Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე?


აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე სოხუმის ცენტრში მოქმედებაში მოსაყვანად გამზადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას პოულობენ.

ერთი დღის შემდეგ საზოგადოების ყურადღებას ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას მხარდამჭერი ახალი ორგანიზაციის - “სახალხო ერთობის ფორუმის” - დაფუძნება იქცევს. ვინ არიან ფორუმელები და ხომ არ უკავშირდება ჩაშლილი ტერაქტი 12 თებერვლისათვის დანიშნულ ინაუგურაციას?

არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას მომხრე საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა - “აიდგილარამ", "აიტაირამ", "ახიაცამ", "თამარა შაკრილის საზოგადოებამ" და სხვებმა - "აფხაზეთის დამცველთა კავშირი" დააფუძნეს. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმში გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციები სერგეი ბაღაფშისგან პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებათა გამიჯნვის შესახებ მიღებული კონსტიტუციური კანონის უპირობო შესრულებას მოითხოვენ. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფორუმელებს ერთადერთი მიზანი - ბაღაფშ-ანქვაბის ტანდემის დაშლა - აერთიანებთ:

[ლევან კიკნაძის ხმა] “შიში აქვთ, რომ ამ ტანდემის - ბაღაფშ-ანქვაბის - ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყება წესრიგისკენ მიმართული ღონისძიებები. ეს რას ნიშნავს: კორუფცია, სამოხელეო დანაშაული. იყო ნათქვამი, რომ გადახედავენ პრივატიზაციას, იჯარით გაცემულ ობიექტებს, რამდენად სწორად არის გაცემული და ასე შემდეგ... ასე რომ, ადვილი მისახვედრია და ადვილი გამოსათვლელი, ვის არ აწყობს დღეს ბაღაფშ-ანქვაბის ტანდემი.”(სტილი დაცულია)

ფორუმში, რომელიც 9 თებერვალს დაფუძნდა, ძირითადად, ექს-პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასა და კრემლის ყოფილი ფავორიტის რაულ ხაჯინბას მომხრეები არიან გაერთიანებული. ისინი მართლაც შიშობენ, რომ, ალექსანდრე ანქვაბის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ბუტაფორიად იქცევა. “არ არის გამორიცხული ეს ადამიანები დაინტერესებული იყვნენ 12 თებერვლისთვის დანიშნული ინაუგურაციის ჩაშლით”, ამბობს ლევან კიკნაძე და 8 თებერვალს სოხუმის ცენტრში, რუსულ-აფხაზური კომპანიის - “ოქროს არწივის” - კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე, ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნით გამოწვეულ აჟიოტაჟზე მიანიშნებს. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ მომხდარი უფრო მეტად გავლენათა სფეროს გადანაწილებისათვის ბრძოლას ჰგავს.

[პაატა დავითაიას ხმა] “ უფრო მეტად კომერციული გარჩევაა ეს. იმიტომ რომ იქ დიდი ფულის ინტერესებია ჩადებული. იგივე ტურიზმის ბიზნესი და სხვა ბევრი რამ... არძინბას ქალიშვილს მადინა არძინბასაც კი ტურიზმის ბიზნესი აქვს... მიდის, რა თქმა უნდა, გავლენის სფეროების გადანაწილება.”

მართალია, ჩაშლილი, მაგრამ მაინც დაგეგმილი ტერაქტი და უცნაური მოტივით დაფუძნებული სახალხო ფორუმი - ხომ არ ნიშნავს ყოველივე ეს იმას, რომ დე ფაქტო პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ახალი ძალით იფეთქებს?

[პაატა დავითაიას ხმა] “დაძაბულობა და ურთიერთგარკვევები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ რუსეთი არ დაუშვებს იმას, რომ სერიოზული რაღაცა მოხდეს.”

და კიდევ - ხომ არ ემუქრება ჩაშლის საფრხე 12 იანვრის არჩევნებში გამარჯვებული სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციას? ლევან კიკნაძეს ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს:

[ლევან კიკნაძის ხმა] “იმ ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვიღებთ, ინაუგურაციას საშიშროება არ ემუქრება.”

ასე რომ, სოხუმში მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, აღსრულდება და არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია დათქმულ დღეს, 12 თებერვალს, გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG