Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელის თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ?


ამ კვირაში უცხოეთის პრესა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი და ხშირი პუბლიკაციებით არ გამოხმაურებია.

მთავარი თემები, რაზეც უცხოეთის პრესა წერდა, საქართველოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ შექმნილი სიტუაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობა იყო.

ინგლისურენოვანმა საინტერნეტო გამოცემამ ’Eurasia View'-მ თორმეტ თებერვალს საქართველოს ორი სტატია მიუძღვნა. ერთში გამოცემამ საკმაოდ ვრცლად განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 10 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხული სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული ყოველწლიური ანგარიში. სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სიტყვა ’ამაღლებულ’ ტონალობაში წარმოთქვა და რომ ეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის პირველი ოფიციალური გამოსვლა იყო სამთავრობო პოლიტიკის შესახებ.

სტატიაში ჩამოთვლილია ასპექტები, რასაც პრეზიდენტმა მთავრობის წარმატება უწოდა: გაუმჯობესებული საგადასახადო პროცესი, გაზრდილი ბიუჯეტი, პენსიებისა და ხელფასების დროული გაცემა. აღნიშნულია აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის წამოყენების მიზეზად სწორედ ფინანსთა სამინისტროს წარმატებები დაასახელა. წერია ისიც, რომ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების საქმეში ’აგრესიული ძალების’ ჩართულობა ახსენა და ამ ძალებში, წერს სტატიის ავტორი, ექსპერტების აზრით, პრეზიდენტი რუსეთს გულისხმობდა. ’რუსეთისგან განსხვავებით, სააკაშვილმა საქართველოს ურთიერთობას მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან იდილიური უწოდა,’ - აღნიშნულია პუბლიკაციაში. მასში აღნიშნულია აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების პროცესის თანმდევი სირთულეები. დასასრულს, პუბლიკაცია პრეზიდენტის სიტყვის მიმართ დავით გამყრელიძის კრიტიკული გამოსვლის და ამ კრიტიკაზე პრეზიდენტის პასუხის შესახებ გვაწვდის მოკლე ინფორმაციას.

მეორე პუბლიკაცია, რომელიც ამავე საინტერნეტო გამოცემამ ’Eurasia View'-მ 12 თებერვალს გამოაქვეყნა, ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას ეხება. პუბლიკაცია ეყრდნობა ნოღაიდელის მიერ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში, უცხოელი კორესპონდენტისთვის მიცემულ ერთ-ერთ პირველ ინტერვიუს. ამ ინტერვიუში ნოღაიდელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავრობის ყველაზე მთავარ პრიორიტეტად დაუსახელებია. სტატიის ავტორი, ტერეზა ფრისი, აღნიშნავს, რომ ნოღაიდელი ზურაბ ჟვანიას მეგობრად და მასწავლებლად იხსენიებს - ადამიანად, რომელსაც ’იდეებისა და შესაძლებლობების ფართო ჰორიზონტი ჰქონდა’. მაგრამ, ზურაბ ნოღაიდელის აზრით, არ შეიძლება ქვეყანა ცალკეულ პიროვნებებზე იყოს დამოკიდებული - და რომ ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად, ქვეყანას მძლავრი ინსტიტუტების განვითარება სჭირდება. სტატიიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელი ჟვანიას დროს დაწყებული ეკონომიკური რეფორმების გააგრძელებას აპირებს - და რომ იგი საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის გზად მშვიდობიან მეთოდებს მიიჩნევს.

ამ პუბლიკაციებთან შედარებით, ბევრად კრიტიკული იყო სტატია, რომელიც 15 თებერვალს გაზეთ 'Le Monde Diplomatique'-ის ჟურნალისტმა რეჟის ჟანტმა ’Moscow Times'-ში გამოაქვეყნა. ჟურნალისტის აზრით, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ცხოვრებაში მთავარი საკითხი სტაბილურობის შენარჩუნება გახდა; მაგრამ, მიმიმხილველის აზრით, ქვეყნის მთავრობა ისეთი ინტენსივობით უსვამდა ხაზს ’ქვეყანაში წესრიგისა და დისციპლინის’ შენარჩუნების აუცილებლობას, რომ ამით, უპირველესად, საკუთარი შეშფოთება გამოავლინა.

როგორც თბილისის მოსახლეობა, ისე პოლიტიკური ძალები, - აღნიშნავს ჟანტი, - განაცვიფრა ფედერალური ორგანოების მხრიდან ჟვანიას სიკვდილის უბედურ შემთხვევად სწრაფად კლასიფიკაციამ. შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ ჟვანიას სიკვდილის დადგენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებული განცხადება თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ საქმე დახურული იყოო, - აღნიშნავს ჟურნალისტი. იგი დასძენს, რომ ეჭვების გასაფანტად მერაბიშვილმა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის სისხლში კარბოქს-ჰემოგლობინის შემცველობის გამოგონილი რაოდენობა - 40 პროცენტი - დაასახელა. ჟანტის აზრით, ოფიციალური ორგანოების მხრიდან ჟვანიას სიკვდილის საქმის დახურულად სწრაფად გამოცხადების სურვილი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ’პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელმა გუნდმა არასწორად გაითვალეს. იმის დაჟინებულმა გამეორებამ, რომ ჟვანიას სიკვდილი ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ გამოიწვევდა, ბევრ ადამიანს გაუჩინა ეჭვი’.

რეჟის ჟანტის აზრით, არ შეიძლება იგნორირება გაეწიოს იმ ფაქტორს, რომ საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა დესტაბილიზაციის აჩრდილის ფონზე მოქმედებს. ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია საკმარისი ნდობა ინსტიტუტების მიმართ. ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საკუთარ თავზე იღებდა, რომ მთავრობა სიტუაციას აკონტროლებდა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. მაგრამ თუ ეს მართლაც ასე იყო, კითხულობს ჟანტი, მაშინ რატომ არ მისცა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულების საშუალება ვიცე-პრემიერს, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს? მას ხომ ერთი კვირის ვადაში ისედაც უნდა წამოეყენებინა პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა? ამ ნაბიჯით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ არ ეყრდნობა კანონებსა და ინსტიტუტებსო, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ჟვანია პრაგმატული და ოდნავ ცინიკური პოლიტიკოსი იყო და კარგად ესმოდა ქართული პოლიტიკის შიდა დინებები. ახალგაზრდა და იმპულსურ ხელისუფლებაში მას სტაბილურ ფაქტორად აღიქვამდნენ, - წერს ჟანტი. მისი აზრით, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ რა გავლენას მოახდენს ჟვანიას სიკვდილი თბილისის ურთიერთობებზე სეპარატისტულ რეგიონებთან თუ ჩრდილოელ მეზობელთან. თუმცა ჟურნალისტი საკმაოდ მკვეთრია სხვა სახის პროგნოზის გამოთქმისას: ’პრემიერ-მინისტრად ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის დასახელება სააკაშვილის გარემოცვას მთლიანად უხსნის ხელ-ფეხს. ნოღაიდელი არ არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჟვანიას გუნდი მკვდარია. თბილისში ბევრი პოლიტოლოგი წინასწარმეტყველებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც დე ფაქტო ან დე იურე გააუქმებს პრემიერ-მინისტრის პოსტს ქვეყანაში’.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG