Accessibility links

თბილისის 55-ე საშუალო სკოლა განათლების სამინისტროს უპირისპირდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი თბილისის ერთ-ერთი ელიტარული სასწავლებლის, 55-ე საშუალო სკოლის, მასწავლებლები და მოსწავლეები განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ისინი არ ეთანხმებიან კახა ლომაიას მიერ თანამდებობიდან სკოლის დირექტორის პარმენ მარგველაშვილის დათხოვნას და აცხადებენ, რომ სკოლაში არავითარი ძალდატანებითი გადასახადები არ არსებობდა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს. პარმენ მარგველაშვილი განათლების მინიტრს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ მას პოლიტიკური შეხედულებების გამო სდევნიან.

[პარმენ მარგველაშვილის ხმა] “სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ თქვენი დირექცია, დირექტორი აბსოლუტურად მართლები არიან კანონის წინაშე, ღვთის წინაშე და თქვენ წინაშე. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით და ვიბრძოლებთ.” (სტილი დაცულია)

ასე მიმართა 55-ე სკოლის კიბეებთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს განათლების მინისტრის მიერ კორუფციაში ეჭვმიტანილმა და სამსახურიდან დათხოვნილმა პარმენ მარგველაშვილმა. აქციაზე იგი მოგვიანებით გამოჩნდა, მანამდე უკმაყოფილებას ბავშვებიცა და მოზრდილებიც სტიქიურად გამოხატავდნენ. შემდეგ კი აქციის გაძღოლას და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას ოპოზიციური მოძრაობა “წინ საქართველოს” ლიდერები ცდილობდნენ. მათ შორის იყო ირაკლი ბათიაშვილიც, რომელიც პარმენ მარგველაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიუთითებდა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “მე მინდა გითხრათ, რომ ის არის ჩვენი მოძრაობის, “წინ საქართველოს”, აქტიური ინიციატორი და დამფუძნებელი და, როგორც ჩანს, ამიტომ ხდება მასზე ზეწოლა და არ გამოვა, რა, ასე ეს საქმე.” (სტილი დაცულია)

სკოლის მოსწავლეების მშობელთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი სასწავლებელში არსებული კორუფციის შესახებ ანონიმური წერილები და ზარები გახდა:

[მშობელი] “იცით, რა, ორი ანონიმური ზარის გამო ასე არ შეიძლება. ის თუ ანონიმურია, ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ სახელებიც და გვარებიც, რომ ნამდვილად ვეთანხმებით. არანაირი ძალადობა. ეს იყო ფონდი, სადაც ჩვენი ბავშვები იყვნენ გამთბარი და გაღუღუნებულები. მე მშობელი ვარ, კერესელიძე ვარ და შემიძლია განგიცხადოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ.”

თუმცა იყვნენ ისეთებიც, მართალია, შედარებით მცირედნი, რომლებიც საპირისპირო აზრისანი იყვნენ:

[მშობელი] “კორუფციაა მაგარი, ძალიან დიდი კორუფცია. როგორ - ასოცი ლარი! მე ორას ორმოც ლარს ვიხდიდი და სად წავიდა ეს ფული! იცით, რა, მე არც ხელმოწერა მქონია ამ ხელშეკრულებაზე, ეს ხელშეკრულებაც იყო ძალდატანებითი.”

აქციის მონაწილე ბავშვები, რომლებიც აშკარად კმაყოფილები იყვნენ ჟურნალისტებსა და ვიდეოკამერებთან ურთიერთობით, პარმენ მარგველაშვილისადმი მხარდჭერას ღიად გამოხატავდნენ:

[სკოლის მოსწავლე] “მცდარია ყველაფერი, ლომაია სულ იტყუება, იმიტომ რომ პოლიტიკურად უსწორდება. მაგის წინააღმდეგ რომ წავიდა და არ უჯერებს, იმიტომ დაიწყო ეგეთი ისინი.” (სტილი დაცულია)

საპროტესტო აქცია 55-ე სკოლასთან დაახლოებით ერთ საათში დაიშალა, თუმცა მისი მონაწილეები - მათ შორის, პარმენ მარგველაშვილიც - არ აპირებენ განათლების მინისტრისადმი დამორჩილებას და განზრახული აქვთ, სკოლის ცხოვრება ჩვეული რიტმით გააგრძელონ. თავის მხრივ, განათლების სამინისტრო ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.
XS
SM
MD
LG