Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშის ვიზიტი ევროპაში ტრანსატლანტიკური განხეთქილების დასრულების იმედის ფონზე


დღეს ოფიციალურად დაიწყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტურნე ევროპაში. ჯორჯ ბუში 20 თებერვალს ჩავიდა ბელგიის დედაქალაქში.

ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობისას ბუში უფრო შემრიგებლური იქნება შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთობაში, რადგან ევროპის მხარდაჭერას ვაშინგტონისთვის არაერთ საკითხში ენიჭება არსებითი მნიშვნელობა. ამავე დროს, არავინ მოელის რადიკალურ გარღვევას რამდენიმე რთულ სფეროში, როგორიც არის ირანი, ევროპის კავშირის გეგმა, ჩინეთს იარაღის ემბარგო მოუხსნას ან დედამიწაზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები.

დღეს ჯორჯ ბუშმა სიტყვა წარმოთქვა ევროკავშირის ლიდერთა წინაშე. ამ გამოსვლიდან ჩვენი მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო ნაწყვეტებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ ბუშის ვიზიტი ევროპაში რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ორშაბათი ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრასა და საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან ვახშამს ეთმობა, სამშაბათს ჯორჯ ბუში მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკოც იქნება. ამის შემდეგ ის გერმანიაში, მაინცში გაემგზავრება, იქიდან კი - სლოვაკეთში, რომლის დედაქალაქშიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს.

ორი კვირის წინათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პარიზში გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრანს-ატლანტიკური განხეთქილებისგან "მხოლოდ თავისუფლების მტრები" იხეირებენ.

მოკლედ შეგახსენებთ ე.წ. "ტრანსატლანტიკური განხეთქილების" უახლეს ისტორიას: 2003 წელს გერმანიამ, საფრანგეთმა და რუსეთმა ხელი შეუშალეს გაეროს მიერ ერაყში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ე.წ. "ძველი ევროპა", როგორც მას თავის დროზე შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა უწოდა, დღემდე ეწინააღმდეგება ერაყის მოვლენებში ნატოს ძალების ჩაბმას. 2005 წლის იანვრიდან ბუში გაიძახის, რომ არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედების დაწყებას ირანის წინააღმდეგ. ევროპელებს ეს ძალიან აშფოთებთ; აკი ევროკავშირი ცდილობს კიდეც (მართალია, დღემდე წარუმატებლად) ირანთან მოლაპარაკების გზით მოაგვაროს ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამების შეჩერების საკითხი; 1997 წელს ჯორჯ ბუშმა მიიღო გადაწყვეტილება კიოტოს ოქმიდან შეერთებული შტატების გაყვანის შესახებ იმ მოტივით, რომ ამ ხელშეკრულების წევრობა შტატების ეკონომიკისთვის საზიანოა. შეერთებული შტატები წინააღმდეგია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსიც, რადგან შიშობს, რომ ეს სასამართლო ამერიკელი ჯარისკაცების ავტორიტეტის შესალახად იქნება გამოყენებული. ეს არის არასრული ჩამონათვალი საკითხებისა, რომლებზეც ევროპასა და ვაშინგტონს შორის შეუთანხმებლობა არსებობს.

ახლა კი ბრიუსელში ჯორჯ ბუშის გამოსვლას დავუბრუნდეთ. აი, რა თქვა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ:

[ბუშის ხმა]
"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალ დემოკრატიებს. ჩვენი ალიანსის წევრებმა კვლავაც უნდა განაგრძონ საქართველოსთან ურთიერთობა. გასული წლის მშვიდობიანმა საპორტესტო აქციებმა იქ შესაძლებელი გახადა "მოპარული არჩევნების" გაუქმება და გზა მისცა დემოკრატიული ცვლილებების მომხრე ძალებს."

ჯორჯ ბუში უკრაინის თემასაც შეეხო და მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის გაწევრიანების ნატოში:

[ბუშის ხმა]
"ვინაიდან უკრაინაში ძალაუფლება თავისუფალი მთავრობის ხელშია, ვინაიდან უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი იუშჩენკო სასიცოცხლო რეფორმების გატარების გზას მისდევენ, უკრაინა უნდა გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი."

ბუშმა რუსეთზეც ისაუბრა და რწმენა გამოთქვა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროპის ოჯახის წევრობაშია:

[ბუშის ხმა]
"ასევე მჯერა, რომ რუსეთის მომავალი ევროპის ოჯახის წევრობასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ძევს. ამერიკა მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, ვინაიდან ამ ორგანიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილება რუსეთში თავისუფლებისა და კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ევროპულ სახელმწიფოდ ქცევისთვის რუსეთის მთავრობამ უნდა განაახლოს ზრუნვა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად. კარგად გვესმის, რომ რეფორმა ერთ ღამეში არ მოხდება. თუმცა, რუსეთს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი ალიანსი მხარს უჭერს პრესის თავისუფლებას, სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციის არსებობას, ძალაუფლების გადანაწილებასა და კანონის უზენაესობას. შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ყველა ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმები რუსეთთან დიალოგის წარმოების საფუძვლად უნდა აქციონ."

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯორჯ ბუშის ევროპული ტურნე სლოვაკეთში დასრულდება, სადაც ის ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. საინტერესოა ცნობა, რომელიც - სლოვაკეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით - "ფრანს პრესის" სააგენტომ გაავრცელა. კერძოდ, სააგენტო "მარკანტის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სლოვაკების 43 პროცენტის აზრით, მსოფლიოში დემოკრატიის გარანტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია და მხოლოდ 36 პროცენტის ფიქრობს, რომ დემოკრატიას ყველაზე უკეთ ჯორჯ ბუში იცავს. ამას გარდა გამოკითხული სლოვაკების 72 პროცენტი წინააღმდეგია ერაყში მათი ქვეყნის ჯარების ყოფნისა. აი, ასეთი ფონი უძღვის წინ სლოვაკეთში ჯორჯ ბუშის ვიზიტს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG