Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კონსტიტუციის შეცვლის პროცესი გრძელდება


სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტს. დეპუტატებმა მეორე მოსმენით დაადასტურეს, რომ მომავალ პარლამენტს

235-ის ნაცვლად 150 დეპუტატი ეყოლება.
პირველი მოსმენით დამტკიცებულია კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების გაერთიანებულ სამინისტროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდა. დეპუტატების შენიშვნები სწორედ ამ ცვლილებას უკავშირდებოდა, რადგან ორი უწყებიდან ერთ სტრუქტურად გარდაქმნილი სამინისტროს ფუნქციები ჯერჯერობით გაურკვეველია. მოგითხრობთ პარლამენტში გამართულ დებატებზე:

ორი სახელწოდების ნაცვლად ერთი რჩება, ანუ პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ნაცვლად გაერთიანებულ უწყებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერქმევა. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით სამშაბათს დაამტკიცა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ცვლილება მხოლოდ რედაქციული ხასიათისაა, რადგან უშიშროების სამინისტრო გაუქმებულია, თუმცა მოქმედ კონსტიტუციაში ეს უწყება კვლავ მოიხსენიება. ამ საკითხის განხილვამ მხოლოდ ოპოზიციური პარტიების შეკითხვები გამოიწვია. რესპუბლიკელებსა და კონსერვატორებს, რომლებიც გაერთიანებული სამინისტროს ფუნქციების დაკონკრეტებას მოითხოვდნენ, ლევან ბეჟაშვილმა ვითარება ამგვარად განუმარტა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ,,მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა სახის ფუნქციები ექნება მომავალში ასეთ სამინისტროს, განსასაზღვრი იქნება პარლამენტის მიერ.” (სტილი დაცულია)

საუბარია პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოქმედი კანონების შეცვლაზე, რასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. მანამდე კი არცთუ გასაგებია, თუ როგორ გაიმიჯნება აღორძინებულ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა და ქვეყნის ინტერესთა დაცვის ფუნქციები. ორი უწყების გაერთიანებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლიათ პარლამენტის რესპუბლიკელ დეპუტატებს:


[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ასეთი ორი სამინისტროს შერწყმა განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ძალიან სახიფათოა, ვინაიდან პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამ სამინისტროში დღეს, მას პირობითად შეგვიძლია სუკიზაციის, ან კაგებიზაციის პროცესი ვუწოდოთ. მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ კოლეგებს, სერიოზულად დაფიქრდნენ, ვიდრე ხმას მისცემდნენ ამ გადაწყვეტილებას.” (სტილი დაცულია)

თუ რამდენად სერიოზულად დაფიქრდნენ ივლიანე ხაინდრავას მოწოდების შემდეგ მისი კოლეგები, ვერ გეტყვით, მაგრამ 181 დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ხალხში, უბრალოდ, მერაბიშვილის სამინისტროდ მოხსენიებული უწყებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დარქმევას. სამშაბათსვე პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება. სიახლეა ის, რომ მომავალ პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება, ათის ნაცვლად, მინიმუმ 7 დეპუტატი. თუმცა ამ საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოოდ ამოქმედებას სჭირდება კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პარლამენტს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განუმარტა:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] ,,ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ. აქ საუბარია ცვლილებებზე მაჟორიტარების არჩევის წესთან დაკავშირებით.” (სტილი დაცულია)

ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიამ რესპუბლიკელების შენიშვნა გაითვალისწინა, რადგან დასაზუსტებელია, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ 85-ის ნაცვლად 50 მაჟორიტარი.
კიდევ ერთი დეტალი პარლამენტის სხდომიდან: უკვე ვაკანტურია რუსეთში საქართველოს ელჩის პოსტი, რადგან მის ბოლო მფლობელს დეპუტატებმა უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გასული ხუთშაბათიდან ამ სამშაბათამდე ერთდროულად ორ მოვალეობას ასრულებდა ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც ფინანსთა მინისტრად ისე დაამტკიცეს, რომ ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ. ამ მხრივ, ჩეჩელაშვილმა აჯობა კემულარიას, რომელიც გასულ ხუთშაბათს, იუსტიციის მინისტრად დამტკიცების შემდეგ, რამდენიმე წუთით პარალელურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც იყო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG