Accessibility links

logo-print

2004 წელს მრეწველობაში ინვესტიციების კლება აღინიშნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველოში ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა თუ ამ მონაცემებს სექტორებისა და

დარგების მიხედვით განვიხილავთ, ქვეყნის მრეწველობაში ინვესტიციები გაუარესდა კიდეც. გასული წლის კაპიტალდაბანდებათა უდიდესი წილი კი ისევ და ისევ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის პროექტთან იყო დაკავშირებული.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, 2004 წელს ეკონომიკის ინსტიტუციონალურ სექტორში ინვესტიციები შეადგენდა 1.94 მილიარდ ლარს, რაც 28.5%-ით აღემატებოდა 2003 წლის მოცულობას. სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის საინვესტიციო მომხიბვლელობა საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა ინვესტიციების საერთო მოცულობის 37% გასულ წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე მოდიოდა.

რაც შეეხება მონაცემებს ინსტიტუციონალური სექტორების მიხედვით, პირდაპირმა ინვესტიციებმა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სასაწყობო მეურნეობის სფეროში გასულ წელს 1.18 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 57.3%-ით აღემატებოდა 2003 წლის მაჩვენებლებს. შემდეგი ადგილი უკავია მრეწველობას, სადაც ინვესტიციების მოცულობა 182.8 მილიონი ლარი იყო. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 12.7%-ით ნაკლებია 2003 წლის ანალოგიურ მონაცემზე. ექსპერტი ვაჟა სალამაძე მრეწველობაში კაპიტალდაბანდებების კლებას სავსებით ლოგიკურად მიიჩნევს და ინვესტიციების კლების ორ მიზეზს ასახელებს.

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”საინვესტიციო გარემო, ზოგადად, ჯერ კიდევ არახელსაყრელია, რაც ბუნებრივია ქვეყანაში, სადაც 15 წლის განმავლობაში რამდენიმე რევოლუცია მოხდა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილურია. ბუნებრივია, ბიზნესი ასეთ გარემოს ერიდება. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ქვეყანაში საკმაოდ ძვირია საკრედიტო, ფულადი რესურსები, ანუ ფული ძვირია და, აქედან გამომდინარე, ინვესტორს, რომელსაც არა აქვს საკმარისი თანხა, რომ დააფინანსოს დიდი პროექტები, - მრეწველობას კი სწორედ მსხვილი პროექტები სჭირდება, - არა აქვს საშუალება აიღოს კრედიტი და დააფინანსოს ასეთი ბიზნეს-გეგმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მრეწველობაში ინვესტიციების უკუგების პერიოდი არის ხანგრძლივი და, შესაბამისად, ჩვენი ბანკები ასეთი ტიპის პროექტების დაფინანსებაზე ნაკლებად მიდიან. ჩვენში დამკვიდრებულია მოკლე და საშუალოვადიანი კრედიტები და გრძელვადიანი კრედიტების გაცემას ბანკები მხოლოდ ახლა იწყებენ.”(სტილი დაცულია)

წელს დაწყებული ”საპრივატიზებო მარათონის” მიმდინარეობის მიხედვით, მრეწველობაში ინვესტიციების ზრდას უნდა ველოდეთ. თუმცა ვაჟა სალამაძე ფიქრობს, რომ ძვირად გაყიდული სამრეწველო ობიექტები აპრიორი არ ნიშნავს ამ სფეროში კაპიტალდაბანდების განხორციელებას.

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”ბუნებრივია, როდესაც ინვესტორი ყიდულობს რაღაცას, ის გეგმავს ინვესტიციებს და, ლოგიკურად, ამ გაყიდვების შემდეგ ჩვენ უნდა ველოდეთ ინვესტიციების ზრდას. მაგრამ შეიძლება ამ სცენარით არ განვითარდეს, ეს დამოკიდებული იქნება ისევ ბიზნეს გარემოზე. შეიძლება ინვესტორმა ამჯობინოს ან პოლიტიკური, ან წმინდა ბიზნეს მოსაზრებით, რომ ინვესტიციები რაღაც მომენტამდე არ განახორციელოს.”(სტილი დაცულია)

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკაში გაიზარდა, ჯერჯერობით ეს მოხდა იმ ერთი მასშტაბური პროექტის ხარჯზე, რომელიც წელს უკვე დასრულდება. შესაბამისად, თუ პრივატიზების შედეგად ახალმა მფლობელებმა არ შეასრულეს მთავრობის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი პირობა, ანუ კაპიტალდაბანდება შეძენილ საწარმოში არ განახორციელეს, ზოგადი საინვესტიციო სურათი წელს, შესაძლოა, გაუარესდეს კიდეც.
XS
SM
MD
LG