Accessibility links

logo-print

საქართველოს მოსახლეობა 3 წლით ”დაბერდა”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის დაბერების ტენდენცია მკაფიოდ გამოიკვეთა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოსახლეობა 3 წლით დაბერდა.

დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში შრომითი რესურსების კლებასაც იწვევს და დამატებით ტვირთად აწვება ისედაც სუსტ საპენსიო უზრუნველყოფას. მინდა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და შრომითი რესურსების მიგრაციის თაობაზე გესაუბროთ.

საქართველოში ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი თანდათანობით მცირდება და, სამაგიეროდ, მოხუცებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია იკვეთება. - ასეთია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც 1992-2003 წლებში საქართველოს დემოგრაფიული აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით მის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში იქნა დაფიქსირებული.

გამოკველევის თანახმად, საქართველოში მწვავედ დგას ახალგაზრდების - ანუ შრომისუნარიანი და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის - ემიგრაციის პრობლემა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც უნდა შექმნან დოვლათი. თუ 40-დან 50 წლის ასაკამდე ადამიანების წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში არის მხოლოდ 40 პროცენტი, სქართველოდან გასულთა შორის მათი წილი 86-90%-ია.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოსო არჩვაძე მზარდ ემიგრაციასა და ამ მხრივ არსებულ უარყოფით სალდოზე საუბრობს:

[სოსო არჩვაძის ხმა] “გასაგები მიზეზების გამო, 90-იანი წლების დასაწყისიდან დემოგრაფიულმა მდგომარეობამ საქართველოში ძალზე მძიმე ფორმა მიიღო და ის არა მარტო წმინდა სოციალურ პრობლემად, არამედ, გარკვეულწილად, სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცა: მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის რიცხოვნება მიგრაციის ხარჯზე, თითქმის ორჯერ დაეცა შობადობა და ამან, მოსახლეობის მოკვდავობის რიცხოვნების შენარჩუნების პირობებში, მოგვიყვანა იქამდე, რომ ბუნებრივი მატება თითქმის ნულზე დავიდა, ხოლო აქტიური მიგრაციის - ანუ მიგრაციის უარყოფითი სალდოს - გამო საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად კლებულობდა.” (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც სოსო არჩვაძე ამბობს, მიგრაციის თვალსაზრისით, პიკური იყო 2000-2001 წლები, როცა მოსახლეობის ბუნებრივი მატება და რიცხოვნება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. შემდეგ კი დაიწყო სიტუაციის ოდნავი გაუმჯობესება, თუმცა, ზოგადად, მოსახლეობის მატებისათვის ეს საკმარისი არ არის. სოსო არჩვაძის თქმით, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა კლებულობს:

[სოსო არჩვაძის ხმა] “1990 წელს საქართველოში დაიბადა 93 ათასი ბავშვი, 3 ათეული წლის წინ - 1962 წელს კი - 106 ათასი. ამჟამად წელიწადში საშუალოდ 45-დან 50 ათასამდე ბავშვი იბადება, რაც სრულიად არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.”

საინტერესოა, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საშუალო ასაკმა იმატა და მოსახლეობა დაახლოებით 3 წლით დაბერდა. რიცხოვნების კლება, ემიგრაციულ პრობლემებთან ერთად, მძიმე სოციალურ ფონს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მასობრივი უმუშევრობის პრობლემაა, შრომისუნარიანი მოსახლეობის კლება, სტატისტიკოსების აზრით, ცოტა ხანში შრომითი რესურსების სერიოზულ დეფიციტს შექმნის. ამან კი შეიძლება მეზობელი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის იმპორტი გამოიწვიოს. სხვათა შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, თითქმის თანაბარი ეკონომიკური მდგომარეობის პირობებშიც, საქართველოსთან შედარებით დემოგრაფიული სიტუაცია გაცილებით პოზიტიური აქვთ.
XS
SM
MD
LG