Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუსეთი სახელმწიფოთა ურთიერთობების განმსაზღვრელი დოკუმენტის პროექტზე მუშაობას განაგრძობენ


ხუთშაბათს თბილისში განახლდება საქართველოსა და რუსეთის ახალი, ეგრეთ წოდებული ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული კონსულტაცია.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე უხელმძღვანელებს, რუსეთისას კი - საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი.

მომავალი ხელშეკრულების დიდი ნაწილი შეთანხმებულია, თუმცა პრობლემად ყველაზე მთავარი, სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის საკითხები რჩება. საქართველო-რუსეთის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებულ გაჭიანურებულ პროცესს ნინო როდონაია გაიხსენებს:

თებერვალში ზუსტად 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, თუმცა, ამ დოკუმენტის რატიფიცირებაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უარი განაცხადა. 2000 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ახალი ხელშეკრულების მომზადების ინიციატივა გამოთქვა, რასაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დათანხმდა და მოგვიანებით სპეციალური სახელმწიფო კომისიაც შექმნა. მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ჩარჩო ხელშეკრულებად წოდებული დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილი სამთავრობო დელეგაციების პერსონალური შემადგენლობა, სხვადასხვა მიზეზით კონსულტაცია რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა, პერიოდულად ვრცელდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ პროექტზე მუშაობა უახლოეს ხანში დასრულდებოდა. 2005 წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ ჩარჩო ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ,, საქართველო რუსეთისთვის უბრალოდ მეზობელი არ არის. ჩვენს ხალხს საერთო ისტორიული ბედი და სულიერი და კულტურული ფესვები აკავშირებს. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებულნი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის სულისკვეთებით განვითარდეს. ეს სრულად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს.”

ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამდნენ, რომ შემოდგომაზე თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისას ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდებოდა. პუტინი საქართველოში არ ჩამოსულა და ჯერჯერობით არც დოკუმენტის პროექტზე მუშაობა დასრულებულა. საგულისხმოა, რომ თბილისში დასახელებულ ვადას - გასულ შემოდგომას ოპტიმისტური მაშინვე უწოდა რუსეთის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა იგორ სავოლსკიმ. მან ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში არსებული სიტუაცია უარყოფითად აისახებოდა ჩარჩო ხელშეკრულების მომზადების პროცესზე. მოსკოვისადმი საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრი განცხადების საფუძვლად იანვარში კვლავ კონფლიქტური რეგიონები იქცა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ერთის მხრივ, რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება აკეთებს განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, იგივე ხელისუფლება უკვე არცთუ ისე ფარულად, ხელს უწყობს და ეხმარება სეპარატისტულ რეჟიმებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი სარგებლობს სწორედ იმით, რომ საქართველოს დე-ფაქტო იურისდიქცია არ ვრცელდება დღეს აფხაზეთში და თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.” (სტილი დაცულია)

საქართველო-რუსეთის ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას, რომელიც თბილისში ხუთშაბათს განახლდება, წინ უძღოდა არა მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული უთანხმოება, არამედ მოსკოვის ახალი ბრალდებები პანკისის ხეობაში ტერორისტების ყოფნის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გასულ წლებში სწორედ პანკისსა და კოდორში შექმნილი სიტუაციების გამო, რამდენჯერმე შეწყდა ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება.
ოთხშაბათს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ,,რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის მთელი რიგი მიმართულებებით, პირველ ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და საერთოდ, ნორმალური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით არის გადამწყვეტი.” (სტილი დაცულია)

დღემდე საქართველომ და რუსეთმა შეათანხმეს მომავალი ხელშეკრულების მხოლოდ ის პუნქტები, რომელიც ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას შეეხება. სადავოდ რჩება მთავარი - უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები. ერთ-ერთი ვერსიით, რომლის ავტორიც რუსული მხარეა, საბოლოო შეთანხმებას ხელს უშლის დოკუმენტის პროექტის ის პუნქტი, რომელიც ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე რომელიმე მესამე ქვეყნის სამხედრო ძალის განლაგებას აკრძალავს. პრობლემად რჩება საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზებიც. ჩარჩო ხელსეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული კონსულტაციის შემდეგ, პარასკევს თბილისში სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკება განახლდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG