Accessibility links

ხელისუფლება “მაგისტრალური გაზსადენის” გაყიდვას აპირებს


“აგრესიული პრივატიზების” წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება “თბილავიამშენის”, “ჭიათურმანგანუმის”, “საოკეანო სანაოსნოსა” და სხვა, შედარებით მსხვილი,

ობიექტების სარფიანი გაყიდვით იწონებს თავს. თუმცა, შესაძლოა, ეს ჩამონათვალი სულ მალე, “მაგისტრალური გაზსადენის” გაყიდვის ხარჯზე, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს იტალიური გაზეთის “ლა სტამპას”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, გაზსადენის მიყიდვის თაობაზე მოლაპარაკება რუსულ ენერგეტიკულ გიგანტთან - “გაზპრომთან” მიმდინარეობს. სულ 2005 წლის განმავლობაში ხელისუფლება პრივატიზების პროცესიდან 400 მილიონი ლარის მიღებას აპირებს. რა სიკეთე მოუტანა მასობრივი პრივატიზების პროცესმა რიგით მოქალაქეებს და ვის ინტერესებშია “მაგისტრალური გაზსადენის” რუსული გიგანტისთვის მიყიდვა?
ხელისუფლება, თუ სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს დავესესხებით, სინდისის გარდა, ყველაფერს ყიდის. თუმცა სულ რაღაც ერთი წლის წინ ყველაფრის გაყიდვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ კანონით აკრძალული იყო. კერძოდ, არ შეიძლებოდა წიაღისეულის, წყლის რესურსების, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, რკინიგზისა და გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზება. მაგრამ, კანონში შეტანილი ცვლილების წყალობით, ერთი წლის წინ დაწყებული “აგრესიული პრივატიზების” პროცესი დღემდე სერიოზული შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
[კახა დამენიას ხმა] “ერთ-ერთ წინა აუქციონზე ობიექტი გვქონდა გამოტანილი 350 ათას დოლარად და 953 ათასად გაიყიდა...”
ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას განცხადებით, სულ მიმდინარე წელს ხელისუფლება სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 400 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს. ცხადია, გეგმა გადაჭარბებით შესრულდება, თუკი მთავრობა გასაყიდად “მაგისტრალურ გაზსადენსაც” გაიმეტებს. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გაზსადენის პირივატიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რუსულ “გაზპრომთან” წარმოებს:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] “კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის მიღებული, როგორც პრეზიდენტმაც განაცხადა. საკითხი იხილება, მიმდინარეობს კონსულტაციები და მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, ამის შესახებ იქნება ცნობილი. თუმცა ერთ-ერთ სერიოზულ პრეტენდენტად “გაზპრომი” იხილება.”(სტილი დაცულია)
რუსული სახელმწიფო კომპანიისათვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის წინააღმდეგ გამოდის საპარლამენტო ოპოზიცია. მაგალითად, “კონსერვატორები” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან. ორიოდე თვის წინ პარლამენტში დაბარებულმა ბენდუქიძემ ოპონეტთა ანალოგიურ ბრალდებას ასე უპასუხა:
[კახა ბენდუქიძის ხმა] “მათი აზრით, მე ვარ რეზიდენტი, ამაზე აზრი უნდა შეაყენოს ყველამ თავისით. ამისთვის ჩვენ გვყავს უშიშროების სამინისტრო, სხვა ძალოვანი სტრუქტურები და, გარდა ამისა, პრეზიდენტი, რომელიც, თუ იგრძნობს უნდობლობას ჩემდამი, ალბათ, უმალვე გამათავისუფლებს, რადგან არავითარი პოლიტიკური ძალა მე არ გამაჩნია და არ შემიძლია რამენაირად დავაბრკოლო ეს პროცესი და არც მინდა.”
თუმცა, პოლიტიკური ოპონეტების გარდა, მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის ეფექტურობას ეჭვის თვალით უყურებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიისათვის საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა აუცილებლად დააზარალებს საქართველოს ყველაზე დიდი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინტერესებს:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] “შეიძლება ბენდუქიძეს არ ანაღვლებს ბევრი რამ, მაგრამ ამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სტაბილურობა, ამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ამერიკის მხრიდან საიმედო მხარდაჭერა იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს მარტოდმარტო მგლის ხახაში. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ “გაზპრომთან” ეს მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში რამენაირად იყოს დაბალანსებული იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოიწვიოს ამერიკის უკიდურესი გაღიზიანება.”
ბოლოს კი იმის შესახებ, თუ როგორ აისახა პრივატიზების პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე და რა სიკეთე მოუტანა რიგით მოქალაქეებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთწლიანმა მოღვაწეობამ:
[მამაკაცის ხმა] “უბრალოდ, ყველაფერს მოემატა ფასი...”
[მამაკაცის ხმა] “ქვეყნისათვის გაუმჯობესდა, ჩემთვის გაუარესდა მხოლოდ.”
[მამაკაცის ხმა] “ნორმალური ხელფასი უნდა გქონდეს ადამიანს - მასწავლებელი იქნება ეს თუ სხვა, რომ ყიდვის უნარი ჰქონდეს.”
[მამაკაცის ხმა] “ჩემთვის გაუარესდა. პროდუქტებზე მოემატა ფასი და ვერაფერს ვყიდულობ.”
XS
SM
MD
LG