Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციისთვის მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა მიუღებელია


მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა მუშაობას კვლავ საპარლამენტო ოპოზიციის თანხმობის გარეშე იწყებს. პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის

კანდიდატად ზურაბ ნოღაიდელის წარდგენის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ ნაწილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თანამშრომლობის სანაცვლოდ საპარლამენტო ოპოზიცია ახალი პრემიერისგან საკუთარი პროგრამის წარდგენას და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცნობას მოითხოვდა. როგორი იყო უპასუხოდ დარჩენილი ოპოზიციის რეაქცია?

მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელისა და მისი მთავრობის წევრებისთვის სრულიად საკმარისია საპარლამენტო უმრავლესობისა და მაჟორიტართა იმ ფრაქციების მხარდაჭერა, რომლებიც ფორმალურად უმრავლესობის შემადგენლობაში არ არიან, მაგრამ, ძირითადად, ეთანხმებიან მმართველი ძალის პოზიციებს. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მის წარმომადგენლებს განახლებული მთავრობისადმი კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ. კონსერვატორები ნოღაიდელის კაბინეტისგან მცირე მეწარმეების ორი წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას და სამუშაო სტაჟის მიხედვით პენსიის მოცულობის განსაზღვრას მოითხოვდნენ. პარლამენტში ზურაბ ნოღაიდელის გამოსვლით თანამშრომლობისთვის განწყობილმა კონსერვატორებმა, როგორც თავად აცხადებენ, მთავრობისგან სამწუხარო გაკვეთილი მიიღეს. კობა დავითაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობასა და სიცრუეში დაადანაშაულა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ჩვენი კონსტრუქციული შეთავაზება უარყოფილ იქნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და იმ ამომრჩევლებს, რომელთაც არჩევნების წინ პირდებოდნენ მცირე მეწარმეების ორი წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას, პენსიების დანიშვნას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, დღეს, უბრალოდ, უთხრეს: მოგატყუეთ, კაცო, ის არჩევნების წინა პერიოდი იყო და ახლა არც კი ვიხილავთ, საერთოდ, ამის განხილვის შესაძლებლობას. - და მატყუარა ხალხთან საერთო ჩვენ არაფერი არ გვინდა, რომ გვქონდეს.” (სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან მისი საკუთარი პროგრამის წარდგენას მოითხოვდნენ პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატები. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ზურაბ ნოღაიდელს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება არც უცდია:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,ის, რომ მან პრაქტიკულად არავინ მოიყვანა მისი ხედვის მატარებელი მთავრობაში, ადასტურებს იმას, რომ ეს მთავრობა არ იქნება ზურაბ ნოღაიდელის მთავრობა. ნოღაიდელი იქნება სააკაშვილის რიგითი, მორიგი მოადგილე მთავრობის გარკვეული ნაწილის კონტროლის საკითხებში.” (სტილი დაცულია)


ოპოზიციონერი ,,ახლებისა” და ,,მრეწველების” გაერთიანება, რომელიც პარლამენტში ფრაქციის მქონე ერთადერთი ოპოზიციური ჯგუფია, თავიდანვე აცხადებდა, რომ ნოღაიდელის მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებდა. დეპუტატი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ხუთშაბათს ზურაბ ნოღაიდელისგან მხოლოდ ლოზუნგები ისმოდა:

[დავით საგანელიძის ხმა] ,,სხვათა შორის, ეს პროგრამა ძალიან მაგონებს პირველად რომ მოქალაქეთა კავშირმა თავისი პროგრამა წარმოადგინა. მერე ანალოგიური პროგრამა ერთი ცხრაჯერ გადაკეთდა, გადმოკეთდა, გალამაზდა. ხან მოქალაქეთა კავშირის ერქვა, ხან შევარდნაძის, ხან დემოკრატების, ხან ნაციონალების. ახლა ყველასი ერთადაა, მე მგონი, და არცაა გასაკვირი, ხომ ერთი და იგივე ხალხი წერდა ამას.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ნოღაიდელისგან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, ალბათ, ვერც კი წარმოედგინა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებდა, მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამის წარდგენას არსებითად არავინ ელოდა. მით უმეტეს, რომ მინისტრთა კაბინეტი მუშაობის გაგრძელებას ზურაბ ჟვანიას მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით აპირებს. თავის მხრივ, ოპოზიციის მხარდაჭერას არ ელოდა განახლებული მთავრობა, რომელსაც ეს პრაქტიკულად არც სჭირდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG