Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში კიოტოს ოქმის სანაცვლო ზომებს მიმართავენ


ოთხშაბათს ძალაში შედის კიოტოს ოქმი, რომელმაც ატმოსფეროში მავნე გაზების ემისია უნდა დაარეგულიროს და რომელშიც არ მონაწილეობს შეერთებული შტატები,

ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა „სათბურის გაზების” ყველაზე დიდი გამომყოფი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას, ამერიკაშიც მიმართავენ ამ ოქმით გათვალისწინებულ მთელ რიგ ზომებს. ერთ წელზე მეტ ხანს არსებობს ე.წ. ჩიკაგოს კლიმატის ბირჟა, რომელიც ემისიონერებს მოუწოდებს, გაიზიარონ „ლიმიტისა და ვაჭრობის” პრინციპზე დამყარებული მისი მიდგომა. რას ნიშნავს ყოველივე ეს?

კლიმატის ცვლილების თაობაზე ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების ამოსავალი პრინციპია „ემისიებით ვაჭრობა”, რაც ევროპის ქვეყნებში გამოიყენება.

პრინციპი ამერიკის მოთხოვნით იქნა შეტანილი კიოტოს ოქმში. მაგრამ საბოლოოდ თავად შეერთებული შტატები ოქმს არ შეუერთდა. ევროპა კი ემისიებით ვაჭრობის სტრატეგიის განხორციელებას შეუდგა.

მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების მრეწველობის მცირე სეგმენტი მაინც ერთგული დარჩა კიოტოსი. ჩიკაგოს კლიმატის ბირჟის სახით შეიქმნა კერძო სისტემა, რომელიც ემისიას არეგულირებს. 82 წევრს შორის არიან „ფორდი”, „მოტოროლა”, „დიუპონი” და სხვები.
როგორც ჩიკაგოს კლიმატის ბირჟის თავმჯდომარემ, რიჩარდ სანდორმა განუცხადა ჩვენი რადიოს ნიუ იორკელ კორესპონდენტს, რობერტ მაკმეჰონს, ბირჟის წევრების მოტივაცია ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მათ სურთ, მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
კიოტოს ხელშეკრულების ევროპელმა წევრებმა მიიღეს გეგმა, რომლის თანახმად, 12 000 სამრეწველო საწარმოზე გაიცემა ემისიის შეზღუდული რაოდენობის ნებართვები. იმ კომპანიებს, რომლებიც ნებადართულზე ნაკლებ ემისიას ახდენენ, შეუძლიათ მორჩენილი ნებართვები იმ კომპანიებს მიჰყიდონ, რომლებიც ემისიის ლიმიტს აჭარბებენ. ამ პრინციპის მიზანია, საბაზრო მეთოდებით მოახდინოს ემისიის შემცირება.

ამავე პრინციპით მოქმედებს ჩიკაგოს სისტემა. მისმა წევრებმა ნებაყოფლობით ივალდებულეს 2006 წლამდე ემისიის შემცირება 4 პროცენტით 1998-2000 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. სანდორის თქმით, ამ მიზანს მათ უკვე დიდი ხანია გადააჭარბეს. რაც მთავარია, პრინციპი მომგებიანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

[სანდორის ხმა] „ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სანამ ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას შეძლებთ, უნდა გაზომოთ ეს ემისია. თავად გაზომვის აქტი გამოავლენს წყაროებს, რომლებშიც შეიძლება ზედმეტ ენერგიას იყენებთ ანდა ზედმეტს იხდით მისთვის. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, სად შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული ეგერგიის ნაცვლად განახლებადი ენერგია. როცა ყურადღებას არ აქცევთ საწვავის ყოველდღიურ ხარჯებს, ამ საკითხებზე არ ამახვილებთ ყურადღებას.”

კლიმატის ბირჟის ამერიკული ვარიანტი შეიქმნა ამერიკაში 90-იან წლებში დიდად წარმატებული ინიციატივის მიხედვით, რომელიც გოგირდის დიოქსიდის ემისიის შემცირებას ისახავდა მიზნად. მართალია, გოგირდის დიოქსიდის შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო მცირე მასშტაბის ემისიასთან გვქონდა, მაგრამ რიჩარდ სანდორი, რომელიც თავის დროზე გოგირდის დიოქსიდის ბირჟის შექმნაშიც მონაწილეობდა, მრავალ პარალელს ხედავს მაშინდელ ინიციატივასა და ამერიკაში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების თაობაზე ამჟამად მიმდინარე დისკუსიას შორის.

[სანდორის ხმა] “გავრცელებული იყო აზრი, რომ გოგირდის დიოქსიდის ლიმიტი ვერასოდეს განხორციელდებოდა და რომ ამერიკის კომპანიები არ შეამცირებდნენ მის ემისიას... მაგრამ 80-იანი წლებიდან დღემდე 50 პროცენტით შევძელით მისი შემცირება. ამასთან, ეს ეკონომიკისთვის თითქმის არავითარ ხარჯებთან არ ყოფილა დაკავშირებული; ამ შემცირებამ დიდი სოციალური მოგება მოიტანა; დაბოლოს: უკანასკნელად როდის გსმენიათ ამერიკაში მჟავის წვიმების შესახებ?”

ეს გახლდათ ჩიკაგოს კლიმატის ბირჟის თავმჯდომარე რიჩარდ სანდორი, რომელსაც ჩვენი რადიოს ნიუ იორკელი კორესპონდენტი რობერტ მაკმეჰონი ელაპარაკა.

ჩიკაგოს კლიმატის ბირჟა კერძო ფონდის მიერ გაცემული 400 ათასი დოლარი გრანტით დაფუძნდა. ამჟამად მას 25 მილიონი დოლარი კაპიტალი მოეპოვება და იმედიანად უყურებს შემდგომი ფაზის განხორციელებას 2006-2010 წლების პერიოდში.
XS
SM
MD
LG