Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - ქართულ გენერალიტეტს გადადგომის პატაკები დააწერინეს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი უკვე ერთი კვირაა ქართულ არმიას გადადგომის შესახებ პატაკდაწერილი გენერლები მართავენ. როგორც ირკვევა, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას

თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა. მიუნხენში საერთაშორისო კონფერენციაზე წასვლამდე ოქრუაშვილის მიერ ჩატარებული სკანდალური თათბირის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა “კვირის პალიტრამ” გაავრცელა. სტატიის მიხედვით, გენერალიტეტი პოლიტიკური პარტიებისადმი სიმპათიების გამო აიძულეს პატაკები დაეწერათ. თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტზე არ საუბრობს, გენერალურ შტაბში კი კომენტარებს თავს არიდებენ.



“9 თებერვალს, საღამოს 11 საათზე, მოულოდნელად დანიშნული თათბირი სულ სამიოდე წუთში დასრულდა. ამ მცირე დროში თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა მოასწრო თათბირის მონაწილე ოფიცრებისათვის “აეხსნა”, როგორ ცუდად მუშაობენ, რაც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, საკმაოდ უხეში ტონით გააკეთა” - ეს არის ციტატა “კვირის პალიტრაში” დაბეჭდილი სტატიიდან. იქვე ვკითხულობთ, რომ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მაღალჩინოსნებს მიუნხენიდან დაბრუნებამდე გადადგომის შესახებ პატაკების დაწერა მოსთხოვა და ამის მიზეზად პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფებისადმი ოფიცერთა კეთილგანწყობა დაასახელა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “კულუარული ინფორმაციით, მინისტრის ერთ-ერთი პირველი ბრალდებაა, რაც მან თათბირზევე თქვა, რომ ისინი რაღაც პოლიტიკურ თამაშს ეწევიან. თუმცა რაიმე კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ ადამიანზე არ ყოფილა. თუმცა მე ვთვლი, რომ ასეთი ბრალდებები როცა არის, უნდა დაკონკრეტდეს, იმიტომ რომ ყველა ხომ არ იქნება გარეული. ამიტომ, ყველამ რომ თავის თავზე არ მიიღოს, უნდა იყოს კონკრეტული ბრალდება და თანაც დასაბუთებული.” (სტილი დაცულია)

ეს სამხედრო ექსპერტი და “კვირის პალიტრაში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი ირაკლი ალადაშვილი გახლავთ. მის ხელთ არსებული და სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებისათვის ჩვენ გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვახტანგ კაპანაძეს მივმართეთ.

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “არა, კომენტარისაგან თავს შევიკავებ.” - რატომ? – “გარკვეული მიზეზების გამო დეტალებს ვერ გეტყვით.” - ჰქონდა თუ არა მართლა ადგილი იმ ფაქტს, რომ პატაკები დაწერეს გენერლებმა?” – “მაშინ ეს იგივე კომენტარია და კომენტარისგან თავს შევიკავებ.” (სტილი დაცულია)

ბუნებრივია, ამ ინფორმაციის დაზუსტებისათვის თავდაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით, მაგრამ, უამრავი ცდის მიუხედავად, ვერაფერს გავხდით. ახლად დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების პრესსამსახური მხოლოდ მაშინ ეკონტაქტება ჟურნალისტებს, როდესაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ გაგვიმართლა. რაც შეეხება თავად ფაქტს, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ პროფესიით იურისტმა ირაკლი ოქრუაშვილმა, სულ მცირე, არ გაითვალისწინა კანონი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრს არავითარი უფლება არა აქვს სამხედროებს რაიმე უბრძანოს, მით უფრო, ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.”

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “კანონის მიხედვით, თუ არ ვცდები, თავდაცვის მინისტრს - იგი არის სამოქალაქო პირი, სამხედრო პირი არ არის - შეუძლია რეკომენდაციის სახით ურჩიოს, უშუალო ბრძანება სამხედროებისთვის მას არ შეუძლია. ამისთვის არსებობს გენშტაბის მინისტრი და უმაღლესი მთავარსარდალი. საერთოდ, ნორმალურ ქვეყანაში ყველაფერი თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს შორის შეთანხმებით უნდა ხდებოდეს.”

იმედია, გენერალიტეტთან დაკავშირებული ვითარება თავდაცვის მინისტრის მიუნხენიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. სავარაუდოდ კი, ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიიდან თბილისში ორიოდ დღეში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG