Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირაში გაგაცანით გამოხმაურება, რომელიც რუსეთის პრესაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულ დაღუპვას მოჰყვა.

დღეს განვაგრძობთ ამ თემას და გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებასა და ვარაუდს, რომელიც ისევ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

“ზურაბ ჟვანიას სიკვდილი არის არა უბედური შემთხვევა, არამედ პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც საქართველოს პატრიოტების მიერაა ორგანიზებული,” - განუცხადა 3 თებერვალს სააგენტო “როსბალტს” რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ. მისი თქმით, “ამით მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებენ, რათა გაიგოს, რომ შემდეგი მსხვერპლი თავად იქნება. მას ეუბნებიან: ან თქვენ კურსს ცვლით, თუ არადა, შეკვეთილი მკვლელობები და არეულობები გაგრძელდება.”

4 თებერვლის გაზეთ “კრასნაია ზვეზდას” თქმით, “ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ განსაკუთრებული შემთხვევა - ეს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმართული შიდაპოლიტიკური შეთქმულების შედეგია.”
გაზეთი წერს:

“ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანია, როგორც პრემიერი, ბევრისთვის მიუღებელი იყო მისი დამოუკიდებლობის გამო მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. არავინ უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ საქართვლოს ხელისუფლება გაყოფილია ჟვანიასა და სააკაშვილის მომხრეებად. მათ შორის ხშირია დაპირისპირება...
არის აზრი, რომ ჟვანია მიუღებელი იყო იმათთვისაც, ვინც ეწინააღმდეგებოდა მისი კაბინეტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია უცხოური კომპანიების მიერ სახელმწიფო სექტორის პრივატიზაციისკენ.”

4 თებერვლის გაზეთ “კომერსანტის” აზრით, “პრემიერის სიკვდილი დაასუსტებს ძალაუფლების პარტიას საქართველოში”, რადგან, როგორც გაზეთი წერს:

“სწორედ ზურაბ ჟვანიამ ჩამოაყალიბა ის რეგიონული პარტიული ორგანიზაციები, რომლებსაც ძალაუფლების მთელი ამჟამინდელი ვერტიკალი ეფუძნება. სერიოზული საფრთხე, რომელიც, შესძლოა,საქართველოს ხელმძღვანელობას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ელის, ესაა გაყოფა ორ ბანაკად: “ჟვანიას ხალხად” და “სააკაშვილის ხალხად”. აქამდე ისინი ერთობლივად მუშაობდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ერთიანობა შეიძლება გაქრეს.”

სააგენტო “როსბალტის” 5 თებერვლის წერილში ნათქვამია, რომ “ჟვანია, სააკაშვილისგან განსხვავებით, უფრო პროევროპული პოლიტიკოსი იყო, ვიდრე პროამერიკული და, ისევ მისგან განსხვავებით, ქარიზმას მოკლებული და ამომრჩევლებში ნაკლებად პოპულარული გახლდათ.”
სააგენტო წერს:

“ცუდად მართვადი მიხეილ სააკაშვილის შეცვლის კუთხით, დასავლეთისთვის გაცილებით საინტერესოა “ვარდების რევოლუციის” ტრიუმვირატის მესამე წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავისებურად ქარიზმატული ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დგას რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციებზე.
როგორც უნდა იყოს, სახელმწიფოს მეორე პირის დაღუპვა ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზულად ცვლის მთელ შიდაპოლიტიკურ წყობას.”

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა 7 თებერვლის საიტი წერს, რომ “თბილისში უკვე მსჯელობენ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე “პოსტჟვანიასეულ” პერიოდში”. ინტერნეტგაზეთის თქმით, “ექსპერტების უმრავლესობა იხრება იმისკენ, რომ პოლიტიკური კურსის ცვლილება არ უნდა იყოს მოსალოდნელი. მაგრამ ხელისუფლების მაღალი ეშელონების რადიკალურ და ზომიერ პოლიტიკოსებს შორის ბალანსი დაირღვევა, ხოლო ჟვანიას გარეშე ქართული პოლიტიკა “უფრო სწორხაზოვანი და უფერული გახდება”, - ნათქვამია წერილში.
XS
SM
MD
LG