Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა სამინისტროში არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რატომ იმატა საქართველოში დანაშაულმა


მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება პოლიციაში დაწყებული რეფორმებით ამაყობს და საპატრულო პოლიციელს გმირის იმიჯს უქმნის,

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები დანაშაულის მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს. მონაცემები შემაშფოთებელია. მაგალითისთვის: თუ 2003 წელს 9 თვის მანძილზე ყაჩაღური თავდასხმის 652 ფაქტი გამოვლინდა, 2004 წლის 9 თვეში 1210 ასეთი ფაქტია გამოვლენილი. მკვეთრად არის გაზრდილი ავტომანქანების გატაცების, ხულიგნობის ფაქტები. თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რამ დაამძიმა კრიმინალური მდგომარეობა, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება პრობლემას მალავს, მაგრამ თავს თავად პრობლემა ვერ მალავს.

კრიმინალური ვითარების დამძიმება პარლამენტში პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებაშიც დაიმალა. მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა გმირობის მაგალითებზე ხელისუფლებისა და, საერთოდ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ილაპარაკა საპატრულო პოლიციაზე, როგორც ყველაზე თვალსაჩინო მიღწევაზე, და არაფერი თქვა დანაშაულის ზრდაზე. მან აღნიშნა, რომ კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გიორგი ბარამიძე და მასზე კიდევ უკეთესი - ირაკლი ოქრუაშვილი. ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს კი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრს, ამ საბჭოს შეკრებებზე მხოლოდ ბარამიძის მინისტრობისას იწვევდნენ. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა იმ ცვლილებების კონცეფცია, რომელთა რეალიზაციაც უკვე ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო, თუმცა ამ დროსაც და შემდგომაც მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭო დავიწყებულ იქნა. როგორც ჩანს, გაჩნდა ილუზია იმის შესახებ, რომ პოლიციაში ყველაფერი კარგადაა. პრეზიდენტმა 15 თებერვალსაც ისაუბრა პოლიციაში - და არამარტო პოლიციაში -განხორციელებული ცვლილებების შედეგებზე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “თუკი რამეს მივაღწიეთ, ეს არის ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმათ. ჩვენთან პოლიციას ენდობოდა 6 პროცენტი მოსახლეობის, ახლა ენდობა 90-ზე მეტი. “

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა]” მე ხელთ მაქვს პირველადი დოკუმენტი 2004 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ. პირდაპირ ასე ჰქვია: 2004 წელს გამოვლენილ დანაშაულთა სტატისტიკა."

პაატა ზაქარეიშვილის მიერ ნახსენები სტატისტიკით, თუ ერთი წლის წინ საქართველოში დანაშაული 56 პროცენტით იხსნებოდა, ახლა იხსნება 35 პროცენტით. 2003 წელთან შედარებით კი, 2004 წლისთვის დანაშაულის რაოდენობა 4893 ფაქტით, ანუ მთელი 95 პროცენტით, არის გაზრდილი. თბილისში 2003 წელს გამოვლენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის 1849 ფაქტი, 2004 წელს კი -3 938 ფაქტი. მატება მთელი 114 პროცენტია. ეს არის მონაცემები, რომლებსაც, ზაქარეიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქვეყნებდა, ყოველ შემთხვევაში - აქამდე.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “კეთილი ინებონ და მიჩივლონ. ავაფარებ ამ დოკუმენტებს. ჩემი კონტაქტებიდან გამომდინარე, მე მაქვს მჭიდრო ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც პოლიციაში არიან და ვერ იტანენ სიყალბეს და ამიტომ ცდილობენ მიაწოდონ ინფორმაცია იმას, ვინც ლაპარაკობს სიმართლეს, ამ შემთხვევაში - მე. ასე რომ, მე არაფერს ვიგონებ."

რატომ დამძიმდა სტატისტიკა, რას ნიშნავს ციფრები, რომლებზეც დამოუკიდებელი ექსპერტი ალაპარაკდა? ამ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ასე უპასუხებენ:

[გურამ დონაძის ხმა] "ჩვენ ჩვენს საიტზე გვაქვს ახალი მონაცემები და ეს არ ვიცი საიდან მოიტანა."

დამამშვიდებელი არც ეს მონაცემებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2004 წელს, 2003 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილა თავდასხმების, ქურდობის, ავტომანქანების გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების ფაქტებიც. მძიმე სტატისტიკურ მონაცემებს ხელისუფლებაში ახსნას უძებნიან და აცხადებენ: “ციფრები იმიტომ დამძიმდა, რომ ადრე დანაშაული იფარებოდაო.” პაატა ზაქარეიშვილი ასეთ ახსნას სიცრუეს უწოდებს და შეგვახსენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არასდროს იფარებოდა. დანაშაულის ზრდას ის პოლიციის და მთლიანად ხელისუფლების არაკომპეტენტურობას მიაწერს, წარმატებებზე ბაქიბუქს და იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პრობლემის დამალვას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG