Accessibility links

logo-print

სამხედრო გაწვევა სიურპრიზებით: ყარაულში მხოლოდ ქალები მიდიან


საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც არმიის აღმშენებლობა პირველი რიგის პრიორიტეტად გამოაცხადა, კიდევ ერთხელ მოუწევს ამის დამტკიცება.

თებერვლის შუა რიცხვებიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყო საგაზაფხულო გაწვევის კამპანია, რომელმაც სამხედრო ძალების რიგები 4500 წვევამდელით უნდა შეავსოს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ერთი თვის წინანდელმა გადაწყვეტილებამ, ნახევარი წლით გაეზარდა მხედრული ვალდებულება, გამწვევ კომისიებს საქმე გაურთულა. არადა, ახალ კონტინგენტს მოუთმენლად ელოდებიან სამხედრო ნაწილებში, სადაც, რიგითი კონტინგენტის უყოლობის გამო, ყარაულში დგომა უკვე ქალებს და ოფიცრებს უწევთ.

კანონმდებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ საქართველოს მოქალაქეეებს სთავაზობს ფართო უფლებას გადაივადოს სამხედრო სამსახური. სწავლების განმავლობაში ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილია 110 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ესეც რომ არ იყოს, არსებობს 200-ლარიანი მოსაკრებელი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2001 წელს დააკანონა. თუმცა მიჩნეულია, რომ ქვეყანაში, სადაც გასაწვევი რესურსი 100 ათას კაცს აღწევს, ყოველთვის მოიძებნება 4000-მდე წვევამდელი, რომელიც სამხედრო ფორმას, პატრიოტული მოსაზრებით, უანგაროდ ჩაიცვამს. ასეთი ადამიანების მოძებნა თბილისის ქუჩებში ნამდვილად აღარ ჭირს.
[ერთ-ერთი წვევამდელის ხმა] “ახლა, როგორც დაიწყება გაწვევა, მივდივარ ჯარში. ეს სურვილი დიდი ხანია მქონდა, მაგრამ ახლა მომივიდა უწყება და მივდივარ.”

მაგრამ გაწვევის კამპანია - ისევე როგორც ყველაფერი, რაც სამხედრო სფეროს უკავშირდება - მომეტებულად განიცდის სხვადასხვა ცვლილებებს და სიურპრიზებს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, ნახევარი წლით გაზარდოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა, თუმცა უფრო ადრე გამოცხადდა, რომ მხედრული ვალდებულება ერთ წლამდე შემცირდა. როგორც სახელმწიფო გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა ცომაიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, გამწვევი რაიონული ორგანოები ელოდებიან გენერალური შტაბის დირექტივას, რა ვადები დაუთქვან წვევამდელებს, რომლებისთვისაც ერთი წლის ვადაა ცნობილი.


[ჯაბა ცომაიას ხმა] “დეკემბერში ხომ იყო ლაპარაკი ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ახლა ტელევიზიით გავიგე, რომ...( გენშტაბი აკეთებს, რას აკეთებს, ჩემამდე არ მოსულა) ისევ წელიწად-ნახევარია სამხედრო სამსახურის ვადა.”

კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რიცხვი 4500, რაც წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევის გეგმას შეადგენს, შესაძლოა, არც იყოს საბოლოო და რაოდენობა გაწვევის პროცესში გაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ დეკემბრის ბოლოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა დემობილიზაცია მოახდინა არა მხოლოდ იმ ჯარისკაცების, რომლებმაც კანონით დადგენილი სამსახური ვადაზე დაასრულეს, არამედ ისინიც, ვისაც 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია შედეგი: ბევრ სამხედრო ობიექტზე, სადაც განაწესის შესრულება სწორედ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს ევალებოდათ, ეს ვალდებულება ოფიცრებს და შტაბებში მომუშავე ქალებს დაეკისრათ:

[თავდაცვის აკადემიის რექტორის ხმა] “პატრულში და პოსტებზე, ჩვეულებრივად, კაცები დადიან და ქალი სერჟანტები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მორიგეობენ.”

მორიგი სამხედრო სავალდებულო გაწვევა შეიარაღებულ ძალებში მაისის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამავე პერიოდში საქართველოს არმია 14 წლისთავს იზეიმებს. ნიშანდობლივია, რომ 14 წლის განმავლობაში გაწვევის წესით დაკომპლექტებულ ქართულ სამხედრო ქვედანაყოფში სავალდებულო სამსახური არც ერთი მაღალჩინოსნის შვილს არ გაუვლია. გახდება თუ არა მიმდინარე საგაზაფხულო გაწვევა ამ მხრივ გამონაკლისი, ორ თვეში გაირკვევა.
XS
SM
MD
LG