Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იქნება მეათე?


საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ზურაბ

ნოღაიდელი და მისი გუნდის წევრები ნელ-ნელა იკავებენ ახალ სამუშაო კაბინეტებს. მათ შორისაა ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი. მისი პირადი და სამუშაო ნივთების დიდი ნაწილი ჯერაც მოსკოვშია დარჩენილი. ამდენად, ახალ გარემოში, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, იგი ყველაზე მეტად იგრძნობს დისკომფორტს. თუმცა საზოგადოებისთვის, ამ ნაკლებად მნიშვნელოვანი გარემოების ფონზე, გაცილებით საინტერესოა, ვის ამზადებს ქვეყნის ხელისუფლება ვალერი ჩეჩელაშვილის ყოფილი კაბინეტის დასაკავებლად. მით უფრო, რომ რუსეთში საქართველოს ელჩების ცვლის სიხშირის მაჩვენებელი ახალი ხელისუფლების მმართველობის განმავლობაში რეკორდს გაუტოლდა.

რეკორდის მაჩვენებელი სამის ტოლი იქნება, თუ ათვლას ზურაბ აბაშიძისგან დავიწყებთ. ათვლა კი, ლოგიკურად, სწორედ მისგან უნდა იწყებოდეს, რადგან “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში,იგი ოფიციალურად მაინც რჩებოდა თანამდებობაზე. ახალი ხელისუფლების დანიშნული პირველი ელჩი რუსეთში კოტე კემულარია იყო - სულ ორიოდე თვით. მას მოჰყვა ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც სრულიად მოულოდნელად დიპლომატიური სამსახურიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის სავარძელში აღმოჩნდა.

[გიორგი ხელაშვილის ხმა]” ფაქტობრივად, ეტყობა, არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვინ იქნება ელჩი. ან ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს ამას, ვინაიდან ქართული დიპლომატია - ზოგადად დიპლომატია - ამ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობა ასეა გამწვავებული, სერიოზულ ფუნქციას უკვე ვეღარ ასრულებს და, შესაბამისად, ჭირს მოძებნა პიროვნების, რომელიც ამ ძალიან რთულ მისიას შეასრულებდა. ამიტომ, ფაქტობრივად, იქ, გარკვეულწილად, აზრი ეკარგება იმას, თუ ვინ იქნება ელჩი.”(სტილი დაცულია)

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის გიორგი ხელაშვილის მოსაზრების პასუხად, თვალი გადავავლოთ რუსეთში საქართველოს ელჩობის სავარაუდო კანდიდატებს, ანუ მათ, ვისზეც ჯერჯერობით საჯაროდ მხოლოდ პრესა საუბრობს. -სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის მოსკოვში გადაყვანა შიდა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად და ეგრეთ წოდებული ჟვანიას გუნდის გაძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებად განიხილება. მეორე სავარაუდო კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული გიგი უგულავა, მისი შესაძლო გაელჩების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ყოფილ ჟურნალისტსა და რამდენიმეგზის ყოფილ მაღალი თანამდებობის მქონე სახელმწიფო მოხელეს ლალი მოროშკინას, მისი ელჩობის შემთხვევაში, რუსეთში საქართველოს საელჩო, უდავოდ, იქცევა სინეკურად - პრესტიჟულ, მაგრამ უმოქმედო დაწესებულებად.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ის, რომ საქართველოს ინტერესებშია, რაც შეიძლება ინტენსიურად და ეფექტურად წარმართოს დიალოგი რუსეთთან, უეჭველია. ამისათვის საჭიროა ეფექტურად მომუშავე მექანიზმი, მათ შორის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ხოლო მისი წარმატებით მუშაობა არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სტაბილურად და კვალიფიციურად არის იგი დაკომპლექტებული.”

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, უმჯობესია განსაკუთრებული მნიშვნელობის დიპლომატიურ მისიებს შედარებით ნაკლებად შეეხოს კადრების ხშირი ცვლა. ექს-მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ, საერთოდ, როგორც წესი, მიმღები სახელმწიფო გაგებით ეკიდება ხოლმე აუცილებლობით გამოწვეულ საკადრო გადაწყვეტილებებს. თავად ირაკლი მენაღარიშვილის მინისტრობის დროს რუსეთიდან, დაწინაურების მიზნით, საქართველოს ორი ელჩი გამოიწვიეს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ვაჟა ლორთქიფანიძე სახელმწიფო მინისტრი გახდა, ხოლო მალხაზ კაკაბაძე - განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. თავის მხრივ, ვაჟა ლორთქიფანიძე, ნტვ-ს მიერ ელჩების რეიტინგის გამოკითხვის შედეგებით, სამი წლის განმავლობაში პირველობდა. მას დიდი სხვაობით ჩამორჩებოდა ამერიკის ელჩი რუსეთში.

საერთოდ კი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, რუსეთში საქართველოს 9 ელჩი მოღვაწეობდა. მათგან ნოდარ მეძმარიაშვილი, კახა ლომაია და პეტრე ჩხეიძე საქართველოს წარმომადგენლებლად იწოდებოდნენ, ხოლო ვალერიან ადვაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, მალხაზ კაკაბაძე, ზურაბ აბაშიძე, კოტე კემულარია და ვალერი ჩეჩელაშვილი - ელჩებად.

ვინ იქნება მეათე?



XS
SM
MD
LG