Accessibility links

ადამიანის უფლებათა დამცველები “ახალციხის დაპატიმრებებს” აპროტესტებენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ახალციხეში სტუდენტების დაპატიმრების ოპერაციამ ადამიანის უფლებათა დამცველები სერიოზულად შეაშფოთა.


საპროტესტო აქციის მოწყობის გამო ადამიანების დაკავებას ისინი კონსტიტუციის უხეშ დარღვევას უწოდებენ. ახალციხეში განხორციელებულ პოლიციურ სპეცოპერაციას ამჟამად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატები სწავლობენ. ისინი საბოლოო შეფასებას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროში თავდაპირველად ყოველგვარ კომენტარზე უარს აცხადებდნენ, მოგვიანებით კი საგანგებო ბრიფინგი მოიწვიეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ ყველაფერი კანონის დაცვით განახორციელა.


საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ სახის მანიფესტაციასა და შეკრებაში. თავად მანიფესტაცია უნდა იყოს უიარაღო და ატარებდეს მშვიდობიან ხასიათს; მანიფესტაციის გამართვის დროს საფრთხე არ უნდა შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს და არ უნდა შეფერხდეს ტრანსპორტის მოძრაობა. აი, ახალციხეში კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისიდან ჩასულმა სპეცრაზმმა ორი დღის მანძილზე მიმდინარე სტუდენტთა საპროტესტო აქციის აქტივისტები დილის რვა საათზე საცხოვრებელ სახლებში დააკავა. პოლიციის ქცევის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს თავისუფლების ინსტიტუტის წევრი ლევან რამიშვილი:

[ლევან რამიშვილის ხმა] “აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ადამიანს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო ვინმე აკავებს, თუკი ეს ყველაფერი მშვიდობიან ხასიათს ატარებს და არავის ზიანს არ აყენებს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ძალიან საგანგაშოა, თუკი ასეთი რამ კვლავ ხდება.”

რაც შეეხება მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას - ბუნებრივია, ჩვენ ვცადეთ სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან კომენტარების შეტყობა. თავდაპირველად ახალციხის პოლიციის სამმართველოს უფროსს ტარიელ ჯიჭვალაძეს დავუკავშირდით. მან თავაზიანად აგვიხსნა, რომ არ ჰქონდა რაიმეს თქმის უფლება და გვირჩია ძალოვანი სამინისტროების გაერთიანებული პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის გურამ დონაძისათვის დაგვერეკა. აი ბატონმა გურამ დონაძემ კი ძალიან არათავაზიანად განგვიმარტა, რომ ჩვენ არა მისთვის, არამედ გენერალური პროკურატურისათვის უნდა მიგვემართა. მართალია, ჩვენ ვიცოდით რა პასუხსაც მოვისმენდით ბატონ გურამის მიერ მითითებული უწყების პრეს-სამსახურში, მაგრამ მაინც მორჩილად მოვისმინეთ ახსნა, რომ გენერალური პროკურატურა არაფერ შუაში იყო. ამასობაში პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინიტროში საგანგებო პრეს-კონფერენცია მოიწვიეს. სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომელმა შოთა ხიზანიშვილმა მოკლე განცხადება გააკეთა:

[შოთა ხიზანიშვილის ხმა] “გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთი დაკავებული იყო ნაცემი პოლიციის მიერ. სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც ერთი დაკავებული არ არის ნაცემი. დაკავება განხორციელდა პროცესუალური ნორმების სრული დაცვით და ის მოქმედებები, რომლებიც პოლიციელებმა განახორციელეს ამ კონკრეტული სტუდენტების მიმართ, ჯდება კანონის სრულ ფარგლებში. დიდი მადლობა.” (სტილი დაცულია)

პოლიციის წარმომადგენლისაგან განსხვავებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ანა დოლიძე ახალციხეში მომხდარს კანსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციების სამომავლო პრევენციას ცდილობს:

[ანა დოლიძის ხმა] “ეჭვი მაქვს, რომ ეს იმიტომ გაკეთდა ასეთ რაიონში, რომ იქნება ასეთი პრეცედენტები თბილისში. როგორც ვიცით, გარკვეული სკოლის დირექტორების დასაცავად გამოდიან სტუდენტები და იმისათვის, რომ რაღაცა მოძრაობებმა ფეხი არ მოიკიდოს და არ განვითარდეს, ამ სტუდენტებმა ჭკუა ისწავლონ და მაგათთვის იყოს სამაგალითო. მე მგონი, ასეთი სამაგალითო დარბევა ამ ადამიანებისა ზუსტად ამით იყო განპირობებული, რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი.” (სტილი დაცულია).



XS
SM
MD
LG