Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაზრობებზე სიგარეტს ვეღარ გაყიდიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საგადასახადო დეპარტამენტი, უაქციზო თამბაქოს ნაწარმთან ბრძოლის მიზნით, ბაზრებში და ბაზრობებზე სიგარეტით ვაჭრობას კრძალავს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით,

კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაცია სწორედ ამ ტიპის სავაჭრო წერტილებში ხდება. შემცირდება თუ არა საქართველოში ამ გადაწყვეტილების შემდეგ სიგარეტის კონტრაბანდა და იმოქმედებს თუ არა ბაზრობებზე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის აკრძალვა მის ფასზე?

საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით გალეგაშვილის ინფორმაციით, 1 მარტიდან ბაზრებში და ბაზრობებზე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალება. ამის შესახებ გადაწყვეტილება, საგადასახადო დეპარტამენტის გარდა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივად მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კონტრაბანდული საქონლის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა მაინც ხდება და ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე უაქციზო სიგარეტების მოზღვავებაც იგრძნობა. თამბაქოს კონტრაბანდა მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც 1 იანვრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადმა მოიმატა. კონტრაბანდული სიგარეტი აქციზურ ნაწარმთან შედარებით იაფია. ამან კი, თავის მხრივ, თამბაქოს ოფიციალურ იმპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან ბაზრობებზე სიგარეტით მოვაჭრენი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის აკრძალვა მათ შემოსავალს შეუმცირებს. თბილისის ვაგზალთან არსებული ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე კი ფიქრობს, რომ ამ აკრძალვით თავად კონტრაბანდული სიგარეტი მაინც არ გაქრება, რადგან, ბაზრობების გარდა, მათი რეალიზაციის სხვადასხვა გზები არსებობს:
[სიგარეტით მოვაჭრის ხმა] ”ისედაც გაძვირებულია სიგარეტი აქციზური გადასახადის მომატების შემდეგ. რაც შეეხება კონტრაბანდის კლებას, ძალიან მეეჭვება, რომ ბაზრებზე და ბაზრობებზე გაყიდვის აკძალვამ რამენაირად შეაფერხოს კონტრაბანდა, იმიტომ რომ არსებობს ათასი გზა რეალიზაციისა. თანაც მწეველს საშუალება ჰქონდა აერჩია - თუ ძვირად ღირებულ სიგარეტს ვერ გასწვდებოდა, ეწეოდა იაფფასიან კონტრაბანდულ სიგარეტს. მაგრამ ამ პირობებში, ალბათ, ბევრი დაანებებს თავს მოწევას.” (სტილი დაცულია)

ბაზრებში და ბაზრობებზე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვას ფინანსური პოლიცია გააკონტროლებს, ხოლო მათ, ვინც ცდუნებას ვერ გაუძლებს და სიგარეტს ბაზრობაზე გაყიდის, სერიოზული ჯარიმები ემუქრება. სიგარეტის რეალიზაციის შემთხვევაში დაჯარიმდებიან გამყიდველები და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ”ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ბაზრების ხელმძღვანელებთან, ამიტომ მათგან პრობლემებს არ ველით“, - აცხადებს ფინანსური პოლიციის შეფი დავით კეზერაშვილი.
კეზერაშვილი ასევე არ იზიარებს თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრეთა შიშს სიგარეტის გაძვირების თაობაზე და ფიქრობს, რომ ბაზრებში და ბაზრობებზე სიგარეტის რეალიზაციის აკრძალვა არ გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, რადგან მსხვილ მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს თავად აქვთ სარეალიზაციო ქსელები და თამბაქოს ნაწარმს სწორედ ამ ქსელების მეშვეობით იმავე ფასში გაყიდიან.
XS
SM
MD
LG