Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წლის წინ საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა


გასული წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი დაამტკიცა. ზუსტად ერთი წლის წინ ქვეყნის მთავრობაში კვლავ გაჩნდა 1995 წლის კონსტიტუციით გაუქმებული პრემიერ-მინისტრის პოსტი.



თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმიტომ იცვლებოდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი ზურაბ ჟვანიას დაეკავებინა. ამასთან, მოწინააღმდეგენი ერთსულოვანნი იყვნენ იმაში, რომ კონსტიტუციის შეცვლა მიზნად ისახავდა პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას. დღეს მინდა,
უახლოეს ხანში მოსალოდნელ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, ძველი გავიხსენოთ:

გასული წლის თებერვალში საქართველოს კონსტიტუცია თავად კონსტიტუციის დარღვევით შეიცვალა, რადგან შესაბამისი პროექტი ერთთვიანი საჯარო განხილვისთვის არ გამოქვეყნებულა. ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტის შეცვლისას 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა და ცვლილებებისა და დამატებების პროექტი სამივე მოსმენით ორ დღეში დაამტკიცა. შარშანდელი თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგენი აცხადებდნენ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო დიქტატურა დამყარდა,რასაც თავად მიხეილ სააკაშვილი დემაგოგიას უწოდებდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,მიმაჩნია, რომ ის, რასაც ჩვენ ვიღებთ, - და ეს არ არის ჩემი აზრი, - ეს არის ვენეციის კომისიის აზრი, რომელიც დარიგებულია და რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ამ ცვლილებებით პრეზიდენტის ძალაუფლება მცირდება.” (სტილი დაცულია)

ვენეციის კომისიას რომ თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები მოსწონებოდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ ცვლილებების გადასინჯვა არ იქნებოდა და არც მონიტორინგის კომიტეტი იტყოდა, რომ საქართველოში პრეზიდენტის უფლებები ზედმეტადაა გაზრდილი. გასული წლის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესწორების აუცილებლობაზე არაერთხელ ისაუბრეს ქართველმა ექსპერტებმაც, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, განმარტავს, რომ შარშანდელი თებერვლის ცვლილებები არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ,,პრეზიდენტის ძალაუფლება არის მკვეთრად გაზრდილი და, შესაბამისად, შემცირებულია პარლამენტის უფლებამოსილების ნაწილი. ამ კონსტიტუციის მიხედვით, შეიქმნა ახალი კონსტიტუციური სუბიექტი, საქართველოს მთავრობა, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი, როგორც ცალკე აღმასრულებელი განშტოებისა, ფაქტობრივად, არის განულებული. ის მთლიანად არის დამოკიდებული პრეზიდენტზე. მან შეიძლება დამოუკიდებლად იმოქმედოს მანამდე და იმ ფარგლებში, სანამ ამას მოინდომებს პრეზიდენტი და რა ფარგლებშიც მოინდომებს პრეზიდენტი.” (სტილი დაცულია)

კონსტიტუციის შეცვლას რევოლუციური ხელისუფლება კონსოლიდაციისა და მართვის ეფექტური და ბალანსირებული სისტემის შექმნის აუცილებლობით ასაბუთებდა. ერთი წლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მიღებული მოდელი არაეფექტურია და მან არეულობა თავად აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიტანა, - ამბობს იურისტი დავით უსუფაშვილი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ,,ძალიან ძნელია ითქვას, თუ საერთოდ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ პრეზიდენტი და მისი აპარატი დე ფაქტოდ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამასობაში, ფორმალურად ეს გადაწყვეტილებები მიიღება თითქოს მთავრობაში. ასეთმა მოდელმა ძალიან ბევრი საკითხი არცთუ სწორად გადაწყვიტა, გააჩინა არასტაბილურობის განცდა და ეს ყველა პრობლემა კიდევ უფრო ძლიერდება ზურაბ ჟვანიას, ანუ იმ პოლიტიკური ფიგურის გამოკლების შემდეგ, რომლის არსებობაზეც იყო მორგებული ეს მოდელი.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ მომზადდება კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს კიდევ ერთხელ გააუქმებს. დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ ამგვარი მოქმედება ახალ პრობლემებს შექმნის:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ,,თავის დროზე თუ კონსტიტუცია ორი პიროვნების არსებობას მოერგო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არ შეიძლება ახლა მთლიანად, ერთ-ერთი მათგანის არარსებობის გამო, ისევ კონსტიტუცია შევცვალოთ. ეს კონსტიტუციურ სტაბილურობას და სისტემას, ზოგადად, კიდევ უფრო დაანგრევს. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს და ხვალ რაც გასაკეთებელია, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში შარშანდელი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან ერთ-ერთი ამოქმედდა.

პარლამენტთან კონსულტაციების შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა ათ თებერვლამდე უნდა დაასახელოს, თავად ახალმა პრემიერმა კი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ათი დღის ვადაში უნდა განსაზღვროს და პრეზიდენტს შეუთანხმოს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG