Accessibility links

საქართველოში ქვეყნის მომავალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული დისკუსია გრძელდება

  • ნინო როდონაია

როგორი იყო და როგორი უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილების საფუძველი? - ამ საკითხს მიეძღვნა ისტორიის ინსტიტუტში გამართული კონფერენცია.

მიუხედავად მიწვევისა, დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღიათ ქვეყნის ფედერალიზაციის მხარდამჭერ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს.
მინდა საქართველოს მომავალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მოსაზრებაზე მოგითხროთ.

საქართველოს ტერიტორიული განვითარების ისტორია არ ქმნის არანაირ საფუძველს იმისა, რომ თანამედროვე საქართველო ფედერალიზმის პრინციპით მოეწყოს - მიაჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც დეცენტრალიზებულ უნიტარიზმს ემხრობიან.
ფედერალიზმის მხარდამჭერთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გვიანი ფეოდალური ხანის საქართველო სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი, რის გამოც ფედერალური მოწყობა ქვეყნისთვის უცხო და მიზანშეუწონელი არ არის, კატეგორიულად მიუღებელია აკადემიკოს დავით მუსხელიშვილისთვის:

[დავით მუსხელიშვილის ხმა] ,,მაგისტრალური ხაზი, აი, საქართველოს განვითარებისა, მიმართული იყო ინტეგრაციისაკენ საუკუნეთა განმავლობაში და თუკი საქართველო დაიშალა გვიან საუკუნეებში სამეფო-სამთავროებად, ეს იყო მხოლოდ გარეგანი პოლიტიკური ვითარების გართულების შედეგი. ანუ, ჩვენი მეზობელი იმპერიების პოლიტიკის შედეგად. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლა გაერთიანებისათვის, ანუ ტენდენცია ინტეგრაციისაკენ, არ შეწყვეტილა.” (სტილი დაცულია)

დავით მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიიდან ამ ტენდენციის დამადასტურებელი არაერთი ფაქტია ცნობილი. რაც შეეხება ფედერალიზმს, მისი დამკვიდრება ზემოდან არასდროს ხდება და, როგორც წესი, ისტორიული ევოლუციის ბუნებრივი შედეგია - განმარტავს აკადემიკოსი და დაუშვებელს უწოდებს უნიტარიზმის გაიგივებას მხოლოდ ძლიერი ცენტრის არსებობასთან:

[დავით მუსხელიშვილის ხმა] ,,უნიტარიზმი არ ნიშნავს ცენტრალიზაციას. უნიტარიზმი ითავსებს დეცენტრალიზაციას. ქვეყნის დეცენტრალიზაცია უნიტარული სახელმწიფოსი უნდა მოხდეს ეკონომიკური რაიონების მიხედვით და ამ რაიონებს, გინდა მაზრები დაარქვი და გინდა რეგიონები, რაც გინდა დაარქვით, უნდა ჰქონდეს თავისი კომპეტენცია. თბილისი კი არ უნდა განაგებდეს, იქ, კახეთში, რა დათესონ, პური დათესონ თუ საზამთრო, თვითონ იმათ უნდა გადაწყვიტონ იქ.” (სტილი დაცულია)

მსოფლიოს სახელმწიფოთაგან ფედერალური მხოლოდ ოცამდეა და, მიუხედავად ერთი მოდელისა, მათი მოწყობის წესი, გარკვეულწილად, განსხვავდება. ფედერალიზმს ბევრი უპირატესობა და ბევრი ნაკლი აქვს - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრს ხელმძღვანელობს:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] ,,ფედერალიზმი არ მოსწონს ძალიან ბევრს თბილისში, არ მოსწონთ კონფლიქტის მხარეებს. მე ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, როდესაც თითქმის 5 წლის განმავლობაში, უფრო მეტიც, მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. დავანებოთ თავი, ნუღარ ვხმარობთ. არც იქით მოსწონთ, არც აქეთ მოსწონთ და რატომ ჩავაცივდით ამ სიტყვას, რატომ ვლაპარაკობთ მაინცდამაინც ამ ფედერალიზმზე?! მოდით, ვილაპარაკოთ, ჩემის აზრით, მე ასეთ გამოსავალს ვთავაზობ, უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე ცენტრსა და რეგიონებს შორის.” (სტილი დაცულია)

უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძვლად ვაჟა ლორთქიფანიძე ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებასა და რეგიონული განვითარების პრინციპს მიიჩნევს. იგი არასწორს უწოდებს რომელიმე ერთი კონკრეტული მოდელის გადმოღებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა კომფორტული თავად ქვეყნისთვის უნდა იყოს და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს არსებობას უზრუნველყოფდეს:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] ,,დღეს თბილისი არის დიდი თავკომბალა. მარტო არის აქეთ თბილისი და აღმოსავლეთ საქართველო, თუ გინდათ, ფრთამოტეხილ არწივს შეადარეთ. აი, დასავლეთ საქართველო თითქმის აღარ არსებობს თავისი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური მნიშვნელობით. ახლა საბაზრო ეკონომიკის პირობები დადგა. შეიძლება უფლებამოსილება გაუმიჯნავი იყოს, როდესაც დღეს ასეთი ფართო შესაძლებლობები გადაუშალა, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, საბაზრო ეკონომიკამ რეგიონებს?!” (სტილი დაცულია)

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო უნდა შეკრას კანონმა, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილებები გაიმიჯნება, და ამ შემთხვევაში ის სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ხედავს.
რაც შეეხება უკვე არსებულ სეპარატიზმს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის, მათივე განცხადებით, სულერთია საქართველოს მოწყობის ნებისმიერი მოდელი. ქვეყნის ხელისუფლება მომავალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობაზე საუბრისას, ძირითადად, ფედერალიზმს ახსენებს, თუმცა საბოლოო ვარიანტის შერჩევას სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG