Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს?


ე.წ. "ვარდების რევოლუციის" დღეებში ბევრი საუბრობდა ედუარდ შევარდნაძის მომავალ ბედზე. ზოგი ფიქრობდა, რომ საქართველოს მრავალწლიან ლიდერს

- ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში - სამშობლოში აღარ დაედგომებოდა და სადმე უცხოეთში მოუწევდა თავშესაფრის ძიება. მაგრამ ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელებმა შევარდნაძეს ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს და ეს უკანასკნელიც საქართველოში ცხოვრებას განაგრძობს. როგორი ბედი ეწევა უკრაინაში მომხდარი "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ შევარდნაძის ყოფილ კოლეგას, ლეონიდ კუჩმას, რომელსაც, საქართველოს ექს-პრეზიდენტისა არ იყოს, ბიოგრაფიას კომუნისტური წარსული უმძიმებს? ეს თემა უკრაინაში სულ უფრო აქტუალური ხდება.

როგორც ჩანს, ლეონიდ კუჩმას, ედუარდ შევარდნაძისგან განსხვავებით, პენსიაზე "მშვიდად" წასვლის საშუალებას არავინ მისცემს. ის ადამიანები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას ახლა ჩაუდგნენ სათავეში, კუჩმას ხომ ათასგვარ დანაშაულში სდებდნენ ბრალს: კორუფციით დაწყებული და იარაღით უკანონო ვაჭრობით დამთავრებული; რომ აღარაფერი ვთქვათ, პოლიტიკურ ოპონენტთა თუ რეჟიმის კრიტიკოსთა ფიზიკურ განადგურებაზე (გავიხსენოთ თუნდაც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დღემდე გაუხსნელ მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალი).

ყველა ეს ბრალდება ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია, მაგრამ კუჩმას თავზე საავდრო ღრუბლები რომ იკრიბება, აღარავის აეჭვებს. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ვალენტინას მიტე ესაუბრა კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის პროფესორს იგორ ლოსევს, რომლის თქმით, უკრაინის ახალმა ლიდერებმა უკვე დაიწყეს კუჩმას მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამოძიება.

[იგორ ლოსევის ხმა] "ტიმოშენკოს ახალმა მთავრობამ უკვე დააყენა საკითხი კუჩმასთვის ყველა იმ შეღავათის მოხსნის შესახებ, რომელიც მას წინა მთავრობამ მიანიჭა."

შეღავათები კი ლეონიდ კუჩმას მართლაც უხვად აქვს: მაღალი პენსია, ორი ავტომანქანა, მძღოლი, მზარეული, შინამოსამსახურე და ბევრი სხვა. თუ ბრალდებები დადასტურდა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ამ სიკეთესთან გამოთხოვება მოუწევს. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ფიქრობენ, ახალი ხელისუფლება თავიდან იმ საფუძვლის მორყევას ეცდება, რომელსაც კუჩმას ძალაუფლება ემყარებოდა. მაგალითად, სულ ახლახან პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ გააუქმა კრივოი როგის მეტალურგიული ქარხნის პრივატიზაციის კონტრაქტი, რომლის თანახმად ქარხნის თანამფლობელებად კუჩმას სიძე ვიქტორ პინჩუკი და ცნობილი დონეცკელი ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი გამოცხადდნენ.

როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ეწევა არაერთ სხვა საპრივატიზაციო გარიგებასაც. ყოველ შემთხვევაში სამშაბათს ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მთავრობა 40-მდე მსხვილი საპრივატიზაციო კონტრაქტის გადასინჯვას აპირებს.

მაგრამ ლეონიდ კუჩმას მიმართ გამოთქმულ ბრალდებათა შორის უმძიმესად უთუოდ გიორგი ღონღაძის მკვლელობის შეკვეთა უნდა ჩაითვალოს. ალბათ გახსოვთ, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი, ეროვნებით ქართველი ჟურნალისტი 2000 წელს მოიტაცეს და მოკლეს დაუდგენელმა პირებმა. მოგვიანებით კი გაჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც კუჩმა თავის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კრავჩენკოს ეუბნება, მომაცილეთ ეს კაცი, გადააგდეთ, სულაც ჩეჩნებს ჩაუგდეთ ხელშიო. თვით კუჩმა ამტკიცებს, რომ აუდიოჩანაწერი ყალბია და რომ მას ღონღაძის მკვლელობასთან არაფერი ესაქმება.

ასე თუ ისე, როგორც პროფესორი ლოსევი ამბობს, ახალ მთავრობას სერიოზული გამოძიების ჩატარება მოუწევს.

[იგორ ლოსევის ხმა] "ახალი ხელისუფლება, უბრალოდ, იძულებული იქნება, კუჩმას მიმართ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, რადგან საზოგადოება, რომელმაც ამ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ვერ გაიგებს, თუ კუჩმა, ასე ვთქვათ, "მშვიდად" გაუშვეს პენსიაზე. ეს მათთვის იმის ნიშანი გახდებოდა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება კუჩმას ხელისუფლების უშუალო მემკვიდრეა."

კიდევ ერთი ექსპერტი, კიევის როზუმკოვის სახელობის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო გვახსენებს, რომ აქამდე უკრაინაში ყველა ყოფილი პრეზიდენტი "არაოფიციალური იმუნიტეტით" იყო აღჭურვილი. და ვიდრე ქვეყანაში კანონი მართლაც უზენაესი ინსტანცია გახდებოდეს, გარკვეული დრო უნდა გავიდეს.

[ალექსანდრ ლიტვინენკოს ხმა] "საქმე ის არის, რომ უკრაინაში ახლა ყველაფერი პარალელურად ხდება. ახლებურად ყალიბდება სამართლებრივი აზროვნება, იქმნება ახალი სამართლებრივი ბაზა, ახალი პოლიტიკა... ეს ყველაფერი პარალელურად მიმდინარეობს."
XS
SM
MD
LG