Accessibility links

მთავრობა “სოციალურ პენსიებს” ვერ ელევა


არაერთი მცდელობის მიუხედავად, საპენსიო სისტემის რეფორმა საქართველოში მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და არაფერი შეცვლილა ბოლო

ერთი წლის განმავლობაშიც. შედეგად, საპენსიო ასაკს მიღწეული ყველა მოქალაქე, შრომითი სტაჟისა და გადასახადების მოცულობის მიუხედავად, კვლავ ერთნაირ - 28 ლარიან -პენსიას იღებს. და ეს მაშინ, როცა კანონში შესატანი ყველა ცვლილება, რომელიც უნიფიცირებული პენსიების მოქმედ სისტემას მოშლიდა, ჯერ კიდევ 2001 წელს იქნა მიღებული. რაშია საქმე, რატომ ვერ ხერხდება საპენსიო რეფორმის რეალურად დაწყება და ვინ ეწინააღმდეგება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიების დანიშვნას?

2004 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო მოწოდებები, ძირითადად, კორუფციასთან ბრძოლისა და სოციალური სამართლიანობის თემატიკით იყო დატვირთული. პარტიის საარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა საპენსიო სისტემის კრიტიკას. პოლიტიკური ძალა, გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულებას იღებდა, საპენსიო დავალიანებების გაცემის პარალელურად, აემოქმედებინა რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონი, რომელიც პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაანგარიშებას ითვალისწინებს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დანაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც შეასრულა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ გავაორმაგეთ პენსია, ჩვენ დავაბრუნეთ დავალიანების უმეტესი ნაწილი - ერთი სიტყვით, ჩვენ შევასრულეთ ყველა დაპირება. რა თქმა უნდა, 28 ლარი არ არის ის პენსია, რომელზეც შეიძლება არსებობა, მაგრამ ერთი წლის წინ რომ ვამბობდით, გავაორმაგებთო, ეჩვენებოდათ, რომ ეს ძალიან ბევრია.”

პენსიის გაორმაგებას ბევრი მოქალაქე სიხარულით შეხვდა, თუმცა იმის გათავალისწინებით, რომ საარსებო მინიმუმი, სულ ცოტა, ოთხჯერ მეტი მაინც არის, ყოველთვიურად გაცემულ 28 ლარს უფრო სოციალური შემწეობის სახე აქვს, ვიდრე პენსიის. ამ ფაქტს თავად პენსიონერებიც არ უარყოფენ:

[მამაკაცის ხმა] “პენსიონერი ვარ, ტრამვირებული და დასახიჩრებული. ტრამვირებული, თორემ ეს განა პენსიაა? ხალხი ისეა გაწამებული, რომ მეტი არ შეიძლება. ჩვენი თაობა, რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა, ძაან ცუდ მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ, ცელოფნით ვმარხავთ პენსიონერ მიცვალებულებს. “

ბატონი ილარიონი დასახიჩრებამდე მეტალურგიულ კომბინატში მუშაობდა და საკმაოდ მაღალ ხელფასსაც იღებდა, თუმცა მისი პენსია, მოქმედი სისტემის მანკიერების გამო, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანის პენსიისაგან, რომელსაც ერთი დღეც კი არ უმუშავია. არადა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საპენსიო სახსრების მობილიზებისა და განაწილების სისტემა ჯერ კიდევ 2004 წლის პირველი იანვრიდან უნდა შეცვლილიყო.

[კახა კუკავას ხმა] “ეს კანონი უკვე არის მიღებული, რომელიც ითვალისწინებს, ნაცვლად შემწეობის ტიპის პენსიისა, სადაზღვევო პენსიების გაცემას, ანუ ისეთი პენსიის გაცემას, რომელიც მომდინარეობს პიროვნების სტაჟიდან და დამსახურებიდან. მთავარია, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე გადავავადეთ, ამოქმედდეს. წინასაარჩევნო დაპირებებში ეს იყო, რომ როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ ამ კანონს ავამოქმედებთ, მაგრამ მოხდა პირიქით.”(სტილი დაცულია)

ეს საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუკავა იყო. მისი თქმით, კანონის გადავადება, ამჯერად უკვე 2006 წლის 1 იანვრამდე, მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტისაგან დამოუკიდებელი სოციალური დაზღვევის ფონდი გააუქმა, საეჭვოა ცვლილება მომავალი წლიდან მაინც შევიდეს ძალაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა საპენსიო ფონდშიც უჭირთ.

[ქალბატონის ხმა] “რომელ მოდელს გადაწყვეტენ და რას აირჩევენ, ეს ჯერ ცნობილი არ არის. ჯერჯერობით მიდის დებატები როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში.”

ერთი სიტყვით, ხელისუფლება მოქმედი საპენსიო სისტემის ერთგული რჩება, ანუ სახელმწიფო არ აძლევს მოქალაქეებს უფლებას იზრუნონ საკუთარ სიბერეზე. გამონაკლისს მხოლოდ დეპუტატები და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები წარმოადგენენ, რომლებიც, რიგითი ადამიანებისაგან განსხვავებით, საყოველთაო 28 ლარის ნაცვლად, გაზრდილ, ლამის ხელფასის ოდენა, პენსიებს იღებენ.
XS
SM
MD
LG