Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქართველი ბიზნესმენის მკვლელობამ სახალხო ბანკის მომავალზე?


5 თებერვალს მოსკოვში, ვერნადსკის პროსპექტზე, საკუთარ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე მოკლეს.




წინასწარი ინფორმაციით, 38 წლის ბიზნესმენი 7 ტყვიით გამოასალმეს სიცოცხლეს დაქირავებულმა მკვლელებმა. არის ვერსია, რომ ყოველივე ეს ჯინჭარაძის ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდება, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. ისე კი, მის ქონებაზე - მათ შორის, საქართველოში არსებულზეც - ბევრს საუბრობენ სხვადასხვა კონტექსტში. ვრცელდებოდა ხმა, რომ სახალხო ბანკის უკანაც სწორედ მამუკა ჯინჭარაძე იდგა. ამან კი, ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ, ბანკის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რეალურია თუ არა ეს კითხვის ნიშანი და რა ხდება სინამდვილეში?

მას შემდეგ, რაც მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობის ამბავმა საქართველომდე ჩამოაღწია, ხალხმა ბიზნესმენის ადგილობრივ ქონებასა და მის მომავალ ბედზეც დაიწყო საუბარი. ეჭვების ადრესატად, პირველ რიგში, სახალხო ბანკი იქცა და დაისვა კითხვა, ხომ არ დაემუქრება საფრთხე ჯინჭარაძის სახელთან დაკავშირებულ ცნობილ ფინანსურ ორგანიზაციას. ხსენებული კავშირის შესახებ ვერსიები კი სხვადასხვაგვარი იყო: თუკი ერთნი ჯინჭარაძეს ბანკის პრეზიდენტად ასახელებდნენ, მეორენი მას მსხვილ აქციონერად მიიჩნევდნენ.

სინამდვილეში კი, სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის გიორგი გოგუაძის თქმით, ჯინჭარაძეს ბანკთან ბოლო დროს აღარაფერი აკავშირებდა:

(გიორგი გოგუაძის ხმა) ”მას არავითარი არც აქციები გააჩნია, არც წილი და არც არანაირი თანამდებობა არ ეკავა მას სახალხო ბანკში. აქედან გამომდინარე, ის ასოცირება, რომ ვითომ ეს პიროვნება ჩვენთან მუშაობდა ან რაიმე აქციების მფლობელი იყო, ეს ნამდვილად შეცდომაა.” (სტილი დაცულია)

სახალხო ბანკთან ჯინჭარაძის კავშირზე საუბარი მხოლოდ წარსულ დროშია შესაძლებელი:

(გიორგი გოგუაძის ხმა) ”ის გარკვეულ აქციებს ფლობდა - დაახლოებით 12 პროცენტი იყო. 2003 წლის 15 ოქტომბერს მან ეს თავისი კუთვნილი წილი გაყიდა და მას შემდეგ ბანკთან არავითარი - არც საქმიანი და არც ისე -ურთიერთობა აღარ ჰქონია.”

ამჟამინდელი კავშირის ძაფი კი, თუკი ამას კავშირი შეიძლება დაერქვას, არის მხოლოდ ის, რომ ბანკის აქციონერთა ნუსხაში მისი ყოფილი მეუღლე, წარმოშობით უკრაინელი ირინა ჯინჭარაძე ირიცხება:

(გიორგი გოგუაძის ხმა) ”ის აქციების 19 პროცენტს ფლობს სახალხო ბანკში.”

ხმებმა, რომელიც ამა თუ იმ ბანკის ირგვლივ ვრცელდება ხოლმე, თეორიულად, შესაძლოა, დამანგრეველი საბანკო პანიკა გამოიწვიოს. ამგვარ პანიკას შეუძლია ისეთი ძლიერი და სტაბილური ბანკიც კი ჩაძიროს, როგორიც სახალხო ბანკია:

(გოგიტა ცუცქირიძის ხმა) ”ვთქვათ, მოსახლეობამ გაიგო ინფორმაცია, რომ ბანკში რაღაცა ხდება, პირველი - რას აკეთებს? იწყებს ფიქრს იმაზე, რომ დეპოზიტი არ დაკარგოს (და ეს დეპოზიტები მარტო მოსახლეობის კი არ არის, ეს არის, ვთქვათ, იურიდიული პირების ანგარიშები ბანკში). მოსახლეობა მიდის ბანკში და წარმოიშობა რიგები ბანკში.” (სტილი დაცულია)

საქართველოს საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა ცუცქირიძის მიერ ნახსენები რიგები ბანკს, როგორც წესი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგანაც, კაპიტალის სხვადასხვა სფეროში დაბანდების გამო, ბანკი დეპოზიტის გატანის ყველა მსურველის ერთდროულად დაკმაყოფილებას ფიზიკურად ვერ ახერხებს. ამ დროს კი პანიკა, როგოც წესი, მძაფრდება ხოლმე და, რაც ყველაზე ცუდია, სხვა ბანკებსაც გადაედება.

როგორც ჩანს, სახალხო ბანკი და მთელი საბანკო სისტემა ამგვარ პანიკას გადაურჩა. გოგუაძე მიიჩნევს, რომ ამგვარი საფრთხე არც არსებობდა, ხოლო ცუცქირიძე ამაში თავისი თვალითაც დარწმუნდა:

(გოგიტა ცუცქირიძის ხმა) ” მე გავიარე, სხვათა შორის, რამდენიმე ფილიალთან და, როგორც ასეთი, რიგები არ ყოფილა. დღევანდელი ინფორმაციით, პანიკა არ არსებობს სახალხო ბანკთან მიმართებით.” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ საოცრად მგრძნობიარე საბანკო სფერო პანიკას ვერ იტანს. თორემ დამანგრეველი დომინოს პრინციპი, შესაძლოა, ერთმა ჭორმაც აამოქმედოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG