Accessibility links

logo-print

საქართველოში ”ვინდოუსის” გაქართულება დაიწყეს


საქართველოს მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს, რომლსაც კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება აქვს, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებულ ოპერაციულ სისტემა ”ვინდოუსთან”

მუშაობა ინგლისურ ან რუსულ ენაზე უწევს. ეს იმის გამო ხდება, რომ დღემდე არ არსებობს ქართულენოვანი ოპერაციული სისტემა. თუმცა კი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქცია, კომპიუტერული პროგრამებიც ქართულენოვანი უნდა იყოს. საქართველოში ამ პრობლემის გადაწყვეტა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ”ვინდოუსის” გაქართულება კიდევ ერთხელ დაიწყეს.

რუსულენოვანი “ვინდოუსი” ჯერ კიდევ 1995 წელს გამოჩნდა, მაშინ როდესაც ”მაიკროსოფტმა” მომხმარებელს ”ვინდოუს 95” შესთავაზა. მას შემდეგ “ვინდოუსის” კიდევ სამი თაობა იშვა, მაგრამ “მაიკროსოფტს” არ გასჩენია სურვილი ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროგრამული პროდუქტი შეექმნა. არადა, საქართველოში სხვადასხვა დამოუკიდებელი ჯგუფები თუ კერძო პირები ინტენსიურად მუშაობდნენ ოპერაციული სისტემებისა და პროგრამების გაქართულებაზე. ამ სფეროში ერთ-ერთმა ავტორიტეტმა, გია შერვაშიძემ, ”ვინდოუს 98”-ის თითქმის ნახევარი გააქართულა, თუმცა ამით “მაიკროსოფტი” დიდად არ დაინტერესებულა. რა იყო ამის მიზეზი?

[ნოშრე ჩხაიძის ხმა] ”ვინაიდან საქართველოში არ არის განვითარებული კომპიუტერული ინდუსტრია, ეკონომიკა ჩამორჩენილია, საავტორო უფლებებს არ იცავენ, ინტელექტუალური სამართალი იგნორირებულია, ამის გამო, გასაგებია, რომ “მაიკროსოფტს” არ აინტერესებდა ქართული მარკეტი. ამ წლების განმავლობაში მოლაპარაკებებით ნელ-ნელა დაიყოლიეს, როგორც ჩანს...”

ეს არის ნოშრე ჩხაიძე, კომპიუტერული პროგრამების გაქართულების სპეციალისტი. იგი იმასაც ამბობს, რომ “ვინდოუსის” გაქართულებით “მაიკროსოფტის” დაინტერესება იმანაც გამოიწვია, რომ კონკურენტმა ოპერაციულმა სისტემებმა, მაგალითად, “ლინუქსმა”, გაქართულებისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა.

“ვინდოუსის” ქართულად ამეტყველება “მაიკროსოფტის” ქართველმა პარტნიორმა კომპანია ”იუ-ჯი-თიმ” ითავა. იქ ჯერჯერობით თავს იკავებენ “ვინდოუსის” გაქართულების პროექტზე კონკრეტული საუბრისგან. კომპანიის პი-არ მენეჯერმა ანი ნადირაძემ მითხრა, რომ ყველაფერი გაცხადდება 15 თებერვლისთვის დაგეგმილ პრეზენტაციაზე, რომელსაც “მაიკროსოფტის” წარმომადგენელიც დაესწრება:

[ანი ნადირაძის ხმა] ”ჩვენ ვართ “მაიკროსოფტის” წარმომადგენლები საქართველოში. გვაქვს დიდხნიანი პარტნიორული ურთიერთობა და “მაიკროსოფტის” და ჩვენი ინიციატივა და სურვილი იყო, რომ “ვინდოუსის” გაქართულება განხორციელებულიყო და ამაზე მიდის საუბარი და მოლაპარაკებები.”(სტილი დაცულია)

”იუ-ჯი-თის” ტექნიკურზე უფრო მეტად ქართულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა მოუწევს. 3000-ზე მეტი კომპიუტერული ტერმინის შესაბამისი ქართული სიტყვის მოძიება არცთუ იოლი საქმეა.
ქართულად ნათარგმნი ესა თუ ის პროგრამული ტერმინი ზუსტად უნდა ასახავდეს იმ ფუნქციას, რომელსაც ის ასრულებს და ადვილად გასაგები უნდა იყოს უბრალო მომხმარებლისთვის. ნოშრე ჩხაიძეს ამ პრობლემაზე მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს:

[ნოშრე ჩხაიძის ხმა] ”როცა გავრცელდება პროგრამა, მერე თავისთავად დამკვიდრდება ტერმინები. მაგალითად, როდესაც საქართველოში შემოვიდა ინტერნეტი, მაშინ ძალიან უცხო იყო თუნდაც ”ბმული”, მაგრამ ახლა მეტ-ნაკლებად დამკვიდრდა. ასეთი ბევრი ტერმინია და ნელ-ნელა დამკვიდრდება, ასე მგონია.”

ტერმინების დამკვიდრებასთან ერთად ძვირად ღირებულ ქართულ “ვინდოუსს” ბაზრობების დახლებზე გამოტანილ, მოპარულ, არალიცენზირებულ და, შესაბამისად, იაფფასიან ინგლისურ თუ რუსულ “ვინდოუსებთან” შებრძოლებაც მოუწევს. თუ როგორ გაართმევს ამ ამოცანას თავს ჯერ არშობილი ქართული ოპერაციული სისტემა, ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG