Accessibility links

logo-print

PR-ის პრობლემები და პირველი ინტერნეტკონფერენცია


საქართველოში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, რა არის ფიარი (PR) და რა სარგებლობა მოაქვს მას. ის კი არა და, ბევრისთვის ეს სიტყვა პოლიტიკური ოპონენტის ან ბიზნესკონკურენტის

ლანძღვა-გინებასთან ასოცირდება. როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ფიარის, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო იკიდებს ფეხს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებული მრავალი პრობლემა ერთად დაძლიონ, ფიარის სპეციალისტები ინტერნეტდიალოგს მართავენ. ინტერნეტგვერდზე - WWW.CONFERENCE.GE – ამგვარი დიალოგი 21 თებერვალს დაიწყო და 11 მარტამდე გასტანს. მოგითხრობთ საქართველოში ფიარის ზოგიერთი პრობლემისა და ვირტუალური კონფერენციის შესახებ.

როგორ გვესმის და რა არის ფიარი, მედიასთან ურთიერთობა, ღონისძიებათა მართვა, ონლაინ ფიარი, ფიარსაქმიანობის შედეგების გაზომვა, განათლება, პროფესიული ასოციაციების შექმნა და განვითარება - ეს ის ძირითადი საკითხებია, როლებზეც ფიარსპეციალისტები 18 დღის განმავლობაში ვირტუალურ მსჯელობას გამართავენ და თავიანთ სათქმელს დაუფარავად იტყვიან. ამ ინტერნეტკონფერენციას 8 ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებიან. ერთ-ერთია საკონსულტაციო ჯგუფ ”ჯეპრას” დირექტორი სოსო გალუმაშვილი, რომელიც ფიარის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს:

(სოსო გალუმაშვილის ხმა) ”ფიარის დრო ყოველთვის იყო და იქნება. არ არსებობს ორგანიზაცია, - ეს იქნება კერძო სამართლის სუბიექტი, არასამთავრობო თუ სამთავრობო, - საზოგადოებასთან ურთიერთობის საჭიროება არ ედგეს წინ. საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ზრდისათვის.” (სტილი დაცულია)

”ჯეპრას” ამჟამად დაახლოებით ორი ათეული დამკვეთი ჰყავს, რომელთა შორისაც “თიბისი” ბანკიც არის. მსხვილი და სახელიანი ორგანიზაციები ფიართან, რომ იტყვიან, უკვე ”შენობით” არიან და კარგადაც იციან ის, რაზეც გალუმაშვილი საუბრობდა. თუმცა ეს საქმე ბევრს ერთმანეთის ლანძღვა-გინებასა და ჩაძირვაშიც ხშირად ეშლება. ადამიანების ცნობიერებაში კვლავაც ტივტივებს ტერმინი - ”შავი ფიარი”. არადა, როგორც ჩანს, ის საქართველოში წარმოქმნილი ჰიბრიდია:

(სოსო გალუმაშვილის ხმა) ”ფიარის სამშობლოში ასეთი ტერმინი საერთოდ გაუგებარია. ვთქვათ, იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერაფრით ვერ მივახვედრე, რას ნიშნავდა ეს.” (სტილი დაცულია)

მართალია, ფიარსპეციალისტები შავი ფერის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ის, რაც ამ ფერის მიღმა იგულისხმება, გინდა არ გინდა, მაინც არსებობს:

(ტარიელ ზივზივაძის ხმა) ”სხვადასხვა ტიპის ფიარმაქინაციებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ის, რაც თქვენ ბრძანეთ. არის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომელთაც შეუძლიათ დიდი ზიანის მიყენება როგორც ბიზნესის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის.”(სტილი დაცულია)

ტარიელ ზივზივაძისთვის, როგორც ბიზნესეთიკის ასოციაციის ხელმძღვანელისთვის, ფიარმაქინაციების თემა მეტად პრობლემური და მტკივნეულია. და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხსენებულმა ასოციაციამ ფიარკონფერენციას თავისი ინტერნეტგვერდი დაუთმო, ამ პრობლემის დაძლევის იმედს უკავშირდება. ზივზივაძე იმედოვნებს, რომ ბიზნესფიარის კეთილსინდისიერების პრობლემას პროფესიონალების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შეჯერება დიდად წაადგება. ოდნავ მოგვიანებით კი ვირტუალური კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს პირადადაც შეხვდებიან:

(ტარიელ ზივზივაძის ხმა) ”ვინც დაინტერესდება და აქტიურად ჩაერთვება კონფერენციაში, ყველას მოვიწვევთ მშვენიერ ადგილას, ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე.” (სტილი დაცულია)

სპეციალისტების თქმით, მწარედ ცდება ის, ვისაც ფიარი რეალობის შელამაზება ჰგონია. გალუმაშვილი მათ ერთ რჩევას აძლევს:

(სოსო გალუმაშვილის ხმა) ”არანაირი შელამაზება არ უნდა მოხდეს რეალობის. უნდა მიეწოდოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ. მხოლოდ და მხოლოდ ამაშია წარმატების გასაღები. საქართველოში, კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაზე კარგად მუშაობს ანდაზა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო (იცინის).” (სტილი დაცულია)

არადა, ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით საქართველოში ტყუილი მოკლე ფეხებითაც შესანიშნავად გადაადგილდება და საკმაოდ შორსაც მიდის ხოლმე. თუმცა ის, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა მას ასეთი ბრძოლა გამოუცხადეს, უკვე კარგის ნიშანია. ისინი იმედოვნებენ, რომ ერთობლივი ძალებით ფიარს, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, უფრო სწორ კალაპოტში მოაქცევენ, განავითარებენ და მას ხალხის თვალშიც აამაღლებენ.
XS
SM
MD
LG