Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ თითქმის მთლიანად მოიცვა ქართული პრესის ყურადღება.



თუმცა დღევანდელ მიმოხილვაში, რომელიც, დიდწილად, ამ ტრაგიკული ფაქტის სხვადასხვა ასპექტს ეხება, შევეცდებით, სხვა საკითხებსაც დავუთმოთ ადგილი.

ვინ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი? - ამ შეკითხვას უკვე წამოჭრიან გაზეთები: “რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “ახალი ვერსია” და “24 საათი”. “სავსებით შესაძლებელია, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზოს პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს. პრემიერ-მინისტრის პორტფელი შეიძლება ჩაიბაროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ეს გასათვალისწინებელია, რამდენადაც, მოარული ხმებით, სწორედ ოქრუაშვილი ემზადებოდა ამ თანამდებობისათვის. პრემიერი შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კემულარია. საგულისხმოა ფაქტი, რომ სააკაშვილისთვის მძიმე წუთებში კემულარია აღმოჩნდება ხოლმე მის ხელმარცხნივ. საკმაოდ რეალურია, რომ პრეზიდენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება ჩააბაროს გავლენიან ბიზნეს ფიგურას ბადრი პატარკაციშვილს. ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ პრეზიდენტმა შეიძლება უცხოეთიდან ჩამოიყვანოს რომელიმე გამოჩენილი ქართველი ემიგრანტი. ამ მხრივ, რეალურ კანდიდატად შეიძლება განვიხილოთ უკრაინაში მოღვაწე დავით ჟვანია. ევროპაში ეს ადამიანი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, მას რუხ კარდინალსაც უწოდებენ და როგორც ამბობენ, დიდი წვლილი მიუძღვის იუშჩენკოს გაპრეზიდენტებაში” - ამას წერს გაზეთი “ახალი თაობა”, რომელიც ვარაუდობს, რომ, გარდა ჩამოთვლილი პიროვნებებისა, პრემიერ-მინისტრის პოსტი შეიძლება ჩააბარონ კახა ბენდუქიძეს, გიორგი ბარამიძეს ან გელა ბეჟუაშვილს.


“ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ქართულ საშინაო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. არ არის აუცილებელი, ეს ცვლილებები უკვე რამდენიმე დღეში შევიგრძნოთ - ყველა ნიშნის მიხედვით, პროცესი დინამიკაში განვითარდება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის დროს მეტ-ნაკლებად განსაზღვრავდნენ პოლიტიკურ ამინდს,” - წერს გაზეთი “24 საათი”. პრემიერის პოსტზე “ახალი თაობის” ჩამოთვლილ კანდიდატურებს “24 საათი” კიდევ ორს უმატებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ირაკლი ჩუბინიშვილსა და თბილისის მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს. მაგრამ იმავე “24 საათში” წაიკითხავთ სხვა სიტყვებსაც: “ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერი პატარა ქვეყნისა, რომელმაც სერიოზული დემოკრატიული განაცხადი გააკეთა, იღუპება სრულიად ბანალური მიზეზით, ბუნდოვან ვითარებაში. ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გამო საზოგადოებაში გაჩენილ ყველა შეკითხვას, გამოიძიოს ტრაგედიის ყველა დეტალი, რადგან მსგავსი ფაქტის მიმართ ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს არა, უბრალოდ, პოლიტიკური პოზიცია, არამედ ზნეობრივიც. სხვაგვარად, ვერაფრით ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას და ქვეყანას სამუდამოდ დავაშორებთ ევროპულ ოჯახს.”


პრემიერის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა კონფლიქტური რეგიონების მიმართ არ შეიცვლება, - წერს გაზეთი “რეზონანსი”. “ძირითადი როლი უცხოეთს ეკუთვნის და სწორედ ის არის მოვლენების მასტაბილიზებელი. ამ როლს, უწინარესად, აშშ და შემდეგ ევროპული სტრუქტურები ასრულებენ. ამდენად, კონფლიქტური რეგიონების მიმართ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა და ტონი, შესაძლოა, ისევ აგრესიული იყოს, მაგრამ ქცევები არ იქნება ამ მუქარის შესაბამისი. შარშან ჟვანიამ, საკუთარი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელი ვერ შეუშალა იმ მოვლენებს, რაც ცხინვალში მოხდა. ის კამპანია მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში დაიბარეს. ასე რომ, ქართული ხელისუფლების პოლიტიკა ისეთივე სტრატეგიის არმქონე იქნება: ხან შემტევი და ხან - ფსევდოსამშვიდობო”, წაიკითხავთ გაზეთ “რეზონანსში”.


“რატომ მიატოვა დაცვამ ზურაბ ჟვანია?” - ასეთ შეკითხვას სთავაზობს საზოგადოებას გაზეთი “ახალი ვერსია” და ინკოგნიტო კომპეტენტურ პირებს იმოწმებს: “როცა სახელმწიფო მოღვაწე სადმე შენობაში შედის და დაცვა თან არ მიჰყავს, დაცვის მოვალეობაა, დაცვის ობიექტს ჰკითხოს, რამდენ ხანს დაყოვნდება. შემდეგ კი ვალდებულნი არიან, მისი შესვლისთანავე დაურეკონ და ჰკითხონ, თავს როგორ გრძნობს, რათა დარწმუნდნენ, რომ დასაცავი პიროვნება უსაფრთხოდაა. ხოლო თუ დათქმული დრო გავა, დაცვის პირდაპირი მოვალეობაა, რაღაც მოიმოქმედონ. ჯერჯერობით არავინ ამბობს, რამდენად სწორად მოქმედებდა დაცვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა ამის დადგენა არც ისე ძნელია. სხვა თუ არაფერი, გამოძიება სატელეფონო ზარების ამოღებას და ამის შემოწმებას მარტივად შეძლებს.”


ფაქტია, უშიშროების სამსახური საქართველოში, კარგა ხანია, აღარ არსებობს, - წერს გაზეთი “ხვალინდელი დღე” სტატიაში “საქართველო - დაუცველი ქვეყანა”. “ერთი წლის წინ საქართველოში ამ ტიპის 6 უწყება არსებობდა, მაგრამ მათ არც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნდათ, არც დაფინანსება და არც პროფესიონალი კადრებით იყვნენ განებივრებულნი. სააკაშვილის ხელისუფლებამ მათი რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანა. უშიშროების სამინისტრო დააკომპლექტა, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის აქტივისტებით, რომელთაც აღნიშნულ სპეციფიკურ სფეროში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისაგან კი უშიშროება არ დადგება. გორის ტერაქტმა და ჟვანიას დაღუპვამ აჩვენა, რომ საქართველოში უსაფრთხოების პრობლემები ცუდად არის გადაწყვეტილი. ამ სფეროს გაძლიერებაზე სახელმწიფოს დროზე უნდა ეზრუნა. საეჭვოა, საქართველომ ამ ეტაპზე აღნიშნული სფეროს სპეციალისტების მომზადება შეძლოს.” - ამას გაზეთი ხვალინდელი დღე წერს.


გაზეთი “ალია” კი ცდილობს გაარკვიოს, ემუქრება თუ არა საპატრიარქოს ცენზურა სასწავლო პროცესს ქართულ სკოლებში. სტატიაში დიდი ადგილი უკავია შეკითხვებს: “ხომ ფაქტია, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლება სკოლებში პირდაპირ მართლმადიდებლობის ქადაგებას გულისხმობს და არა, უბრალოდ, მის სწავლებას ქიმიასა ან ფიზიკასავით? დაილია საქართველოში ეკლესიები, რომ მართლმადიდებლობა სკოლებში პედაგოგებმა არ იქადაგონ? თუ ეკლესია მრევლში გასვლასა და დიდი მისონერული აქციის დაწყებას გეგმავს, რატომ ირჩევს საქადაგოდ სახელმწიფო დაწესებულებას - სკოლას? ან თუ ეკლესიას მრევლის ადრეული ასაკიდან გამოზრდა სურს, უშლის ვინმე ხელს მართლმადიდებლური სკოლების ქსელის გაფართოებაში? რატომ ხდიან სავალდებულოდ მართლმადიდებლობის სწავლებას და რატომ ცდილობენ რწმენის საგნად ქცევას?” ამ შეკითხვებს “ალია” თავადვე უპასუხებს და ასეთ პროგნოზს გვთავაზობს: “ამ ყველაფერს მოჰყვება ისევ და ისევ მართლმადიდებელ ეკლესიაზე შტურმი, მისი დისკრედიტაცია ან, უკეთეს შემთხვევაში, დაიდება მემორანდუმები სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთანაც და საქართველოს ბიუჯეტს მოუწევს, დააფინანსოს სკოლებში ისლამის, იუდაიზმის, კათოლიციზმის, ბუდიზმისა და იეღოვას სწავლების ქადაგება.”


ეს ყველაფერი გაზეთ “ალიაში” წერია. გაზეთი “24 საათი” კი სხვა რიგის კითხვებს გვთავაზობს: რატომ არის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმა? როგორ უნდა გაიწმინდოს სასამართლო კორუმპირებული მოსამართლეებისაგან - გაყრით თუ დისციპლინარული დევნით? “მოსამართლე, რომელიც კანონს არღვევს, ცხადია, უნდა დაისაჯოს. მაგრამ როცა ყველას ერთიანად მოისვრი - დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც, მაშინ ეს დამნაშავის დასჯა კი არა, სასამართლოზე ტანკით გადავლაა. ამის შემდეგ ძალიან რთული იქნება ვიღაცას განუმტკიცო რწმენა, რომ სასამართლო ხელშეუხებელი და დამოუკიდებელია,” - წერს “24 საათი”.
XS
SM
MD
LG