Accessibility links

logo-print

რუსეთში ახალი სამხედრო-პატრიოტული ტელეარხი იხსნება


მომავალ კვირაში რუსეთში გაიხსნება ახალი, სამხედრო-პატრიოტული ტელეარხი, რომელიც მიზნად რუსეთის მოსახლეობაში სამშობლოს სიყვარულის გაძლიერებას ისახავს.

თავიდან ამ არხს მხოლოდ მოსკოვის მცხოვრებნი იხილავენ, მაგრამ, თავდაცვის სამინისტროდან გამოყოფილი გადამცემების წყალობით, მაისიდან არხი, შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს.

[საბჭოთა სიმღერა]

მომავალი კვირიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის პატრიოტებს სიახლეს სთავაზობს. ის, ვინც კომერციულ ტელეარხებზე ნაჩვენები იაფფასიანი სექსითა და ძალადობით დაიღალა, ტელეარხ "ზვეზდას" მიიღებს. "ზვეზდა" რუსეთის პირველი სამხედრო-პატრიოტული ტელეარხი იქნება.

საცდელ სიგნალს "ზვეზდა" კვირას, 20 თებერვალს, გაუშვებს და, თუ ყველაფერი კარგად იქნა, მაუწყებლობას წითელი არმიის ტრადიციულ დღეს, 23 თებერვალს, შეუდგება.

სამხედრო-პატრიოტული ტელეარხის დაარსების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი უკვე წლებია, რაც ლაპარაკობს. ისიც და პრეზიდენტი პუტინიც ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოსახლეობის მორალური ფასეულობები დეგრადაციას განიცდის და ქვეყანას პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება სჭირდება.

ტელეარხის დირექტორის სერგეი სავუშკინის თქმით, "ზვეზდა" ფართო აუდიტორიისთვის იქნება განკუთვნილი და ეთერს დაუთმობს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, კონცერტებს, ახალ ამბებსა და საბავშვო მულტფილმებს. ამ გადაცემების დიდი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს არქივსა და სახელმწიფო კინოარქივში დაცული მასალისგან იქნება შემდგარი.

სავუშკინი მიიჩნევს, რომ "ზვეზდას" გადაცემები, სხვა რუსულ ტელეარხებთან შედარებით, ბევრად უფრო პოზიტიური და საზოგადოებაზე ორიენტირებული იქნება. "ზვეზდა" მხოლოდ რუსულ პროდუქციას გაუწევს რეკლამას.

იმას, რომ რუსეთის კომერციულ ტელეარხებზე უმეტესად დაბალი ხარისხის დასავლური პროგრამები გადის, ექსპერტების უმეტესობა ეთანხმება. მაგრამ, ამავე დროს, ბევრი სკეპტიკურად უყურებს "ზვეზდას" სამომავლო პერსპექტივასა და დაფინანსების წყაროს.

ვიქტორ ბარანეცი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პრესმდივანი და დღეს გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდის" სამხედრო მიმომხილველია. მისი აზრით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული პირობების გამო საშუალო დონის ოფიცრებსა და ჯარისკაცებში გამწარება და ცინიზმი იმდენად დიდია, რომ საეჭვოა, მათი განწყობა ტელეარხმა შეცვალოს:

[ბარანეცის ხმა] “ჩემი აზრით, იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, პატრიოტების აღზრდა შეუძლებელია. ჯარს ვერ აიძულებ მახინჯი რეჟიმის მეგობარი იყოს. ოფიცრები მწერენ, რომ არ სურთ ქურდი ოლიგარქების, დეპუტატების და მინისტრების დაცვა, ვინც უსინდისობითაა გაზულუქებული. ჯარი, რომელსაც თავისი მთავრობა სძულს, არასოდეს მოექცევა თუნდაც ყველაზე მოქნილი პროპაგანდის ქვეშ.”

ბარანეცი ახალი ტელეარხის სამიზნე აუდიტორიასაც ეჭვქვეშ აყენებს. მისი აზრით, ეს აუდიტორია იმდენად არაერთგვაროვანია, რომ თითქმის შეუძლებელია ყველასათვის მისაღები გადაცემების მომზადება:

[ბარანეცის ხმა] “ეს ზღარბისა და მოტოციკლის შეჯვარების მცდელობას ჰგავს. ერთი მხრივ, ისინი გათვლას თინეიჯერებზე აკეთებენ - იმ ბიჭებზე და გოგონებზე, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში არიან და მალე უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან. ამავე დროს, სურთ, რომ მათ არხს ჯარისკაცებმაც უყურონ და ვეტერანებმაც. ეს კი ძალიან მრავალფეროვანი აუდიტორიაა. მათ, ცხადია, სურთ რომ ყველას შესთავაზონ რაიმე პატრიოტული გადაცემა და ამით ჯარის მიმართ სიყვარული გაუღვიძონ.”

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ვიქტორ ბარანეცი ახალ ტელეარხთან მიმართებაში ხედავს, გადაცემების წარმომავლობას ეხება. ვიდრე შეიქმნება ახალი სტუდია, რომელმაც "პატრიოტულ" თემატიკაზე თანამედროვე პროდუქცია უნდა აწარმოოს, "ზვეზდას" ეთერში საბჭოთა პერიოდის მასალები გავა. ბარანეცის აზრით, ეს ადამიანებს ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობას ნამდვილად არ გაუღვიძებს:

[ბარანეცის ხმა] “რითი აპირებენ პატრიოტიზმის გაღვივებას? იმ პატრიოტული ფილმების 99 პროცენტი, რომლებიც გაგვაჩნია, საბჭოთა პერიოდშია გადაღებული. როდესაც ამ ფილმებს უყურებ, პატრიოტული გრძნობები ნამდვილად არ გიძლიერდება. ეს ფილმები არსებული რეჟიმის მიმართ ნოსტალგიურ სიძულვილს აღვივებენ, ვინაიდან გაჩვენებენ ადრე არსებულ რეჟიმს, რომელიც, ახლანდელისგან განსხვავებით, ჯარზე ზრუნავდა.”

"ზვეზდას" დირექტორის თქმით, არხი კომერციულ პროექტს წარმოადგენს, რომელშიც მთავრობა არ მონაწილეობს. თუმცა იგი, ამავდროულად, აღიარებს, რომ ტელეარხის ტექნიკა, გადამცემები და ლიცენზია თავდაცვის სამინისტროს, ცენტრალურ ტელევიზიასა და რადიოს ეკუთვნის.

რადიო “თავისუფლების” მოსკოვის ბიუროს თანამშრომელს ანა კაჩკაევას, რომელიც მედიის საკითხებზე მუშაობს, ყველაზე მეტად ახალი ტელეარხის დაფინანსების საკითხი აეჭვებს:

[კაჩკაევას ხმა] “კომპანიას, რომელმაც მაუწყებლობა უნდა განახორციელოს, სააქციო საზოგადოების სტრუქტურა აქვს - თუმცა ამბობენ, რომ მისი 100 პროცენტის მფლობელი მთავრობა იქნება. მაგრამ ცხადია, რომ კომპანიას მეწილეებიც ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო 51 პროცენტსაც რომ ფლობდეს, საქმეში კიდევ სხვები არიან ან იქნებიან ჩართულები და ინვესტიციებს ჩადებენ. ვინ არიან ისინი, რა ფორმით განხორციელდება ეს, როგორია კომპანიის წესდება, როგორ არის განაწილებული წილები - ეს არავინ იცის, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არანაირი საბუთი არ უნახავს.”

როგორც ამბობენ, ტელეარხი მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს მაუწყებლობას. ამისთვის მას ადგილობრივი სიხშირეების შეძენა დასჭირდება. ანა კაჩკაევა ფიქრობს, რომ თუკი ამ შესაძენს საზოგადოებრივი თანხები მოხმარდება, მაშინ ამ პროცესის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს:

[კაჩკაევას ხმა] “თუ ეს კომერციული ორგანიზაციაა, მაშინ ტენდერი უნდა გაიარონ, სიხშირეები უნდა მოიპოვონ, სამაუწყებლო ქსელში თანხები უნდა ჩადონ და სახელმწიფოს არაფერი არ უნდა მოსთხოვონ. ხოლო თუ ეს სახელმწიფო კომპანიაა, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის ეს თანხები.”

არსებული კითხვებისა და ეჭვების მიუხედავად,"ზვეზდას" წარმატების შემთხვევაში რუსეთში შეიძლება კიდევ ერთი ახალი არხი გაიხსნას. ამ არხზე მაუწყებლობას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია განახორციელებს. ეს იდეა მაღალი რანგის სასულიერო პირების მხრიდან უკვე გაისმა. რუსეთის პატრიარქ ალექსის თქმით კი, ერის სულს კომერციისა და პოლიტიკისგან დაცლილი გადაცემებით აღზრდა სჭირდება.

[რუსული სიმღერა]
XS
SM
MD
LG