Accessibility links

logo-print

საქართველოს მომავალ პარლამენტს 150 დეპუტატი ეყოლება

  • ნინო როდონაია

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და მის განხილვას საქართველოს პარლამენტი უახლოეს ხანში დაიწყებს.

ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 150-მდე უნდა შემცირდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ მომავალი პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ტექსტში რამდენიმე დაუზუსტებელი პუნქტი არსებობდა. მოგითხრობთ შესწორებულ ვარიანტზე.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაო უკვე შესრულებულია. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 235-დან 150-მდე უნდა შემცირდეს. გასული ერთი წლის განმავლობაში რიგით მეორე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, განსხვავებით პირველისგან, კანონის შესაბამისად საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა და მაშინვე კრიტიკის ობიექტად იქცა. გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ პროექტში არაფერი იყო ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა ვადით აირჩევა საქართველოს პარლამენტი:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ,,მექანიკური შეცდომა იყო, რაც გასწორდა და, როგორც იყო, 4 წლის ვადით, პირდაპირ იქნება მითითებული.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პავლე კუბლაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებათა პროექტის სრულყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრია. პარლამენტის დადგენილებით მოქმედი კომისია, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობას კვირის ბოლოს დაასრულებს. პროექტში უკვე მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა და, შესაბამისად, გასწორებულია ის შეცდომა, რომელიც, ავტორთა განმარტებით, მხოლოდ მექანიკური იყო. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კრიტიკა შეეხებოდა კიდევ ერთ დეტალს, უფრო სწორად კი, მის არარსებობას. საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულ პროექტში არაფერი იყო ნათქვამი იმის თაობაზე, თუ მომავალი პარლამენტის 150 დეპუტატიდან რამდენი აირჩევა პროპორციული და რამდენი მაჟორიტარული სისტემით. იუსტიციის საბჭოს მდივნის პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა თანაფარდობა უკვე განსაზღვრა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ,,მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვენარჩუნებინა ის თანაფარდობა, რაც იყო ახლანდელ მოდელში და შესაბამისად პროპორციულის შემცირებით გამოვიდა, რომ ასი უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, პროპორციული სიებით და ორმოცდაათი მაჟორიტარი.” (სტილი დაცულია)

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის 235 დეპუტატიდან 150 პროპორციული, 85 კი - მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. ამ წესით დაკომპლექტებულმა ბოლო პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუცია კიდევ ერთხელ უნდა შეცვალოს და მომავალი შემადგენლობა 150-მდე შეამციროს.
დეპუტატთა რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე პარლამენტში პრაქტიკულად არავინ კამათობს. ამასთან, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური რაოდენობის დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შემდეგაა შესაძლებელი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩვენ არ ვიცით 150 გვჭირდება, 120 თუ 167. ამიტომ ეს უნდა იყოს დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმასთან, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ. თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმას ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც რეკომენდაციას გვიწევს ევროსაბჭოს რეზოლუცია, ჩვენ ჩავატარებდით, მაშინ სრულიად ნათელია, რომ ორპალატიანი პარლამენტი უნდა იყოს და ქვედა პალატა შეიძლება იყოს 150 და შეიძლება იყოს 120-ც.” (სტილი დაცულია)

იდეას, რომ საქართველოს იმაზე ნაკლები დეპუტატები სჭირდება, ვიდრე ჰყავს, ქვეყნის მოსახლეობამ მხარი 2003 წლის ნოემბერში გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირა. ხალხის ნება რომ უნდა აღსრულდეს, ეს ამ დღეებში პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტმა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ორ მილიონმა სამასი ათასმა ადამიანმა თქვა, პარლამენტი არ შეიძლება იყოს 150 კაცზე მეტი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამაზე უარს იტყვის, უბრალოდ, სახეში შეაფურთხებს ორი მილიონ სამასი ათას ადამიანს.” (სტილი დაცულია)

ამგვარი არაკორექტული და არაესთეტიკური მოქმედების თავიდან ასაცილებლად პარლამენტს ტესტის ჩაბარება მოუწევს. დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას მიხეილ სააკაშვილი სწორედ ქართული პარლამენტარიზმისა და პოლიტიკური სპექტრის ტესტირებად აფასებს. პრეზიდენტის მიერ შედგენილ ამ ტესტს დეპუტატები უახლოეს ხანში ჩააბარებენ, რის შემდეგაც საქართველოს მომავალ პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული ასი და მაჟორიტარული წესით არჩეული 50 დეპუტატი გვეყოლება.
XS
SM
MD
LG