Accessibility links

რას შეიძლება ველოდეთ ბრატისლავის სამიტისგან?


ხვალ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მოეწყობა.

ჯორჯ ბუშსა და ვლადიმირ პუტინს უწინაც არაერთხელ უთქვამთ და ახლაც ხშირად იმეორებენ, რომ პირადი მეგობრობა აკავშირებთ. მაგრამ ვაშინგტონისა და მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლების - განსაკუთრებით კი საგარეო და სამხედრო უწყებების მაღალი რანგის პირების - ბოლოდროინდელმა ურთიერთბრალდებებმა ვითარება დაძაბა და ბევრს "ცივი ომის" დრო მოაგონა. როგორი იქნება ბუშისა და პუტინის ხვალინდელი შეხვედრა? ამ კითხვას საქართველოშიც ბევრი სვამს, რადგან პრეზიდენტთა მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა - როგორც თბილისში იმედოვნებენ - საქართველოც უნდა იყოს.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერთა ბოლო შეხვედრა წელიწადნახევრის წინათ, 2003 წლის სექტემბერში გაიმართა კემპ დევიდში. მაშინ მხარეთა ურთიერთპრეტენზიები ძირითადად ორ საკითხს უკავშირდებოდა: პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას უკმაყოფილება გამოუთქვა ერაყში ვაშინგტონისა და მისი მხარდამჭერების სამხედრო ოპერაციის გამო; ბუშმა კი მოსკოვს ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობისთვის უსაყვედურა.

მას შემდეგ იმ საკითხების სია, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოებას იწვევს, საგრძნობლად გაიზარდა. ჯერ იყო ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება და მისი "იუკოსის" განადგურება, რამაც ეჭვქვეშ დააყენა არა მარტო რუსეთში კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულება, არამედ იქ დაბანდებული უცხოური კაპიტალის უსაფრთხოობაც.

ამას მოჰყვა საქართველოს "ვარდების რევოლუცია" და, მოგვიანებით, უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუცია", რომლებმაც მოსკოვი გვარიანად გააღიზიანა - განსაკუთრებით პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშჩენკოს შეუნიღბავად პროდასავლური გეზის გამო. დაუმატეთ ამას რუსეთის გეგმა, სირიას რაკეტები მიჰყიდოს; გაიხსენეთ კრიტიკა, რომელიც მოსკოვმა ავღანეთში ვაშინგტონის პოლიტიკის მისამართით გამოთქვა. და კიდევ ერთი: შეერთებულმა შტატებმა სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში ძალაუფლების ცენტრალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ექსპერტების უმრავლესობა ბრატისლავის სამიტისგან ბევრს არაფერს ელის. ასეთთა შორის არის მოსკოვის პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი სერგეი მარკოვი:

[სერგეი მარკოვის ხმა] "ვფიქრობ, რომ ამ სამიტისგან არ უნდა ველოდეთ არც რაიმე გაუმჯობესებას და არც რაიმე გაუარესებას. მხარეები, ალბათ, დაადასტურებენ, რომ უწინდელ პოზიციებზე დგანან, და უწინდელივით ეცდებიან განავითარონ ურთიერთობათა მთელი ეს კომპლექსი. დაადასტურებენ, რომ ახალი ვადით არჩევის შემდეგ პრეზიდენტები უწინდელი პოლიტიკის ერთგული დარჩებიან. იქ კი არც რაიმე კრიზისია და არც რაიმე გარღვევა."

რუსეთის საქმეებში ღრმად ჩახედული კიდევ ერთი ექსპერტი, ჰოლანდიელი სტეფან დე სპიგელეირე გვირჩევს, წარსული გავიხსენოთ.

[სტეფან დე სპიგელეირეს ხმა] "ჩემი აზრით, წარსულში ხშირად არარეალისტური მოლოდინი გვქონდა. "სტრატეგიული პარტნიორობის" კონცეფცია მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ ფორმულათაგან ალბათ ყველაზე მეტად არის დაცლილი შინაარსისგან. საკმარისია გაიხსენოთ, რამდენი ვინმესთვის მიუციათ შეერთებულ შტატებსა თუ ევროკავშირს სტრატეგიული პარტნიორობის პირობა, რომ მიხვდეთ: ე.წ. "პატრნიორების" სიმრავლის გამო ყოვლად შეუძლებელია, სიტყვები საქმედ აქციო."

პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ბუშმა - ისევე, როგორც მისმა ახალმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა - არაერთხელ განაცხადა, რომ თავის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ვაშინგტონს მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერა ესახება. მაგრამ, როგორც ჰოლანდიელი ექსპერტი აღნიშნავს, ამერიკას ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ რუსეთზე გაცილებით ნაკლებად დემოკრატიულ რეჟიმებთანაც მშვენივრად შეუძლია ურთიერთობა. მაგალითად დე სპიგელეირეს პაკასტანი და საუდის არაბეთი მოჰყავს.

თუ ისევ ბრატისლავის მომავალ სამიტს დავუბრუნდებით, უნდა გავიმეოროთ: ბუშისა და პუტინის შეხვედრისგან რაიმე გარღვევას ცოტა ვინმე თუ ელის. ამ ეტაპზე შეხვედრის მიზნად ალბათ ის უნდა ჩაითვალოს, რომ ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობაში შენარჩუნებულ იქნეს "სტატუს კვო". გამორიცხული არ არის, ბუშმა წამოჭრას ირანთან და სირიასთან რუსეთის თანამშრომლობის საკითხი; ხოლო რაც შეეხება საქართველოს - კერძოდ კი იქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებს - მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტებს სჯერათ, რომ ეს საკითხები ბრატისლავის სამიტზე პრიორიტეტულთა შორის იქნება.
XS
SM
MD
LG