Accessibility links

logo-print

რატომ იწვევს შიშს თურქული ავიაკომპანიის სავარაუდო დაბალი ფასები?


თბილისიდან სტამბოლში საჰაერო გზით მოხვედრის მსურველებს სერვისისა და ფასების არჩევანი ნამდვილად არა აქვთ.

ამჟამად ხსენებულ რეისზე მხოლოდ ავიაკომპანია ”თურქეთის ავიახაზები” დაფრინავს, რომელსაც, წესით, მალე (მაგრამ ჯერჯერობით უცნობია - როდის) ”საქართველოს ნაციონალური ავიახაზები” შეუერთდება. პარალელურად ვრცელდება ხმა საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი თურქული ავიაკომპანიის შემოსვლის შესახებ. თუმცა ის, მოსალოდნელი ძალიან დაბალი ფასების გამო, სახიფათო კონკურენტად მიიჩნევა. მაგალითად, ასე ფიქრობენ ”ნაციონალურ ავიახაზებში”.

თუკი სტამბოლისკენ აპირებთ გაფრენას და თბილისის ნებისმიერ ავიასალაროს მიაკითხავთ, დაახლოებით ყველგან ასეთ პასუხს მიიღებთ:

(ავიასალაროს თანამშრომლის ხმა) ”ჯერჯერობით თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებს მხოლოდ ”თურქეთის ავიახაზები”, რომელიც დაფრინავს კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს, გამთენიისას - 5 საათზე. მინიმალური (ფასი) 418 დოლარი კურსით ლარებში, მარტო იქით - სადღაც 363 დოლარი.” (სტილი დაცულია)

ეს, როგორც უკვე ითქვა, მინიმალური ფასია და თუკი ვინმეს ხელსაყრელ ფასად მოეჩვენება, მაშინ 80-დოლარიან მგზავრობას ის სრულიად უფასოდ მიიჩნევს. გავრცელებული ცნობით, სწორედ ასე დააფასებს თავის ბილეთს კიდევ ერთი თურქული კომპანია, სახელად ”ატლასი” , თუკი, რა თქმა უნდა, ის ქართულ ბაზარზე საერთოდ შემოაღწევს. ფასთა ასეთი სხვაობის ფონზე, ბუნებრივია, უკვე დამკვიდრებული ”თურქეთის ავიახაზები”, მგზავრების მოზიდვის თვალსაზრისით, საკმაოდ არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.

და სწორედ ამავე მდგომარეობაში აღმოჩენის ეშინია ადგილობრივ ავიაკომპანია ”საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებსაც”, რომელმაც მართალია ლიცენზია უკვე მოიპოვა, მაგრამ სტამბულის მიმართულების ათვისება ჯერ არ დაუწყია. კომპანია ფრენას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყებს და მისი ბილეთის ფასი ძალიან ახლოს იქნება ”თურქეთის ავიახაზების” მიერ დაწესებულ მაღალ ფასთან. ”ნაციონალური ავიახაზების” პრეს-სამსახურის უფროსი მაია მაისურაძე, ისევე როგორც კომპანიის ყველა თანამშრომელი, ”ატლასის” დაბალ ფასებს ეჭვითა და გარკვეული შიშით უყურებს:

(მაია მაისურაძის ხმა) ”შემოვა დაბალი ფასით და მერე ასწევს ფასს. ეს გააკოტრებს სხვა ავიაკომპანიებს და ბაზრისთვის არ იქნება სასურველი და მომგებიანი.”(სტილი დაცულია)

ფასთა ასეთი სხვაობა ეჭვის საფუძველს აძლევს ეკონომიკური საკითხების ექსპერტს რეზო საყევარიშვილსაც:

(რეზო საყევარიშვილის ხმა) ”კი, კი. ეგ, ალბათ, ეგრეც არის, იმიტომ რომ ეს 80 დოლარი აშკარად დემპინგს ჰგავს, ანუ: დაბალი ფასით გადაიბირებენ კლიენტურას, ამასობაში მათი კონკურენტები განიცდიან დიდ ზარალს (შეიძლება ზოგი გაკოტრდეს, ზოგი დიდ ზარალზე წავიდეს) და შემდეგ უკვე - ამ დამაგრებულ კლიენტურაზე ფასებს გაზრდიან, როგორც ხდება ხოლმე, რა... ” (სტილი დაცულია)

საყევარიშვილი ფიქრობს, რომ ასეთ ემთხვევაში სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ბერკეტები საკმაოდ ფრთხილად და დაკვირვებით უნდა აამუშაოს:

(რეზო საყევარიშვილის ხმა) ”ანტიდემპინგურ ზომებს მიმართავს სახელმწიფო, როგორც წესი, ანუ ფასის დაანგარიშება და გამოკვლევა ხდება, რამდენად რეალურია ეს ფასი, კონკურენციის კანონს რამდენად იცავენ ამ შემთხვევაში და არის კიდევ რაღაც - თვითონ სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის ავიაკომპანიას.” (სტილი დაცულია)

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი განსჯა ჯერჯერობით ნაადრევია, რადგანაც თურქული ავიაკომპანია ”ატლასის” ქართულ ბაზარზე შემოსვლა-არშემოსვლის საკითხის გარშემო ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. ის კი არა და, ლიცენზიის სამმართველოს უფროსს ზურაბ სინჯიაშვილს ისიც კი უკვირს - ვინ დააკონკრეტა, რომ ”ატლასის” ფრენა მაინცდამაინც 80 დოლარი ეღირება:

(ზურაბ სინჯიაშვილის ხმა) ”ჯერ განაცხადი, აი, ოფიციალურად არა აქვს შემოტანილი, რა. ჯერ თვითონ აქვს თურქულ მხარესთან შესათანხმებელი, თავის მხარესთან, და მერე მოვა ჩვენთან, რა. ჯერ ფასიც გაურკვეველია, ჯერ არ ვიცით. ჩვენთან წარმოდგენილი არ არის არანაირი ტარიფი ამასთან დაკავშირებით”. (სტილი დაცულია)

მაგრამ თუკი ოდესმე საქმე მაინც იაფ ფრენაზე მიდგება, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ნებართვის გაცემისას, სინჯიაშვილის თქმით, პირველ რიგში, მგზავრის მხარეს დაიკავებს. მგზავრები კი, საქართველოში ფრენის კატასტროფულად მაღალი ფასების გამო, რბილად რომ ვთქვათ, აღშფოთებულები არიან.
XS
SM
MD
LG