Accessibility links

რეპინის უარი


მოსკოვის სახელმწიფო არქივში გაიხსნა 80 წლის წინ შედგენილი დოკუმენტი,

რომელიც ცხადყოფს, რაოდენ უშედეგოდ ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლება საბჭოთა კავშირში დაებრუნებინა ყველაზე პოპულარული მხატვარი რუსეთის ისტორიაში, ილია რეპინი. რეპინი ფინეთიდან არ ჩამოსულა, თუმცა მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საბჭოთა სოცრეალიზმის ჩამოყალიბებაზე, იმოქმედა ქართული საბჭოთა ფერწერის სტილზეც... რაც ბუნებრივია, მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ სიმპათიას ილია რეპინი არასდროს მალავდა. მინდა “ოქროს საუკუნის” დღევანდელ გამოშვებაში ეს დოკუმენტი გაგაცნოთ.


რუსეთში ილია რეპინის სურათების ასლები ხალხს სასადილო და საწოლ ოთახებში, სამზარეულოებში უკიდია. რეპინი მოსწონდა და მოსწონს ყველას, ტოლსტოიდან და დოსტოევსკიდან დაწყებული და დღევანდელი “ახალი რუსებით” დამთავრებული. ხალხს მოსწონდა და მოსწონს მისი სურათები, რადგან რეპინთან “ცხვირი – ცხვირს ჰგავს” და “თვალი – თვალს”. მის ნამუშევრებში ყველაფერი გასაგებია, თანაც ძალიან ემოციური. ეს დრამატიზმია, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ ამ სახელგანთქმული მხატვრის სურათებს “კიტჩად”, უგემოვნობად თითქმის არავინ აღიქვამს. ეს დრამატიზმი და ეფექტურობა არის იმის მიზეზიც, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ რამდენჯერმე შესთავაზა რეპინს სამშობლოში დაბრუნება.

ბოლშევიკურ სამშობლოს კი ყველაზე პოპულარული რუსი მხატვარი თავად ისტორიამ მოსწყვიტა. 1903 წელს რეპინი გადასახლდა დაბა კუოკალაში, პეტერბურგთან... 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბა, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ფინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. რეპინი უკვე ცოცხალი აღარ იყო, როცა რუსეთმა ხელახლა წაართვა ეს დაბა ფინეთს. დაბას რეპინო უწოდეს... და მოსახლეობას სიმართლე დაუმალეს – რეპინის თაყვანისმცემლებმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიტყვეს 80 წლის წინ ზინოვიევის მიერ შექმნილი დოკუმენტის შესახებ, რომელშიც რუსეთის ცეკას ერთ-ერთი ლიდერი პირადად ავალებს ლუნაჩარსკის, უზრუნველყოს ხალხის საყვარელი მხატვრის საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ბოლშევიკებს ძალიან უნდოდათ ლენინგრადში აღენიშნათ მხატვრის 80 წლის იუბილე, მაგრამ რეპინმა ლუნაჩარსკის თხოვნა უპასუხოდ დატოვა, თავის მეგობარს, ვლადიმირ ზეელს კი ასეთი წერილი გაუგზავნა:


“რატომ უნდა წავიდე ამ მონურ ქვეყანაში, სადაც გამართულად წერაც კი არ იციან... ქვეყანა მონების ფარამ დაიპყრო.”

ხალხი მაინც მოითხოვდა ილია რეპინის დაბრუნებას. ბოლშევიკური ხელისუფლება იძულებული გახდა ახლა უკვე შანტაჟისთვის მიემართა. რეპინის ნათესავები რუსეთში საშინელ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, მხატვართან ურთიერთობის საშუალებას და, მით უმეტეს, ფინეთში გამგზავრების უფლებას მათ არ აძლევდნენ. მეორედ მას მოწვევა 1926 წელს გაუგზავნეს. რეპინმა სამშობლოში ჩასვლაზე ისევ უარი თქვა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და ვოროშილოვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საბჭოთა ხელისუფლებას ფინანსურ დახმარებას სთხოვდა. სტალინის ბრძანებით, რეპინს “სახალხო მხატვრის” წოდება მიანიჭეს, ვოროშილოვმა რეპინს წერილი გაუგზავნა – მხატვარს და მის ოჯახს ბინას, სახელოსნოს, ხელფასს დაპირდა. არც ამან გაჭრა. მოხუცი მხატვარი ხან რას იმიზეზებდა და ხან რას. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ნათესავების ბედი აწუხებდა, ამიტომ პირდაპირ ვერ უტევდა საბჭოთა რეჟიმს. დასავლეთში გადახვეწილი სხვა რუსი ემიგრანტებისგან განსხვავებით, რეპინს კრემლი სიცოცხლის ბოლომდე ეკეკლუცებოდა ერთი უბრალო მიზეზით: რუსი “პერედვიჟნიკის” ესთეტიკა საფუძველს ქმნიდა სოციალისტური რეალიზმისთვის. თავად სტალინს არაერთხელ უთქვამს, რომ სწორედ რეპინია “რუსეთის რევოლუციის სარკე” მხატვრობაში. კრემლის უშუალო მითითებით, 30-იანი წლების სასკოლო სახელმძღვანელოებში ჩართეს ფოტოები რეპინის სურათებისა - “ივანე მრისხანე და მისი ვაჟი” და “ზაპოროჟიელები”. ქარხნებსა და ფაბრიკებში, პარტიულ კრებებზე მოსახლეობა მსჯელობდა რეპინის სურათზე “არ მელოდით?”, რომელშიც ილია რეპინმა გადასახლებიდან დაბრუნებული რუსი რევოლუციონერის სახე შექმნა. ილია რეპინის შემოქმედება საქართველოშიც აიტაცეს, მით უმეტეს, რომ აქ ყველამ იცოდა რეპინის მეგობრობის შესახებ ცნობილ ფიზიოლოგ ივანე თარხნიშვილსა და მის ოჯახთან - რეპინმა ხომ თარხნიშვილის რამდენიმე პორტრეტი შექმნა. იმდენად შეუყვარდა ქართველები, რომ, ზედიზედ, რამდენჯერმე იმოგზაურა თბილისში, ბათუმში, აბასთუმანში.


პეტერბურგში, სამხატვრო აკადემიის საიუბილეო გამოფენაზე, ილია რეპინმა წარმოადგინა სურათი “თბილისის ქუჩა”. 1881 წელს შესრულებული ეს ტილო, რომელიც ამჟამად ფსკოვის მუზეუმში ინახება, ერთ-ერთი პირველი ფერწერული ტილოა, რომელზედაც საქართველოს დედაქალაქია გამოხატული. რეპინის “ფოტოგრაფიული რეალიზმი” სრულ უფლებას გვაძლევს აღვიქვათ ეს ტილო, როგორც ისტორიული დოკუმენტი. 1896 წელს ილია რეპინი პეტერბურგში აქვეყნებს წერილს, სათაურით “საჭიროა თუ არა ხელოვნების სკოლა თბილისში”, რომელშიც წერს:

“თბილისში აუცილებელია დაარსდეს სამხატვრო ოაზისი. სათავეს მას დაუდებს ისეთი რაციონალური სკოლა-სტუდია, როგორი სკოლა-სტუდიებიც არსებობდა იტალიაში მხატვრობის აყვავების დროს.”

ილია რეპინი მეგობრობდა ქართული დაზგური ფერწერის ფუძემდებლებთან - მოსე თოიძესთან, გიგო გაბაშვილთან, ალექსანდრე მრევლიშვილთან. თოიძის ნიჭით აღფრთოვანებული მხატვარი საქართველოს შესახებ წერდა:

“არ შეიძლება დავუშვათ, რომ თავისი ხასიათით ეს გასაოცარი ქვეყანა არ ბადებდეს მხატვრულ ძალებს. მე მწამს, რომ კავკასიის მხატვრული ხანა წინ არის. ეს შესანიშნავი, მშვენიერი ქვეყანა მოგვცემს მხატვრებს, რომლებიც ღირსეულად ასახავენ მას ხელოვნებაში.”

ასეთი “მხატვრული ხანა” საქართველოში მართლაც დადგა 20-იან წლებში, როცა თბილისში პარიზიდან დაბრუნდნენ ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე... 20-იანი წლების ქართველი ავანგარდისტები რეპინის ხელოვნებას ფერწერად არც კი მიიჩნევდნენ. “პერედვიჟნიკების” ფოტოგრაფიული რეალიზმი მათთვის სრულიად უცხო იყო.

მაგრამ არ იყო უცხო სოცრეალიზმის იდეის ავტორისთვის, მაქსიმ გორკისთვის, რომელიც რეპინთან მეგობრობდა და, რა თქმა უნდა, სტალინისთვის. მისი პირადი მითითებით, 30-იან წლებში რეპინის შემოქმედების პროპაგანდა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყო... და, რა თქმა უნდა, დაიწყო საქართველოშიც. მით უმეტეს, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში იმხანად რეპინის მოწაფეები და მისი თაყვანისმცემლები ასწავლიდნენ. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ “პერედვიჟნიკების” - განსაკუთრებით რეპინის - პოპულარიზაციამ საგრძნობლად შეაფერხა ქართული ფერწერის განვითარება:


[გოგი ხოშტარიას ხმა] “გარკვეული აკადემიური ტრადიცია არსებობდა, ასწავლიდნენ დუდა გაბაშვილი, სერგო ქობულაძე, მაგრამ მხატვრობა იყო “დამხრჩვალი”, ეგრეთ წოდებული სოცრეალიზმი, რომელიც იყო მაიდეალიზებელი ნატურალიზმის... ნატურალიზმისა და იდეალიზაციის შეხამება რაღაც კოშმარს იძლეოდა. “პერედვიჟნიკები” კრიტიკულად მაინც იყვნენ განწყობილნი სინამდვილისადმი. იდეალი იყო რეპინი, ოღონდ რეპინით დანახული ბედნიერი ცხოვრება... უმცირესი გაფიქრებაც კი მხატვრულ ენაზე... პირდაპირ ძირშივე იკვეთებოდა. კაკაბაძე, ფაქტობრივად, ამას შეეწირა.”(სტილი დაცულია)

დღეს, კაგებეს გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ნათელი ხდება, რატომ ეხვეწებოდნენ ამდენს რეპინს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. კრემლს, როგორც ჩანს, დასჭირდა დაჩაჩანაკებული, მაგრამ მაინც “ცოცხალი განსახიერება” ერთგვარი ანტიფერწერისა, ანტიხელოვნებისა, რომელიც მასების კულტურულ დეზორიენტაციას შეუწყობდა ხელს. რეპინის ხელოვნება ჰგავდა “ფრანკენშტაინის ურჩხულს”, რომელიც ძალიან სჭირდებოდა საბჭოთა იდეოლოგიას 30-იან წლებში. ასეთი სოციალური ნატურალიზმი კულტურას იდუმალებას წაართმევდა, ხოლო საზოგადოებას ფიქრის, აზროვნების მოთხოვნილებას ჩაუკლავდა. “გაცოცხლებული ურჩხული” მერე დაერეოდა ჭეშმარიტი ფერწერის წარმომადგენლებს და, გოგი ხოშტარიას თქმისა არ იყოს, “დაახრჩობდა” მათ.

ასეც მოხდა. თუმცა ყველგან არა. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველომ ადვილად მოინელა ყველაზე პოპულარული რუსი მხატვრის “პოეტიკა”: მხატვრების ახალმა თაობამ რეპინის ანტიპოდებს – ფრანგ იმპრესიონისტებს -მიმართა. ფერწერა, რომლის დევიზია “ცხვირი ჰგავს? ჰგავს”, მაინც ვერ მოუშინაურდა ქართულ მხატვრულ ფორმას. განსხვავებით რუსეთისგან, სადაც ილია რეპინის “ივანე მრისხანე კლავს თავის შვილს” დღესაც ეროვნული ფერწერის “ჰიტად” რჩება. რეპინი იქ უყვარს ყველას – “ახალი რუსებით” დაწყებული, პრეზიდენტით და ყოფილი პრეზიდენტებით დამთავრებული.
XS
SM
MD
LG