Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის წლიური ანგარიში


ზურაბ ჟვანიას მთავრობის დამტკიცებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. თუმცა იმის გამო, რომ მინისტრები საკადრო გადაადგილების პროცესში არიან ჩართულნი,

ეს საიუბილეო თარიღი ბევრს არც კი გახსენებია. გამონაკლისს წარმოადგენს იუსტიციის მოქმედი მინისტრი გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც, კოლეგებისაგან განსხვავებით, თავი ვალდებულად მიიჩნია საზოგადოების წინაშე წლიური ანგარიშით წარმდგარიყო. მოხერხდა თუ არა იუსტიციის სამინისტროში სტრუქტურული რეფორმების დაწყება, როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი პაპუაშვილის ერთწლიან მოღვაწეობას და რას ფიქრობენ ისინი სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ?

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მყოფმა გიორგი პაპუაშვილმა საკუთარი მოღვაწეობის ერთი წელი შეაჯამა. მინისტრი გასულ საანგარიშო წელს წარმატებულს უწოდებს და ნათქვამს სათანადო არგუმენტებითაც ამაგრებს. პაპუაშვილი არცთუ სიამაყის გარეშე აცხადებს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მოხერხდა სახელმწიფო რეესტრის შექმნა, პენიტენციალური სისტემის რეფორმის დაწყება და პრობაციის ეფექტური სისტემის დანერგვა; ნოტარიატისა და სისხლის სამართლის სისტემების რეფორმირება. თუმცა პაპაუშვილი იმასაც ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი:

[გიორგი პაპუშვილის ხმა] “წარუმატებლობაზე ვერ ვისაუბრებ, არ მახსენდება, მაგრამ რაც შეეხება გასაკეთებელ საქმეებს, ეს არის სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტის ამოქმედება, რაც გეგმაში იყო და მისი განხორციელება არ დაიწყო; ეს არის სააღსრულებო სისტემის მხარდაჭერა, ტექნიკური აღჭურვა, მათი ქსელში ჩართვა და სხვა, დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა.”

პაპუაშვილის თქმით, ყოველივე ამის გაკეთება დროის უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა. სხვა მხრივ, საკმაოდ დიდი წარმატებები იქნა მიღწეული ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. თუმცა მინისტრის ამ აზრს “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი თეა თუთბერიძე, რბილად რომ ვთქვათ, არ იზიარებს:

[თეა თუთბერიძის ხმა] “ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თავის დროზე შემჩნეული იყო ქრთამის აღებაში, ეგრეთ წოდებული “ობშიაკების” აკრეფაში და ასე შემდეგ, ეს ადამიანები რჩებიან, სამწუხაროდ, თავიანთ თანამდებობებზე. ამ პრობლემის მოგვარება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა ასევე ის, რომ ადამიანი, რომელიც შემჩნეული იყო დანაშაულებრივ ქმედებაში, - რამდენიმე პატიმრის ცემაზე მაქვს საუბარი, - ის ადამიანი არათუ განთავისუფლებული იყო, არამედ გადაყვანილი იქნა სხვა სასჯელთაღსრულების დაწესებულების დირექტორად.”(სტილი დაცულია)

სულ სხვა სახის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თინათინ ხიდაშელი, რომლის თქმითაც, სამინისტროში დაწყებულ რეფორმებს, საკადრო ცვლილებაზე მეტად, სათანადო კონდიციამდე მიყვანა სჭირდებოდა:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] “უფრო მეტი პრობლემა წარმოიშვება მომავალში არა იმის გამო, რომ ვიღაც კარგი მინისტრია და ვიღაც კი ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ამ ტიპის რეფორმებს, რომელიც ამ სამინისტროში დაიწყო პაპუაშვილის მინისტრობის დროს, სჭირდებოდა ამ ადამიანის მიერ რაღაც კონდიციამდე მაინც მიყვანა, იმიტომ რომ მას აქვს ხედვა, აქვს ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც, მე ვფიქრობ, კოტე კემულარიას შემთხვევაში არ არის და ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ ფორმით მოხდება ყველაფრის გაგრძელება, როგორც დაიწყო.”(სტილი დაცულია)

საკადრო ცვლილების თანახმად, რაზეც თინათინ ხიდაშელი საუბრობდა, იუსტიციის მინისტრის პოსტს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია დაიკავებს. თავად გიორგი პაპუაშვილი კი გარემოს დაცვის მინისტრი გახდება. იუსტიციის მომავალი მინისტრი ამბობს, რომ, თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებების გატარებას არ აპირებს:

[კოტე კემულარიას ხმა] “რაღაც განსაკუთრებულს ნაღდად არ ვაპირებ, იმიტომ რომ ვიცი, ოპტიმიზაცია მოხდა კადრების, საკმაოდ სერიოზული მუშაობა ჩატარდა ტრენინგის თვალსაზრისითაც. ვნახოთ, ეს ყველაფერი მუშაობაში გამოჩნდება.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG