Accessibility links

logo-print

შეიცვლება თუ არა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა პრემიერის გარდაცვალების შემდეგ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში ლოგიკურად გაჩნდა კითხვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაძლო კორექტირების თაობაზე.

ზოგადად, პრემიერ-მინისტრის დაღუპვა ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც წესი, მყისიერად აისახება ხოლმე ეკონომიკურ პროცესებზე და თავად ეს პროცესები განიცდის ხოლმე ცვლილებას. პირველი სიმპტომი ამ შემთხვევაში, ტრადიციულად, საფონდო-საფინანსო ბაზრებია, რომელზეც ქვეყნის მაღალი რანგის მოღვაწის დაღუპვა არცთუ პოზიტიურად მოქმედებს. იმდენად, რამდენადაც საქართველოში საფონდო ბაზარი ემბრიონის სტადიაშია, მასზე ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ვერც მოახდენდა გავლენას. სიტუაცია არ შეცვლილა არც საქართველოს საფინანსო და სამომხმარებლო ბაზრებზე. თუმცა, ბუნებრივია, არსებობდა ეკონომიკურ პოლიტიკაში კორექტივების შეტანის მოლოდინი, მით უმეტეს, ხელისუფლების მიერ განცდილი შოკისა და ერთგვარი დაბნეულობის პირობებში, საბოლოოდ, მთავრობამ მაინც გააკეთა განცხადება, რომ, მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, ყველა სახელმწიფო ორგანო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და, რაც მთავარია, ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური კურსი, რომელიც ჟვანიას პრემიერობისას იყო დასახული, იმგვარადვე გაგრძელდება.

როდესაც საუბარია საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ექსპერტები იმ საპრივატიზებო მარათონს გულისხმობენ, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და კახა ბენდუქიძის ინიციატივად მოიაზრება. სახელმწიფო მინისტრის ბენდუქიძის განცხადებით, ყველა ის შეთანხმება, რომელიც ინვესტორებთან ჟვანიას პრემიერობისას იქნა მიღწეული, რეალიზებული იქნება; ასევე არ გადაიხედება ის საპრივატიზებო ობიექტები, რომელთაც საქართველოს მთავრობა წელს უპირებდა განსახელმწიფოებრიობას. ანუ მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა, მისი ამჟამინდელი წევრების რწმუნებით, არ შეიცვლება. საპრივატიზებო პოლიტიკა რომ იგივე დარჩება, ამაში არც ექსპერტებს შეაქვთ ეჭვი, თუმცა, ზოგადად, ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვაჟა სალამაძის აზრით, იმ პერსონალიებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ეკონომიკურ გუნდში მოვლენ ან დარჩებიან.

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმ ახალ გუნდზე, რომელიც მოვა, ანუ თუ დარჩება ის სისტემა - პრემიერის ინსტიტუტი, ძალიან ბევრს განსაზღვრავს ის, თუ ვინ იქნება პიროვნულად პრემიერი და ვინ დარჩება ამ გუნდში, ანუ ეკონომიკურ ბლოკში. ”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება პრემიერის გარდაცვალების შემდგომ ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ეკონომიკური წრეებისა და, განსაკუთრებით, ინვესტორების დამოკიდებულებას, ის, ბუნებრივია, ვერ იქნება მთლად პოზიტიური, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც. ქვეყანა, სადაც პრემიერი და თანაც ისეთი ავტორიტეტის მქონე მოღვაწე, როგორიც ჟვანია იყო, ამგვარ უცნაურ ვითარებაში იღუპება, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ იზიდავს კაპიტალს. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას ადგილობრივ ინვესტორებზეც. თუმცა, ვაჟა სალამაძის აზრით, ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას სახელმწიფო აპარატი და როგორი იქნება ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნეს გარემოს მიმართ:

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”ცოტა ხანს თავი რომ დავანებოთ ჟვანიას პიროვნულ თვისებებს, ქვეყანაში, სადაც პრემიერი გარდაიცვალა და თანაც გარდაიცვალა ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში, ბიზნესს, ნებისმიერ შემთხვევაში, უჩნდება გარკვეული სიფრთხილის მომენტი ასეთი ქვეყნის მიმართ. ამან, ზოგადად, გარკვეული პერიოდი, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება, სანამ ახალი გუნდი და ახალი სისტემა ჩამოყალიბდება, გარკვეულწილად, შეიძლება შეანელოს და შეაფერხოს პროცესები.”(სტილი დაცულია)

დღეს ცალსახად იმის თქმა, რომ ქვეყანა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ შეცვლის თავის პოლიტიკას, ალბათ, არასერიოზულია. თუმცა, თავისთავად, ამგვარი ტრაგედიები, შეუძლებელია რაიმენაირად არ აისახებოდეს ქვეყნის ცხოვრებაზე. ამდენად, ექსპერტთა აზრით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი და როგორ დაკომპლექტდება ახალი კაბინეტი. საქართველოში ხომ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ პიროვნებები განსაზღვრავენ კონკრეტულ პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG