Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელიან


საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, რომელიც პარასკევისთვისაა დაგეგმილი, წინ უძღოდა ორი ქვეყნის

ოფიციალური დელეგაციების კიდევ ერთი წარუმატებელი მოლაპარაკება.

ამ ფონზე სერგეი ლავროვის ვიზიტის დასრულებას რაიმე განსაკუთრებული შედეგით თბილისში არ ელიან. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ქვეყნისთვის აუცილებელია. მინდა საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლამდე შექმნილ სიტუაციასა და მხარეთა პოზიციებზე მოგითხროთ.

საქართველოსა და რუსეთის მრავალწლიან დაძაბულ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხოლოდ გასული ორი თვის განმავლობაში განვითარებულ რამდენიმე მოვლენას შეგახსენებთ. თუმცა ეს ფაქტები წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდება. იანვარში საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს კვლავ გამოუცხადა პროტესტი სოხუმში რუსი დეპუტატების ვიზიტის გამო და მოსკოვი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. იანვარშივე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მის ინტერესებს საქართველოს ტერიტორიიდან კვლავ საფრთხე ემუქრება, რადგან პანკისის ხეობა ჩეჩენ მეამბოხეთა თავშესაფრად რჩება. ეს ბრალდება თბილისმა კატეგორიულად უარყო და მას შემდეგ, რაც, რუსეთის მოთხოვნით, საზღვარზე ეუთოს მონიტორინგი შეწყდა, მოსკოვი ახალი პროვოკაციისთვის საფუძვლის მომზადებაში დაადანაშაულა. თბილისში ლავროვის ვიზიტამდე უშედეგოდ დასრულდა საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებასა და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისმა კეთილი ნება გამოხატა და მოსკოვს შესთავაზა ერთი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, თუმცა რუსეთი უკვე არსებული ბაზების შენარჩუნებასა და მათთვის მხოლოდ სახელის შეცვლას მოითხოვს. ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე მოსკოვში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ამასწინანდელი ვიზიტისას იმსჯელეს. რუსეთის ელჩის ვლადიმირ ჩხიკვიშვილის განცხადებით, შეთანხმებული პოზიცია არ დაემთხვა იმ მოსაზრებებს, რომელიც თბილისში ჩამოსულმა რუსულმა დელეგაციამ მოისმინა:

[ვლადიმირ ჩხიკვიშვილის ხმა] ,, იმას, რაც ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა გადმოგვცეს, რა თქმა უნდა, სჭირდება სერიოზული გააზრება და ახალი მიდგომა. ვფიქრობ, რომ ეს ბატონი ლავროვის ვიზიტისას მოხდება.”

,,იმედია, რომ ლავროვის ვიზიტი მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის არ იქნება,” - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას აუცილებლად მიიჩნევს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ,,მე მგონი, რომ რუსეთისთვისაც უნდა იყოს სასურველი. ბოლოს და ბოლოს, რამდენ ხანს შეიძლება გაიბუტო იმის გამო, რომ უკრაინამ ამოირჩია სუვერენულად დემოკრატიული გზა, ან საქართველომ ამოირჩია. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ის რეალობა, რომელსაც უნდა შეეგუოს რუსეთი.” (სტილი დაცულია)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისგან რაიმე განსაკუთრებულ შედეგს არ ელიან საქართველოს პარლამენტში. ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ კომპრომისებზე მხოლოდ თბილისი თანხმდება, მოსკოვი კი ჯერჯერობით რეალური თანამშრომლობის სურვილს არ გამოხატავს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბატონმა ლავროვმა არაორდინარული წინადადებები ჩამოიტანოს მოსკოვიდან და დაგვარწმუნოს იმაში, რომ რუსეთი მართლაც განწყობილია სათანამშრომლოდ.” (სტილი დაცულია)

თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს იმედი გამოთქვა, რომ თბილისში მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესის მიღწევას. ამ ურთიერთობის უმთავრეს პრობლემად კვლავ სამხედრო ბაზები რჩება. ლავროვის ვიზიტის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ შესაბამისი მოლაპარაკება სასურველ შედეგს არ გამოიღებს, რუსული ბაზების არსებობა უკანონოდ გამოცხადდება. ჟურნალ ,,იტოგის” მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლავროვი აღნიშნავს, რომ რუსეთი მზად არის პატივი სცეს სხვა ქვეყნების იმ ეროვნულ ინტერესებს, რომელიც მისთვის გასაგებია. ჯერჯერობით სამხედრო ბაზების საკითხი მოსკოვისთვის გასაგებ და მისაღებ ქართულ ინტერესთა შორის არ ფიგურირებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG