Accessibility links

საქართველოს ელექტროსისტემაში მწვავე კრიზისი ახლოვდება


ზამთრის ბოლო და გაზაფხულის დასაწყისი ყველაზე რთული პერიოდია ქართული ენერგეტიკისთვის. ამ დროს თითქმის

ამოწურულია ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავების რესურსები და მათი უმრავლესობა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. წელს ამ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი თბილისის თბოელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მაღალი თვითღირებულების გამო. შესაბამისად, გაზაფხულის წვიმების დაწყებამდე და მდინარეების მოდიდებამდე საქართველოს რეგიონებს უსინათლობა, ხოლო დედაქალაქს ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება მოელის.

საქართველოს ელექტროსისტემის ძირითადი საბაზისო ელექტროსადგურის, ”ენგურჰესის", წყალსაცავში წყლის დონე 415 მეტრს აღწევს, რაც ერთი კვირის მარაგს წარმოადგენს. ელექტროსადგურის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს წყლის დონე 405 მეტრის ნიშნულამდე დაამუშაოს. როგორც ენგურჰესში აცხადებენ, არსებული ათმეტრიანი მარაგის მომჭირნეობით მოხმარების შემთხვევაში რესურსი 10-15 დღის განმავლობაში იქნება საკმარისი.

სპეციალისტთა აზრით კი, თუ "ენგურჰესი" მოქმედ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, წყლის მარაგი ერთ კვირაში ამოიწურება. რა იქნება შემდეგ, ძნელი სათქმელია. ენგურჰესის გაჩერება ისედაც იყო დაგეგმილი, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, 15 მარტს, რადგან ამ დროიდან ელექტროსადგურში ”ევრობანკის” პროექტის ფარგლებში სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”ჩვენ მარტის შუა რიცხვებში ვაჩერებთ ენგურს 3 თვით, ივნისის 12 რიცხვამდე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ენგურის საიმედოობა გაიზარდოს და, ამავდროულად, ერთი აგრეგატი დაემატოს ენგურს, 260 მეგავატიანი, სულ ახალი. და ამ თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული დეფიციტიც, რადგან ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგური იქნება გაჩერებული.”

ეს არის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალეკო ხეთაგური. მისი სიტყვებიდანაც ჩანს, რომ სანამ ენგური არ ამუშავდება, მანამდე საქართველოს ელექტროსისტემის გამართულად მუშაობა ვერაფრით მოხერხდება, რის გამოცაა, რომ ელექტროენერგიის საფასურის ყველაზე კარგი გადამხდელი, თბილისი, დენს მაინც არასტაბილურად იღებს. მე ამის კომენტირება ”თელასის” წარმომადგენელს, ბექა ბარამიძეს, ვთხოვე.

[ბექა ბარამიძის ხმა] ”ამის მიზეზი გახლავთ საბითუმო ბაზრის მიერ დადგენილი ლიმიტი. ჩვენ ვაპროტესტებთ, რადგან სრულად ვიხდით მოწოდებული ენერგიის საფასურს და ამ შემთხვევაში საბითუმო ბაზარმა პრობლემები არ უნდა შეგვიქმნას.”

თელასში კატეგორიულად გამორიცხავენ ელექტროენერგიის გრაფიკის დაწესებას: ეს კომპანიის ინტერესებში არ შედისო. შესაბამისად, თბილისელებს ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვის მოთმენა კიდევ დიდხანს მოუწევთ.

როგორც სააგენტო "ინტერ-პრესს" "სახელმწიფო ელექტროსისტემაში" განუცხადეს, "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ვალდებულია ენერგოსისტემაში არსებული ელექტროენერგია გამანაწილებელ ენერგოკომპანიებს გადასცეს საბითუმო ბაზრის მიერ დაწესებული ლიმიტის მიხედვით. “ელექტროენერგიას, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, ვერ გავანაწილებთ, ამიტომ, სისტემაში არსებული დეფიციტის გამო, შეზღუდვები ხორციელდებაო," - განაცხადეს კომპანიაში.

სისტემაში დეფიციტი იმანაც გაამწვავა, რომ ახალი წლის დღეებში, რუსეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო, ენგურჰესი, პიკის საათების ნაცვლად, 24 საათი სრული დატვირთვით მუშაობდა და ჰიდრო რესურსები მთლიანად ამოიწურა. ამ დანაკლისის დაბალანსებას ქართველი ენერგეტიკოსები რუსეთიდან იმპორტის გაზრდით აპირებენ.
როგორც ”სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ამბობენ, რუსეთიდან უფრო მეტი დენის მოწოდების თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თუმცა იგი ჯერჯერობით არ ამოქმედებულა, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე მცირე ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. მისი გამოსწორება 1-2 დღეში მოხერხდება, რაც საქართველოს რეგიონების ელექტრომომარაგებას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს.

XS
SM
MD
LG