Accessibility links

logo-print

გაუადვილდებათ თუ არა მესაკუთრეებს თავიანთი ქონების კაპიტალად გადაქცევა


15 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ბანკების ასოციაციამ და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ხელი მოაწერეს ერთობლივ

მემორანდუმს თანამშრომლობის გაუმჯობესების თაობაზე. მემორანდუმის ხელმომწერებს იმედი აქვთ, რომ მათი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მცირე კრედიტების მიღების პროცედურის გამარტივებას, განსაკუთრებით - სოფლად. ამ მოლოდინის რეალურობაში დასარწმუნებლად მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ საპილოტო პროექტი განახორციელონ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბანკების ასოციაციისა და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ერთობლივი მემორანდუმის შემუშავებას წინ უსწრებდა სემინარი. მასზე ის პრობლემები განიხილეს, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს მესაკუთრეთათვის მცირე და საშუალო კრედიტების მიცემას. არადა, კრედიტების გაცემის მოქნილი მექანიზმის გარეშე საქართველოში ბიზნესის გამოცოცხლება და ეკონომიკის განვითარება მხოლოდ აუხდენელ ოცნებად დარჩება.

საქართველოს ბანკები საკრედიტო რესურსების ნაკლებობას არ უჩივიან, თუმცა კრედიტის მიღება საკმაოდ რთულია. ქართული ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა კრედიტის გარანტად ლიკვიდურ უძრავ ქონებას ითხოვს, თანაც ეს პირობა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებზე ვრცელდება.


კრედიტის აღება თითქმის აუხდენელ ოცნებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობით დაკავებული ბიზნესმენისთვის, რადგან სასოფლო მიწები ბანკებისთვის ღირებულ ქონებას არ წარმოადგენს.

[დავით ეგიაშვილის ხმა] ”ამის მიზეზი არის მრავალი. ერთ-ერთი სეგმენტი არის კანონმდებლობა და მასში არსებული ბიუროკრატიული მექანიზმები. მეორე მხრივ, არ არის მიწის შეფასების სისტემა.”(სტილი დაცულია)

ეს არის დავით ეგიაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. მას იმედი აქვს, რომ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდება, ანუ ბიუროკრატიული ბარიერები შემცირდება. მაგალითისათვის, ამჟამად საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო კრედიტის აღების მსურველ ფერმერს ერთ თვეზე მეტი სჭირდება საჯარო რეესტრის საბუთების მოსაგროვებლად.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა პროცედურების დახვეწა 1 თვის განმავლობაში მართლაც შესაძლებელია:

[ჯაბა ებანოიძის ხმა] ”რაც არ უნდა გაუმჯობესდეს პროცედურები, ეს არ ნიშნავს, რომ მიწას ფასი მოემატება. ამას სჭირდება მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმები.”

მემორანდუმის ხელმოწერა რომ ერთ დღეში არ შეცვლის ბანკების დამოკიდებულებას უძრავი ქონების მიმართ, ეს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებიდანაც ჩანს:

[ზურაბ გვასალიას ხმა] ”მე იმასაც ვერ დაგპირდებით, რომ ვინაიდან ხელი მოვაწერეთ, თუნდაც ორი თვის შემდეგ ბანკები დაიწყებენ კრედიტების გაცემას.”

ეს იყო ზურაბ გვასალია, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი. თუ რა შედეგს გამოიღებს მისი და მემორანდუმის ხელმომწერი სხვა მხარეების ძალისხმევა, ეს ქართულ ეკონომიკაზე ახლო მომავალში აისახება.
XS
SM
MD
LG