Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ტოვებენ სამხედრო ნაწილებს ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამით მომზადებული ჯარისკაცები?


რამდენიმე დღეა 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა პოლიგონზე,

რომელსაც ხალხში ამერიკელების ბაზასაც უწოდებენ, “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის ფარგლებში” ახალი ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამა ამოქმედდა. ამ პროგრამაში მსურველთა მოსაზიდად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ძვირად ღირებული პიარ-კამპანია წამოიწყო, ესტრადის ვარსკვლავების, ცნობილი ჟურნალისტებისა და მსახიობების მონაწილეობით. მაგრამ პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სამხედრო სამსახურს ვადამდე ადრე ტოვებს სულ უფრო მეტი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც ორი წლის წინ საკმაოდ ძვირად ღირებული ქართულ-ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა გაიარეს. კონტრაქტის დამრღვევ პროფესიონალ ჯარისკაცთა რაოდენობა დღეისათვის 50-ს აღემატება, ხოლო სამხედრო უწყება, რომელიც ამ ფაქტებს დიდხანს ასაიდუმლოებდა, ჯერჯერობით ვერ ახერხებს პროფესიონალი კადრების დენადობის შემცირებას.


[ჯარისკაცების ფიცის ხმა] ეს ჩანაწერი 2002 წლის დეკემბერს არის გაკეთებული. საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიებისა და უამრავი ხალხის თანდასწრებით ასე საჯაროდ დებდნენ ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართველი პროფესიონალი სამხედროები. ხალხმა სულ მალე შეიყვარა კარგ ფორმაში გამოწყობილი და აღჭურვილი ჯარისკაცები. ისინი ხომ მათ თვალში ახალი ტიპის არმიას განასახიერებდნენ.

[ერთ-ერთი ქალის ხმა]”ცრემლებიც კი მომდის, სიხარულის ცრემლები, რომ ვუყურებ. ჩვენი სამხედროები ისეთები არიან, რომ იმედის გრძნობა მეუფლება.”

მოქალაქეების ასეთი დამოკიდებულება პროფესიონალი ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში, ცხინვალის კონფლიქტის გარდა, საბრძოლო ნათლობა შორეულ ავღანეთსა და ერაყშიც მიიღეს, შეიძლება ითქვას, რომ არ შეცვლილა. მაგრამ ცვლილება მოხდა თავად პროფესიული ქვედანაყოფის მებრძოლთა ფსიქოლოგიასა და მოტივაციაში. როგორც თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მამუკა კიკალეიშვილმა რადიო “თავისუფლებას” აცნობა, მათ წარმოებაში მიღებული აქვთ საქმეები ათობით პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებმაც სამხედრო უწყებასთან კონტრაქტი ვადაზე ადრე, ცალმხრივი წესით, გაწყვიტეს.

[მამუკა კიკალეიშვილის ხმა] “საქმეების 90 პროცენტში არის გამოკვეთილი სამხედრო მოსამსახურეთა მიერ პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნის თხოვნა. პირადი გნცხადება კი ეფუძნება მძიმე ოჯახურ მდგომარეობას.”(სტილი დაცულია)

როგორც ირკვევა, ასეთ დროს, ანუ მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო პირს მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება. უფრო ზუსტად, პირმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიღებული ანაზღაურება სახელმწიფოს უკან უნდა დაუბრუნოს. მაგრამ რას ნიშნავს მძიმე ოჯახური მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში და რატომ აღმოჩნდა, რომ ორმოცდაათსავე პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევა ერთი და იმავე მიზეზის გამო მოუხდა? მით უფრო, რომ თითოეული მათგანი თვეში 400 ლარამდე ხელფასს იღებდა და წინასწარვე ჰქონდა გაცნობიერებული სამხედრო კონტრაქტის სირთულე. ვინაიდან კონტრაქტის დარღვევის მასობრივი შემთხვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცველი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობა, შესაძლოა, მხოლოდ საბაბი იყოს.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა]” მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის იმაში, რომ სამხედრო მოსამსახურეები ვერ ხედავენ სამხედრო მმართველობის განვითარებას. ამის გამო ისინი, ფაქტობრივად, გაურკვევლობასა და გაუგებრობაში არიან. მათ არ მოსწონთ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობა, რის გამოც ფიქრობენ, რომ ჯობია დატოვონ თავის დროზე სამხედრო სამსახური დ სხვა საქმით დაკავდნენ, ვიდრე ნერვები შეალიონ ამ საქმეს.”

მაგრამ თავდაცვის სამინისტროს მაღალ ეშელონებში მიმდინარე დაუსრულებელი საკადრო ცვლილებებით ყველაფრის ახსნა ნაკლებად პოპულარული ვერსიაა თავად სამხედროებს შორის. არსებობს მოსაზრება, რომ ბევრმა პროფესიონალმა სამხედრომ მძიმე ოჯახური მდგომარეობა მოიშველა როგორც იურიდიული საბუთი იმისთვის, რომ დაემალა მძიმე ფსიქოლოგიური შოკი, რაც მათ ერაყსა და ცხინვალის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს მიიღეს. ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება, ოღონდ ანონიმურობის დაცვის გარანტიით, რადიო “თავისუფლებას” ერთ-ერთი პროფესიული ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა გაუზიარა:

[ინკოგნიტო ოფიცრის ხმა] “რეკლამა ისეთი გაუკეთდა, რომ, აი, “ჯი-ტე-პი”(ქართულ-ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა-რედ), ამერიკელი, ჩაცმა, დახურვა. ბიჭებმა ლურჯი ბერეტები დაიხურეს, მაგრამ საქმეში რომ მოხვდნენ, ცოტა გაუჭირდა ზოგს, და მერე ისე მოხდა, რომ დააბრალეს ოჯახურ მდგომარეობას.”

აღსანიშნავია, რომ წელიწად-ნახევრის წინ მძიმე ოჯახური მდგომარეობის მოტივით სამხედრო ნაწილიდან წასულ კაპრალს წინა ხელისუფლების დროს საჩვენებელი სასამართლო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოუწყვეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ქართული მისია ერაყში და არც საბრძოლო შეტაკება ყოფილა ცხინვალის მისადგომებთან, სადაც ორ კვირაში 20 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შესაძლოა, სწორედ ამ გარემოებას, კერძოდ, კონფლიქტგამოვლილთა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უწევდა ანგარიშს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელიც დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა პროფესიონალი სამხედროების მხრიდან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ფაქტებს. მეტიც, სამხედრო უწყებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ზოგიერთ კონტრაქტის დამრღვევ სამხედროს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება მიეცეს ხელახლა სცადოს ბედი ახალ ამერიკულ-ქართულ სამხედრო პროგრამაში. ოღონდ ამჯერად უკვე კონტრაქტის პირობა მკაცრი იქნება და, სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში, პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს, სასამართლოს ძალით, სრულად მოუწევს მის შენახვაზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG