Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


მუსიკის მოყვარულებს საქართველოში,

ერთი შეხედვით, დიდი არჩევანი აქვთ. მუსიკას ყველა რადიოსადგური გადმოსცემს, სამი ტელეკომპანია კი თითქმის მთელ თავის ეთერს მუსიკალური კლიპებით ავსებს; ამ ტელეკომპანიების მესვეურებს, აშკარად, უნდათ შექმნან “ქართული ემტივის” მსგავსი არხი, რომელიც ახალგაზრდობის გულებს დაიპყრობს. ეს – ნორმალურია. ასეთი ტენდენცია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეინიშნება. მაგრამ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში თავისი მსმენელი ჰყავს იმ რადიოსადგურებსაც, რომლებიც მხოლოდ კლასიკურ მუსიკას გადმოსცემენ. როგორც წესი, ასეთ რადიოსადგურებს სახელმწიფო ეხმარება ხოლმე. რუსეთში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში კლასიკური მუსიკის რადიოსადგურები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. საქართველოში, როგორც ჩანს, ასეთი რადიოსადგურის გახსნას ჯერჯერობით არავინ აპირებს... და თუკი მაინც გამოჩნდნენ ენთუზიასტები, თუ ფულიც გაიმეტა ვინმემ, კლასიკური მუსიკის პროპაგანდისტებს ერთი სერიოზული პრობლემის გადაჭრა მოუწევთ – ეთერის შევსება ქართული კლასიკური მუსიკით.

თბილისის კონსერვატორიის დოცენტი, მუსიკისმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ მეოცე საუკუნის ქართული მუსიკალური ჩანაწერების არქივი ძალიან ღარიბია... ეროვნული მუსიკის ისტორიაში შევიდა უამრავი ქართული ოპერა, სიმფონია, კამერული პიესა, რომელსაც ჩვენ ვერასდროს მოვისმენთ:

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “რომც არ იყოს საუკეთესო, იყოს საშუალო, – ეს ხომ ჩვენი ისტორიაა, – ცუდიც უნდა იყოს ჩაწერილი... “მინდია” თაქთაქიშვილის შესანიშნავი ოპერაა, მაგრამ რუსულადაა ჩაწერილი, ვაჟა ფშაველა... ეს ხომ დაცინვაა. ექნება საქართველოს ოდესმე საშუალება, რომ ეს აღადგინოს? – პირველი ოპერების ჩანაწერები კი არა, ნოტებია დაკარგული – არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე”, რომლითაც ვამაყობთ, ნოტები არ არის, ხელნაწერი სადაა, კაცმა არ იცის.”(სტილი დაცულია0

[მუსიკა. “თქმულება შოთა რუსთაველზე”]

რუსუდან ქუთათელაძის თქმით, მოვა დრო და ახალი თაობა აუცილებლად დაინტერესდება, რატომ არ დაიწერა აქამდე ქართული მუსიკის ისტორია... მოვა დრო და ამ კითხვას დაგვისვამენ უცხოელები, რომლებიც ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს სწავლობენ. ქართველი მუსიკისმცოდნე დარწმუნებულია, რომ ამ ისტორიაში არაფერი უნდა დაიმალოს, რადგან მუსიკის ისტორია – ხალხის ისტორიას ასახავს:

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “გვაქვს ჩვენ ოპერა “დეპუტატიც”, “სამშობლოც”... ჩვენ უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ სულ ვამბობ, დააფასეთ თავისუფლება... აი, ახლა, ამის თქმის უფლება რომ მაქვს, ესეც უდიდესი მიღწევაა, რადგან ეს კომპოზიტორები ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ იმათ ავალდებულებდნენ...რომ არ ყოფილიყო ეს იდეოლოგიური წნეხი, "დეპუტატის" მაგივრად სხვა რაღაცას დაწერდა.”

რუსუდან ქუთათელაძის აზრით, ქართველ მუსიკოსებს დასამალი ბევრი არცა აქვთ. პირიქით, იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, ჩვენი კომპოზიტორების უმრავლესობა როგორღაც ახერხებდა, როგორც ქალბატონი რუსუდანი ამბობს, “დაეშიფრა” თავისი ნაწარმოები:


[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “მუსიკა ისეთი რამაა, ისე შეიძლება “დაშიფრო”, რომ კაცი ვერ წაიკითხავს... ასე აქვს ანდრია ბალანჩივაძეს – მეოთხე სიმფონია დაწერა ბრეჟნევის დროს. რეპეტიციის დროს მივიდა თურმე ტრომბონისტთან... ის ეუბნება, არ გამომდის ეს პასანაჟი – “ბლა, ბლა, ბლააო”... გაიცინა თურმე, - კვიმატი კაცი იყო, – ასე უნდა, ეს ბრეჟნევის სიტყვააო... ამ სიმფონიის ინტერპრეტატორმა დღეს შეიძლება ეს ნაწარმოები სრულიად სხვანაირად შეასრულოს.”

მაგრამ მოსკოვში, ეტყობა, მაინც გრძნობდნენ, რომ ქართულ მუსიკაში იყო რაღაც “დაშიფრული”... ამიტომ ფირმა “მელოდია”, ერთადერთი ეგრეთ წოდებული “ჩამწერი ფირმა”, რომელიც საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებების ფირფიტებს უშვებდა, ქართულ მუსიკას, როგორც წესი, ეჭვის თვალით უყურებდა. შესაძლებელია, ესაა სწორედ მიზეზი ეროვნული კლასიკური მუსიკის ჩანაწერების დეფიციტისა, რომელსაც მუსიკოსები დღეს ძალიან განიცდიან... და არამარტო ჩანაწერების დეფიციტისა:

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “კომუნისტური იდეოლოგიის ნაყოფი არის ის, რომ ჩვენ ოცდამეერთე საუკუნეში საცნობარო ლიტერატურა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია... ეს არის პირველი ნაბიჯი.”

ამბობს ქალბატონი რუსუდან ქუთათელაძე და გვიჩვენებს თამარ გიორგაძის ახლახან გამოცემულ წიგნს “ქართული მწერლობა და მუსიკა”, რომელიც ავტორმა, პროფესიით მუსიკოსმა და ფილოლოგმა, საკუთარი სახსრებით დაბეჭდა. ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნის ქართული მუსიკის ისტორიის შექმნის პირველი ცდაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ... რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი კომპოზიტორების ნაწარმოებთა აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნული ლიტერატურის მუსიკალური ინტერპრეტაციაა – ოპერაც, ბალეტიც, სიმღერაც.

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “ხომ მიდის მუსიკალური გადაცემები ტელევიზიაში, რადიოში, – ღირებულს იშვიათად გადასცემენ, მაგრამ, ვთქვათ, ლაღიძეს, – აცხადებენ: “სიმღერა ტყეებზე”. მორჩა, ვინაა კომპოზიტორი? უკვე ლაღიძე – ჩვენ დროს საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლო იყო სიმღერის - არ იციან რედაქციებში...”(სტილი დაცულია)

თამარ გიორგაძის წიგნმა, რომლის რედაქტორი სწორედ რუსუდან ქუთათელაძეა, მუსიკალურ განათლებას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში. ისევე როგორც რუსუდან ქუთათელაძის რედაქტორობით გამოცემულმა კიდევ ერთმა მშვენივრად გაფორმებულმა და სხარტად დაწერილმა ახალმა წიგნმა – მარიკა ჩიკვაიძის “მუსიკის სახელმძღვანელომ”, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა როგორც სახელმძღვანელო საშუალო სკოლების მესამე და მეოთხე კლასებისათვის. მაგრამ ქართველი მუსიკისმცოდნეების მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ ქართული მუსიკით არ ამოიწურება. რუსუდან ქუთათელაძე ავტორია ასევე ახალი წიგნების სერიისა - “დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორია”. ერთი წიგნი მთლიანად მოცარტს ეძღვნება, მეორე – მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის მუსიკას – ბახს, ჰენდელს. ამ წიგნების მნიშვნელობას ავტორი ასე ხსნის:

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “მე მიმაჩნია, რომ პროფესიულ ცოდნას ადამიანი უსათუოდ მშობლიურ ენაზე უნდა ეუფლებოდეს.
არ იყო ამის გამოცემის საშუალება...ვინ მოგვცემდა ჩვენ უფლებას ქართულად გვეწერა ის, რაც უკვე რუსულად იწერებოდა. ჩვენმა თაობამ ისე მივიღეთ მუსიკალური განათლება, რომ ქართული სახელმძღვანელო არ გვღირსებია, მაგრამ ჩვენთვის არ იყო რუსული პრობლემა, რუსულად ვსწავლობდით ყველაფერს...”

მაგრამ საიდან ისწავლონ თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც რუსული ცუდად იციან ან საერთოდ არ იციან რუსული, მაგრამ მუსიკისმცოდნის პროფესიას ირჩევენ?

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “იმდენად არ იციან, რომ მისაღებ გამოცდებზე ვეკითხები ერთს: რა ნაწარმოებია, აბა, რა შინაარსია შიგ? - მიყურებს... - “უტრო”, რა იქნება იქ?.. - მაგრამ “უტრო” ვერ თარგმნა.”

მაგრამ სიტყვა “უტროს” ვინ ჩივის, როცა მომავალ მუსიკისმცოდნეების უმრავლესობას დღემდე თითქმის არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა თავისი ქვეყნის მუსიკაზე. რუსუდან ქუთათელაძე დარწმუნებულია, რომ ჩვენი მუსიკოსები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობენ, წარმატებას მაშინ მიაღწევენ, როცა სხვა ნაწარმოებებთან ერთად ქართველი კომპოზიტორების ქმნილებებსაც შეასრულებენ.

პირველი ნაბიჯი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მხრივ უკვე გადადგმულია – ის წიგნები, რომლის შესახებ გესაუბრეთ, შარშან და წელს გამოიცა... შემდეგი ნაბიჯი თავად შემსრულებლებმა უნდა გადადგან - თუნდაც იმისათვის, რომ აღარავინ თქვას ის, რასაც ქართველი მუსიკისმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე ჩვენი საუბრის დასასრულს აღნიშნავს:

[რუსუდან ქუთათელაძის ხმა] “ქართველები საოცრად დაუდევარი ხალხი ვართ... საკუთარი თავის ყადრი არ ვიცით. სხვა როგორ დაგვაფასებს, ჩვენ თვითონ თუ არ დავაფასეთ ჩვენი თავი... თავი მოგვაქვს, პატრიოტებად მიგვაჩნია თავი, მაგრამ საქმით...”
XS
SM
MD
LG