Accessibility links

logo-print

ცხინვალის მისადგომებთან ქართული სამშვიდობო ძალები შემცირდა?


იანვრის ბოლოს სტრასბუგრში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განცხადებულ სამშვიდობო ინიციატივებს სულ მალე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგომ ქართველ

მშვიდობისდამცველთა რაოდენობის შემცირება მოჰყვა. თბილისი ამ ნაბიჯით არსებული სამშვიდობო კურსის ურყეობას ადასტურებს. თუმცა კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი მურატ კულახმეტოვი, რომელსაც ცხინვალში ტელეფონით დავუკავშირდი, ადასტურებს, რომ კონფლიქტის ზონაში მოსახლეობა კვლავაც დიდძალ იარაღს ფლობს.


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან ბოლო როტაციით ბათუმში დისლოცირებული 25-ე ქვეითი ბატალიონის სამასი კაცი დაბრუნდა. ქვედანაყოფი კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში განლაგებულ 20-მდე პოსტზე სადღეღამისო მორიგეობას აწარმოებდა. მესამე ასეულის მეთაურის მაიორ ბადრი ფუტკარაძის თქმით, კონფლიქტის ზონის სოფლებში დიდძალი იარაღია თავმოყრილი, რის გამოც სამშვიდობო საქმიანობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული:

[ბადრი ფუტკარაძის ხმა] “ ჩვენი ასეული იდგა ცხინვალის შესასვლელში, თამარაშენში. 200-300 მეტრის იქით იყო თექსტილის დასახლება, სადაც ადგილობრივ კრიმინალებს ცხინვალის ხელისუფლებაც ვერ მართავს. იქ გამუდმებული სროლა იყო - დამიზნებით არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო.”


მოსახლეობაში დიდძალი იარაღის არსებობის ფაქტი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების რუსმა სარდალმა მარატ კულახმეტოვმაც დაადასტურა. თუმცა, რუსი გენერლის თქმით, ვითარება კონფლიქტის ზონაში დამშვიდდა და დღე-ღამის განმავლობაში ისე ინტენსიურად აღარ ისვრიან:

[მარატ კულახმეტოვის ხმა] “რა შემიძლია ვთქვა? ვითარება მშვიდია, ღამის სროლას პრაქტიკულად ადგილი არა აქვს. დღევანდელი დღის განმავლობაშიც მთელ კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ორჯერ გაისმა გასროლის ხმა. ხოლო ის, რომ მოსახლეობის ხელში ბევრი იარაღია, ფაქტია, და მე ამას არ უარვყოფ.”

შარშან აგვისტოში ქალაქ სოჩაში გამართული სამმხრივი ქართულ-ოსურ-რუსული სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმება თავდაცვითი ნაგებობების დემონტაჟს და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებას ითვალისწინებდა. მაგრამ, როგორც შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის სიტყვებიც მოწმობს, ეს პირობა არ შესრულდა. ამ ფონზე ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მხარემ ორჯერ შეამცირა სამშვიდობო კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში, პარადოქსულად ჟღერს. თუმცა, როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი ქართული სამშვიდობო დაჯგუფების მეთაურმა, პოლკოვნიკმა კობა ლაჭყებიანმა განაცხადა, სამშვიდობო ქვედანაყოფის რაოდენობა ერთ ბატალიონამდე გაცილებით ადრე, ზაფხულის კრიზისის განმუხტვის შემდეგ, შემცირდა:

[კობა ლაჭყებიანის ხმა] “ჩვენ, როგორც ვიყავით, ის კონტინგენტი ვართ, მაგრამ ის, ადრე რომ იყო, 2 და სამი ბატალიონი, დაძაბული სიტუაცია რომ იყო, ისინი გავიდნენ. ადრე გავიდნენ. და საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია, არ ვიცი.”(სტილი დაცულია)


კობა ლაჭყებიანის თქმით, ქართული დაჯგუფების მეთაური, რუსული და ოსური ბატალიონის მეთაურებთან ერთად, ცხინვალში იმყოფება და ერთობლივ სამუშაო თათბირზე ცდილობენ გადაწყვიტონ სადავო საკითხები, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცეცხლის განახლებას ან უკანონო შეიარაღებული ფორმირების გამოჩენას შეეხება. ჩვენ თანამშრომლობაში პრობლემა არა გვაქვს, მოკლედ აღნიშნა სატელეფონო საუბარში რუსმა გენერალმა მარატ კულახმეტოვმა, რომლის რწმენითაც, ვითარება კონფლიქტის ზონაში იძლევა იმის საშუალებას, რომ ქართულმა მხარემ შეამციროს სამშვიდობო ბატალიონი. თუმცა, როგორც ინკოგნიტო წყარომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან რადიო “თავისუფლებას” უთხრა, საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალიდან 20 კილომეტრის დაშორებით, გორში, დისლოცირებული ჰყავს სატანკო ბატალიონი, რომელსაც, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, დროის მცირე მონაკვეთში შეუძლია ქართული სამშვიდობო კონტინგენტისთვის დახმარების აღმოჩენა.
XS
SM
MD
LG