Accessibility links

logo-print

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება


საქართველოში მიმდინარე რეფორმების შედეგად, რაც, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაში გამოიხატება,

ათობით ათასი მოქალაქე უმუშევარი დარჩა. საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი აქამდეც აღემატებოდა იმ ზღვარს, რომელიც კრიტიკულ ზღვრადაა მიჩნეული, ანუ უმუშევრობის 25 პროცენტიან მაჩვენებელს. როგორი ტენდენცია ყალიბდებოდა ბოლო წლების მანძილზე დასაქმების სფეროში და რას აკეთებს ხელისუფლება მასზე ზეგავლენის მოსახდენად?

[ისმის უმუშევართა აქციის ხმა]

თბილისში ასეთი საპროტესტო აქციები სულ უფრო ხშირად იმართება. მისი მონაწილენი ხელისუფლებისგან სამუშაო ადგილებს მოითხოვენ. უმუშევრობის პრობლემა მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა შემცირება დაიწყო.

[ისმის უმუშევრის ხმა] ”ჩემთვის უბედურება ისაა, რომ ვერსად რიგით სამუშაოს ვერ ვშოულობ. მე მათ ვთხოვ, ასე თუ ისე მაინც არის ვაკანსიები სახელმწიფო დაწესებულებებში. გინდა პარლამენტში და გინდა ერთიან ფონდში მხოლოდ ძმაბიჭობით და ნაცნობობით მოჰყავთ. მე პიროვნება თუ მაჯობებს, იყოს და იმუშაოს.”(სტილი დაცულია)

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით, უმუშევრობის 25 პროცენტიანი მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალ მაჩვენებლადაა მიჩნეული. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს ქალაქებში არსებული უმუშევრობის დონე 35 პროცენტს აღწევს.

[ნოდარ კაპანაძის ხმა] ”სოფელში არაფერი არ იცვლება, ბუნებრივი უმუშევრობის დონის მიდამოებში მერყეობს უმუშევრობის მაჩვენებელი სოფლად. ხოლო ქალაქად უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. და განსაკუთრებით უმუშევრობის მაჩვნებელი ძალიან მაღალია თბილისში, სადაც დაახლოებით 35 პროცენტამდე არის და განსაკუთრებით მაღალი ის არის ახალგაზრდებში. ეს არის დაახლოებით 50 პროცენტი, რაც მთლად კარგი ტენდენცია ვერ არის.”(სტილი დაცულია)

ეს არის ნოდარ კაპანაძე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი. მისი სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში უმუშევრობის დონე თანდათან იზრდება.
ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სოფლის მოსახლეობა მხოლოდ პირობითად დასაქმებულად ითვლება, რადგან მცირემიწიან მეურნეობებში თვითდასაქმება ნაკლები ეფექტის მომტანია. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ შეგროვებულ ამ ინფორმაციის საფუძველზე უნდა ხდებოდეს საქართველოს მთავრობის სოციალური პოლიტიკის განხორციელება. თუ რას აკეთებს იგი უმუშევრობის ზრდის შესაჩერებლად, ამის გასარკევევად სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს დირექტორს ლევან ფერაძეს დავუკავშირდი:

[ლევან ფერაძის ხმა] ”მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია დარეგისტრირებულ უმუშევრებზე. მათი რიცხვი 4 ათასით გაიზარდა და 60 ათასი შეადგინა. მათთვის ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები...”

ეს პროგრამები რომ ნაკლებად ეფექტურია და არ ვრცელდება რეალურად დაუსაქმებელ მოქალაქეთა უმრავლესობაზე, ამაზე ბოლო დროს გახშირებული სოციალური ხასიათის აქციებიც მეტყველებს.

[ისმის აქციის ხმა]
XS
SM
MD
LG