცხეს. ზურაბ ჟვანიას წაჰყვა ნატვრა და გაფრთხილება - ისიც პოლიტიკური:

[ჟვანიას ხმა] “მე მინდა ვიყო ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ვიყო ხმა ადამიანებისა, ვისაც ვუწოდებ საქართველოს საშუალო კლასს დღევანდელ დღეს; ხმა მასწავლებლის, გლეხის, იმ მუშა-მოსამსახურისა, რომელიც არის ამ ქვეყნის მარილი. და თუ ეს მარილი განქარდება, ვეღარ დაიმარილებს ეს ქვეყანა.”[!]
XS
SM
MD
LG