Accessibility links

logo-print

საქართველოში გლოვის დღეებია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და, გორში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, პოლიციელების ტრადიკულად დაღუპვის გამო, საქართველოში 5 და 6 თებერვალი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები, გადადებულია გასართობი ღონისძიებები. ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში უცხოეთიდან დელეგაციები ჩამოდიან.

შაბათს გორში 1 თებერვალს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამი პოლიციელი დაკრძალეს. იოსებ მინდიაშვილი, გიორგი მთვარელიძე და თამაზ იაკობიძე სამხარეო პოლიციის შენობასთან განხორციელებულ აფეთქებას ემსხვერპლნენ. დაღუპული პოლიციელების ჭირისუფლებს თანაგრძნობა გამოუცხადეს გორში ჩასულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა. გორში მყოფმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტერაქტთან დაკავშირებით ახალი გარემოებებია აღმოჩენილი, რაც, მისი აზრით, ტერაქტის საქმის გამოძიებას დააჩქარებს.
შაბათსვე თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში დაკრძალეს რაულ უსუფოვი, ახალგაზრდა სახელმწიფო ჩინოვნიკი, რომლის გვამიც თბილისში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად აღმოაჩინეს. რაც შეეხება პრემიერს, გავრცელებული ცნობებით, პარასკევ საღამოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეძლო ზურაბ ჟვანიას ჭირისუფლების დაყოლიება დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით: ოჯახს სურდა, ტრაგიკულად დაღუპული პრემიერი მამის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე, დაკრძალულიყო. მიხეილ სააკაშვილი კი, გარდაცვლილის რანგისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, უფრო შესაფერის ადგილად დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს მიიჩნევდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის არგუმენტები დამაჯერებელი აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებისთვის: კვირას, სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილი სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ტრაგიკულად დაღუპული პრემიერ-მინისტრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად თბილისში უკვე ჩამოდიან დელეგაციები უცხოეთიდან. ვაშინგტონიდან ჩამოსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელსაც პირადი მეგობრობა აკავშირებდა ზურაბ ჟვანიასთან. საფრანგეთის დელეგაციას, საგარეო საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რენო მუზელიეს ხელმძღვანელობით, თბილისში კვირა დილით ელიან. დაკრძალვას რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციებიც დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG