Accessibility links

logo-print

უზენაესი სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში

  • ნინო როდონაია

მინისტრთა ახალ კაბინეტში, რომლის შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ხუთშაბათს უნდა დაამტკიცოს, პრემიერ-მინისტრს თუ არ ჩავთვლით,

სამი ცვლილებაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ამჯერად იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებული კოტე კემულარიას მოღვაწეობის ზოგიერთ დეტალს გავიხსენებ.

ხობში დაბადებულმა კოტე კემულარიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს დაამთავრა, ჯერ სოხუმის, შემდეგ კი ქუთაისის პროკურატურის გამომძიებლად მუშაობდა, იყო ჭიათურის პროკურორი და გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. პროკურატურის სისტემა კემულარიამ 90-იანი წლების დასაწყისში დატოვა და ზვიად გამსახურდიას მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა. საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ კოტე კემულარია რუსეთში გაემგზავრა. ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელ იურიდიულ კომპანიას, 1999 წელს კი, მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიით, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. შევარდნაძის პარტიაში განხეთქილების შემდეგ კემულარია ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წარმომადგენლად იქცა. ნოემბრის რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე მოსკოვში გაემგზავრა, რამაც არაერთი ვერსია წარმოშვა. თავად კემულარიამ, რუსეთიდან დაბრუნებულმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში პირადი საქმის გამო იმყოფებოდა. რევოლუციიდან ორ თვეში კოტე კემულარია რუსეთის დედაქალაქში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით დაბრუნდა. ამ პოსტზე მოღვაწეობა მან რუსეთთან ურთიერთობაში რაიმე საგრძნობი პროგრესის გარეშე დაასრულა და გასული წლის ივნისიდან ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,მე მადლობელი ვარ ბატონი კოტე კემულარიასი, რომელმაც სერიოზული პროცესები დაიწყო და, ალბათ, ამას სერიოზულად განავრცელებს ახალ თანამდებობაზე, სადაც ის ასევე იქნება იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კემულარიას მადლობა გადაუხადა პარლამენტში გამოსვლისას, მოსამართლეების საკმაოდ მკაცრი კრიტიკის ფონზე. უზენაეს სასამართლოში კემულარიას მიერ დაწყებული მადლობის ღირსი პროცესი უცნობია იურისტ დავით უსუფაშვილისთვის:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ,,მე არ ვიცი პროცესი, რომლის გამოც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მადლობას ვეტყოდი. შესაძლოა, პრეზიდენტმა რამე მეტი იცის და, ცხადია, უნდა იცოდეს.” (სტილი დაცულია)

რამდენიმე წლის წინ კოტე კემულარია ინვალიდთა ლიგაში ფინანსური დარღვევების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა და გენერალურმა პროკურატურამ, სადაც თავადაც უმუშავია, რამდენჯერმე დაკითხა. ცხოვრების ამ ეპიზოდის კომენტირებისას კემულარია აცხადებდა, რომ მის დისკრედიტირებას შევარდნაძის ხელისუფლება ცდილობდა და თავად საქმის მასალების საჯაროდ გამოქვეყნებას ითხოვდა.
შევარდნაძის ოპოზიციაში კოტე კემულარიას ყოფნის დროინდელ ერთ საინტერესო დიალოგს რადიო ,,თავისუფლების” არქივიდან შეგახსენებთ:

[ზურაბ ჟვანიას და კოტე კემულარიას ხმები] ,,თავხედობას აქვს საზღვარი, ჩემო კოტე! - აბა, რას ნიშნავს ეს? ამისთვის მოვაწერეთ ხელი, ბატონო ზურაბ? - არც იმისთვის, რომ აქ დილით ვისმინო შენგან ჭკუის სწავლება. გაითვალისწინე ეს. ვის, ვის და, შენ არ გაქვს ამის არანაირი უფლება.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ჟვანიასა და კოტე კემულარიას ეს დიალოგი 2002 წლის დეკემბერში შედგა, როდესაც იმჟამინდელი ოპოზიცია შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა. სულ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სერიოზული კრიტიკის ობიექტად იქცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საკუთარი პოზიცია ამ სიტყვებით გამოხატა:

[კოტე კემულარიას ხმა] ,,სამწუხაროდ, მე არ ვიცი ვინ არის არც დედა, არც მამა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების, იმიტომ რომ ყველამ ხელები დაიბანა. პრეზიდენტს შეუტანეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მან ხელი მოაწერა და ახლა ყველა უარყოფს და არავის არ მოსწონს.” (სტილი დაცულია)

როგორც გაირკვა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი თავად კოტე კემულარიასაც არ მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ერთ-ერთ ავტორად იყო მიჩნეული. რამდენიმე წლის წინ კემულარიამ განაცხადა, რომ ხალხს ხელისუფლებისგან დაცვა სჭირდება. მაშინ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო, თუმცა წარმოთქმული სიტყვები ნამდვილად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის შესაფერისი გახლდათ. დამოუკიდებელი იურისტები იუსტიციის მინისტრის პოსტზე კოტე კემულარიას დაბრუნებას მის დაქვეითებად აფასებენ.
XS
SM
MD
LG