Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი ჟვანიას სუსტი ასლია?


მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამ, ახალმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა

ამ კვირის ქართული პრესის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციის შინაარსს.

სტატიაში, სათაურით "ნოღაიდელი ჟვანიას სუსტი ასლია", 18 თებერვლის გაზეთი ,,ახალი თაობა” წერს, რომ ,,პარლამენტმა მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ გადახალისებულ მთავრობას და მის, ფაქტობრივად, უცვლელ პროგრამას, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პარლამენტში ,,სადღეგრძელო” უწოდეს. მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრისას ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, უმუშევრობაა. მთავარი სოციალური შეკვეთა, რომელიც ხელისუფლებას აქვს მიღებული, დასაქმების უზრუნველყოფაა. ნოღაიდელის მიმართ დეპუტატების შეკითხვები და დასკვნითი გამოსვლები, ამ მოწვევის პარლამენტის ტრადიციების მიხედვით, უფრო ფორმალურ და მთავრობის მიმართ ბრმა მხარდაჭერის ხასიათს ატარებდა. მთავრობას ნდობა არ გამოუცხადეს მხოლოდ პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ და ჯგუფებმა,” - წერს ,,ახალი თაობა.”

სტატიაში, სათაურით ,,სახელმწიფო კორპორაცია კემულარიასთვის,” გაზეთი ,,ახალი ვერსია” წერს: ,,იუსტიციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ კოტე კემულარიას გამო, პრეზიდენტმა, შესაძლოა, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. კემულარიამ ახალი სავარძლისთვის, რომლის გამყარებაზეც სააკაშვილი ზრუნავს, უზენაესი სასამართლოს საკმაოდ ავტორიტეტული პოსტი დათმო. ექსპერტთა აზრით, მიხეილ სააკაშვილი მეგობრებისა და პარტიული აქტივისტებისადმი მზრუნველობით გამოირჩევა. ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილი ყველაზე მეტად ენდობა, ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებებს აბარებს. გარკვეული პოლიტიკური ფიგურებისთვის ძალაუფლების მინიჭება და გავლენის სფეროების გაფართოება, ხშირ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. არსებულ საკონსტიტუციო ნორმებს საქართველოში პოლიტიკური პერსონები რთულად ერგებიან და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არჩევენ ხოლმე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კემულარიას მმართველობისას იუსტიციის საბჭო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შევა და მას მინისტრი უხელმძღვანელებს. ამჟამინდელი საკონსტიტუციო ნორმით, იუსტიციის საბჭოს უფროსი ქვეყნის პირველი პირია. გაურკვეველია, პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭო, რომელიც სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტია, პირადად რატომ დაიქვემდებარა ან ახლა რატომ თმობს ამ ბერკეტს?” - წერს ,,ახალი ვერსია.”

გაზეთი ,,24 საათი” აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს ,,პარლამენტმა ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა 150-მდე შეამცირა და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებებით სავსებით სამართლიანად იყო კმაყოფილი, რადგან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წაუყენა, შესრულდა. მართალია, ოპოზიციონერებმა წყალი ოდნავ მაინც აამღვრიეს, მაგრამ ამას ხელი არაფრისთვის შეუშლია. ერთადერთი უსიამოვნო ფაქტი უმრავლესობის წევრის გოჩა ჯოჯუას დემარში აღმოჩნდა, მაგრამ ამასაც მალე მოევლო - ურჩი პარლამენტარი უმრავლესობის ლიდერებმა საჯაროდ გაკიცხეს და განაცხადეს, რომ ჯოჯუას უმრავლესობის დატოვება თავად რომ არ მოესურვებინა, ჩვენ მაინც გავრიცხავდითო.”

გაზეთ ,,რეზონანსის” დღევანდელი ნომერი წერს, რომ მის მიერ მოპოვებული ,,სარწმუნო ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას უახლოეს მომავალში დატოვებს კიდევ 8 დეპუტატი, რომლებიც, სავარაუდოდ, ,,კონსერვატორებს” შეუერთდებიან. ის პარლამენტარები, რომლებიც თავის დროზე უმრავლესობაში იყვნენ და ამჟამად ოპოზიციაში არიან, ამ ცნობას ადასტურებენ, თუმცა პოტენციურ ოპოზიციონერებს გადაჭრით არ ასახელებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უმრავლესობიდან პარლამენტართა გადინება შეაჩერონ და ამის მისაღწევად დეპუტატებზე ზეწოლასაც ახორციელებენ,” - აღნიშნავს გაზეთი ,,რეზონანსი.”

,,დეპუტატები შემცირდა, ახლა ბარიერის დროა,” - წერს გაზეთი ,,ხვალინდელი დღე.” ,,პარლამენტმა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას გულისხმობს. პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოსმენის, ანუ პრინციპების დონეზეა მიღებული, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების დროსაც წინააღმდეგი ერთადერთი დეპუტატი, გოჩა ჯოჯუა, იქნება. საკანონმდებლო ორგანომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურა. ჯერჯერობით ძნელად სათქმელია, დაიმსახურებენ თუ არა პრეზიდენტის მორჩილი უმრავლესობის წევრები მის მადლობას, თუ შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე გააკეთებენ აქცენტს. ამ საკითხზე საუბარი პარლამენტში დღითიდღე აქტიური ხდება და, როგორც ირკვევა, მცირერიცხოვან ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული იმედიც გაუჩნდათ. პარლამენტართა რაოდენობის შემცირება ბარიერის დაწევის პრობლემას თავისთავად ამწვავებს. პარლამენტის 235 წევრს შორის სულ რაღაც 40-მდე ოპოზიციონერია. მათმა უმრავლესობამ დეპუტატის სტატუსი უმრავლესობის შემადგენლობაში მოიპოვა და შემდეგ გადავიდა ოპოზიციაში. 150-წევრიან პარლამენტში კი მათი ადგილი, თავისთავად აღარ დარჩება,” - წერს გაზეთი ,,ხვალინდელი დღე.”

,,ახალი ვერსია” გვამცნობს, რომ ,,დეპუტატები ჯამაგირის გაზრდას ითხოვენ. ეს კორუფციას აღმოფხვრის - თავს იმართლებენ კანონმდებლები. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ხელფასი მინისტრის ხელფასს გაუტოლდება, ხოლო რიგითი დეპუტატის ჯამაგირი - მინისტრის მოადგილის ხელფასს. პარლამენტში ამ ინფორმაციას დეპუტატთა ნაწილი არ ადასტურებს, თუმცა, კომიტეტების თავმჯდომარეები დადებითად ხვდებიან ამ ინიციატივას და აცხადებენ, რომ ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო ერთ სისტემაში უნდა იყოს მოქცეული. აღსანიშნავია, რომ დეპუტატთა ხელფასები, შესაძლოა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ხარჯზე გაიზარდოს და საყურადღებოა ისიც, რომ თუკი პარლამენტარებს ხელფასი გაეზრდებათ, მოიმატებს ყოფილი დეპუტატების პენსიაც,” - წერს გაზეთი ,,ახალი ვერსია.”

ამ კვირის ქართული პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმაც. გაზეთი ,,24 საათი” წერს, რომ ,,სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის აუცილებლობა, როგორც ჩანს, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის ბრატისლავის შეხვედრითაც იყო ნაკარნახევი. მოსკოვი ცდილობს საქართველოს მიმართ გამოთქმული მისი მუქარების განხილვა სამიტის დროს თავიდან აიცილოს. ლავროვის გადაწყვეტილება, ვიზიტით სწვეოდა საქართველოს, რუსეთის შეშფოთებას ამხელს. ბუშს, შესაძლოა, საკმარისი შესაძლებლობა აღმოაჩნდეს პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხის წინ წამოსაწევად, ხოლო, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნდება, რომ ლავროვის ვიზიტის შემდეგ სიტუაცია უმჯობესდება, საქართველოს მიმართ კრემლის დამოკიდებულება კვლავ ხისტ ხასიათს მიიღებს,” - წერს გაზეთი ,,24 საათი.”

თემას გაზეთი ,,ალია” განაგრძობს: ,,ერთ-ერთი ინფორმაციით, ლავროვს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზეს, რაც მან ერევანში 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს მიაგო პატივი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდა შეთავაზება?! მთავარია, რომ ლავროვმა ამ ღონისძიებაზე უარი პოლიტიკური მოტივით თქვა და არა უკვე შედგენილი და გაწერილი პროგრამის გამო. მხოლოდ ეს სკანდალი საკმარისი იყო იმისთვის, რომ თბილისს კრემლისთვის დიპლომატიური შოუ ჩაეშალა. პუტინი ბუშს ვეღარ დაარწმუნებს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ და კონფლიქტების მოგვარებაში ვეხმარებითო.”

სტატიაში, სათაურით ,,რუსულ-ქართული გოგლი-მოგლი,” გაზეთი ,,ხვალინდელი დღე” წერს: ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში უახლოეს ხანში დათბობა მოსალოდნელი არ არის. თბილისში ვიზიტისას სერგეი ლავროვმა რამდენიმე ფრაზა წარმოთქვა თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ზრდილობისთვის ხარკის მოხდას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ განზრახვას. ლავროვის სკანდალით დაწყებული სტუმრობა ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო - დაპირებებით კონსულტაციების დაწყების შესახებ და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ზოგადი საუბრით.”
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG