Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, პროგრამის - ''ნავთობი სურსათის სანაცვლოდ'' - განხორციელებისას გაეროს ნორმები ირღვეოდა


გაეროში ახალი სკანდალია. დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ, რომელმაც ერაყის დახმარების მიზნით შემუშავებული პროგრამის

- "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" - განხორციელების გარემოებები შეისწავლა, დაადგინა: პროგრამის დირექტორი, ბენონ სევანი ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას და თავისი ქმედებით დიდი ზიანი მიაყენა გაეროს ავტორიტეტს. თავად სევანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კომისიამ იგი "განტევების ვაცად" აქცია.

თავდაპირველად შეგახსენებთ: პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" ერაყს უფლებას აძლევდა, ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლით მოსახლეობისთვის შეეძინა სურსათი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების სხვა პროდუქცია. დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ამ პროგრამის ხელმძღვანელი ბენონ სევანი პირადად მონაწილეობდა ნავთობის მყიდველთა შერჩევაში, რაც გაეროს წესების უხეში დარღვევაა.

ახლა კომისია ცდილობს დაადგინოს, ემსახურებოდა თუ არა ხსენებული დარღვევები - კერძოდ კი ნაკლებად ცნობილი აფრიკულ-ახლოაღმოსავლური ნავთობკომპანიისთვის კვოტების გამოყოფა - ბენონ სევანის პირად გამდიდრებას. როგორც კომისიის თავმჯდომარე პოლ ვოლკერი აღნიშნავს, ერაყის მთავრობას ეგონა, რომ სევანის მოთხოვნათა შესრულებით მის მხარდაჭერას მოიპოვებდა და ნავთობმრეწველობის ცალკეულ სექტორებში აკრძალვათა თანდათანობით გაუქმებას მიაღწევდა.

[პოლ ვოლკერის ხმა] "ერაყის მთავრობა, რომელიც კვოტებს გამოყოფდა, ფიქრობდა, რომ ამით გავლენას ყიდულობდა. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: ბატონმა სევანმა თავი ჩაიყენა ინტერესთა მძიმე და ხანგრძლივი კონფლიქტის სიტუაციაში. თავისი ქმედებით მან დაარღვია გაეროს მკაფიო წესები და ნორმები, რომელიც საერთოა მაღალი რანგის ყველა საერთაშორისო მოხელისთვის."

ამავე დროს, პოლ ვოლკერმა დასძინა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ ვერ მიაკვლია პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. მისივე თქმით, ერაყის რეჟიმის მიერ იმ პერიოდში უკანონოდ მოპოვებული თანხების დაახლოებით 90 პროცენტი ნავთობის კონტრაბანდაზე მოდის; ხოლო ის, რომ კონტრაბანდა ხორციელდებოდა, როგორც კომისია ამტკიცებს, კარგად მოეხსენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ზოგიერთ წევრს. ერაყის მაშინდელი მთავრობის უკანონო შემოსავლების საერთო მოცულობას ექსპერტები 11 მილიარდი დოლარით განსაზღვრავენ.

კომისიის მუშაობა გრძელდება. მის 60-კაციან საგამოძიებო ჯგუფს მოუწევს დაადგინოს, როგორი იყო უშიშროების საბჭოს როლი პროგრამის განხორციელებაში და რა კავშირი ჰქონდა ამ პროგრამასთან გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს-ღალის. გარდა ამისა, კომისიის გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, რა როლს ასრულებდა პროგრამაში გაეროს ამჟამინდელი გენერალური მდივნის კოფი ანანის ვაჟი კოჯო.

ბოლოს დავამატებ, რომ კვიპროსელი დიპლომატი ბენონ სევანი გაეროს გამოცდილი თანამშრომელია. ვიდრე პროგრამის - "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" - დირექტორად დანიშნავდნენ, მას არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროს მისიებში ავღანეთსა და აფრიკაში.
XS
SM
MD
LG