Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლო არჩევანის კონტურები: ვის დაასახელებენ პრემიერ მინისტრად?


დავით პაიჭაძე, თბილისი სამ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა დაასახელოს. ჟურნალისტებმა და პოლიტიკის ანალიტიკოსებმა ზურაბ ჟვანიას დაკრძალვამდე რამდენიმე ასეთი სავარაუდო კანდიდატურა ჩამოთვალეს.

ამავე დროს, არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია. და აი, ორშაბათს პოლიტიკოსებმა დაიწყეს პრემიერის კანდიდატურაზე ლაპარაკი - ფრთხილად, ისევ გვარების გარეშე, მაგრამ გასაგები მინიშნებებით.

გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა კონკრეტიზებას თავს არიდებენ - პრეზიდენტს ამ უფლებაში შეცილებას ვერავინ გაუბედავს. ამიტომაც მათი ლაპარაკი უფრო, ვთქვათ ასე, აღწერითია; მაგალითად ელენე თევდორაძე ფიქრობს, რომ სამკუთხედის ბალანსი უნდა შენარჩუნდეს. ეს ნიშნავს, პრემიერ-მინისტრად დეპუტატს ესახება ადამიანი ნაციონალური მოძრაობის იმ შენაკადიდან, რომელსაც ადრე გაერთიანებული დემოკრატები ერქვა.

[ელენე თევდორაძის ხმა] “პერსონალიაზე ნამდვილად არ მიფიქრია. უბრალოდ, ვლაპარაკობ დაბალანსებაზე. თუმცა, მე მითხრეს, რომ პრეზიდენტს თითქმის გადაწყვეტილი აქვს, ეს სამკუთხედი იყოს შენარჩუნებული. მაგრამ ვინ არის ეს პიროვნება, ნამდვილად გამიჭირდება გითხრათ”.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან ძალიან მალე გაჩნდა მოლოდინი (გნებავთ ეჭვი ან შიშიც კი), რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელი შეიძლება დაიკავოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ეს ფიგურა, გენერალური პროკურორის პოსტზე მუშაობის შედეგად შექმნილი საკუთარი გოროზი იმიჯის მძევალია და პრემიერ-მინისტრად მისი წარმოდგენა ბუნებრივ ძრწოლას იწვევს მოქალაქეთა ნაწილში. ფუჭია, ვინმეს შეახსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომ ოქრუაშვილი დარჩება თავდაცვის მინისტრად საქართველოს ტერიტორიულიუ მთლიანობის აღდგენამდე. ოქრუაშვილის საპრემიერო პერსპექტივების გასააზრებლად საკმარისია გავიხსენოთ, რომ მას პრაქტიკულად არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია ეკონომიკაში. მთავრობას კი სწორედ ეკონიმიკურ წარმატება მოეთხოვება. მიუხედავად პოლიტიკური ძლიერებისა, ირაკლი ოქრუაშვილის პრემიერ-მინისტრობა ნაკლებ მოსალოდნელია. ამ არჩევანით პრეზიდენტი პირდაპირ ეტყვის მოქალაქეებს, რომ ამიერიდან პოლიტიკის პრიორიტეტები შეიცვალა და მთავრობაში, ეკონომიკის, ფინანსური სისტემის განვითარების ხარჯზე, ძლიერდება რესპრესიულ-მილიტარისტული შემადგენელი. ძალიან საეჭვოა, მიხეილ საკააშვილმა ეს დაუშვას.

ყველაზე იშვიათად ამ დღეებში გაისმის ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის სახელი. არადა, ნოღაიდელმა მოახერხა შევარდნაძის მმართველობის წლებშიც კი მეტ-ნაკლებად ეფექტიანი პოლიტიკა წარემართა საფინანსო სფეროში. ხოლო შარშანდელი წელი საქართველოსთვის უპერცედენტო პროფიციტით დაესრულებინა. ნოღაიდელის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მისი სიხისტე. ფინანსთა მინისტრს არ ახასიათებს მოქნილობა და საჭიროებისამებრ, კომპრომისების უნარი. პრეზიდენტისადმი სრული ლოიალობის მიუხედავად, ნოღაიდელის სიჯიუტე (გნებავთ, უწოდეთ ამას პრინციპულობა ან უდრეკობა) ალბათ, აღმოჩნდება ის თვისება, მის პრემიერად წარდგენას რომ შეუშლის ხელს. მეორე მხრივ, ზურაბ ნოღაიდელს, ზურაბ ჟვანიასთან შედარებით მცირე პოლიტიკური მასშტაბის გამო, ჩააბარებდნენ მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს და არ ექნებოდა პრეტენზია გავლენაზე ძალოვან სამსახურთა კომპეტენციისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში.

7 თებერვალს ცხადი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო დროებითი ან სუსტი პრემიერის იდეას ემხრობა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ერთმნიშვნელოვანია: ბატონი ზურაბის კალიბრის პოლიტიკოსს ახლა ნამდვილად ვერ შევარჩევთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, შესაძლოა, არც არის აუცილებელი, მაინცდამაინც ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრი ძალიან კომპეტენტური იყოს ეკონომიკურ საკითხებში და იმ საკითხებში, რეალურად მთავრობის მოქმედების სფეროს რომ განეკუთვნება”.

საკვანძო სიტყვები ნინო ბურჯანაძის ნათქვამში გახლავთ “ამ ეტაპზე”. რახან სპიკერი ასე ლაპარაკობს, ჩანს, კონკრეტული კანდიდატურაც მონიშნული ჰყავს. მაგრამ, თავშივე ვთქვით, რომ საჯაროდ კანდიდატის დასახელება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. და არა მხოლოდ კანონის ძალით.
XS
SM
MD
LG