Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა უკანონო პატიმარი ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე


ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე სამართალდამცველმა ორგანოებმა 2004 წლის 18 მარტს დააკავეს, თანამდებობრივი უფლებამოსილების

ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა, წინასწარი პატიმრობის ვადაც ამოიწურა, ჭანკოტაძის საქმე კი სასამართლოს წარმოებაში დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, გაურკვეველია ახლა რა სამართლებრივი სტატუსითაა აღკვეთილი ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის თავისუფლება.

ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკია, რომელმაც უარი თქვა ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდით თავისუფლების მოპოვებაზე. თავდაპირველად მას 750 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს, შემდეგ კი თანხა თანდათან შემცირდა და, ბოლოს, 100 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა ჭანკოტაძემ ამ თანხის გადახდაზეც უარი თქვა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მას ამ განცდას კიდევ უფრო უმძაფრებს საქართველის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის არცთუ ლოგიკური ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის.

[გოჩა სვანიძის ხმა] ”რაღას ნიშნავს მაშინ მეთვრამეტე მუხლის მეექვსე პუნქტი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება ჩვენ, რომ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს და წერტილი...”(სტილი დაცულია)

ეს არის გოჩა სვანიძე, ზურაბ ჭანკოტაძის ადვოკატი. იგი აღნიშნავს, რომ, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კანონების გამოყენებით, შესაძლებელია წინასწარი პატიმრობის ვადა ორ წელიწად-ნახევარს გაგრძელდეს, ეს კი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუმცა ამჟამად ზურაბ ჭანკოტაძეზე არც ერთი კანონი არ ვრცელდება, რომელიც მის პატიმრობაში ყოფნას განაპირობებდეს. გოჩა სვანიძე პენიტენციალურ სისტემაში, სასამართლოში, უფლებადამცველ ორგანიზაციებში ცდილობს გაარკვიოს, რატომ არის დაპატიმრებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება.

ერთადერთი, ვინც მის განცხადებებს გამოეხმაურა, სახალხო დამცველის ოფისია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ალექსანდრე სვანიძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

[ალექსანდრე სვანიძის ხმა] ”...სასამართლოს ერიცხება, მაგრამ ერიცხება ფაქტობრივად. განსასჯელის სტატუსი არა აქვს, აქვს ბრალდებულის სტატუსი და მისი პატიმრობის ვადა არის 9 თვე და თუ ამ ვადაში არ გადაეცემა სასამართლოს, იგი გათავისუფლებული უნდა იქნეს უპირობოდ.”

ასეთია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც მან ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაუგზავნა. ახლა ზურაბ ჭანკოტაძის ადვოკატი გოჩა სვანიძე ელოდება სასამართლოს პასუხს, რათა ის თან დაურთოს სარჩელს, რომლითაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

[გოჩა სვანიძის ხმა] ”ჩემთვის და ჭანკოტაძისთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, ამ საქმეზე დამნაშავე პირების პერსონიფიცირება დაუშვებელია, რადგან ადამიანის უფლებების მიმართ ხელისუფლების მიდგომა არის ასეთი.”

ავიაციის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჭანკოტაძეს ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მისი უწყება, ხელშეკრულების საფუძველზე, სამი ავიაკომპანიისგან იღებდა თანხას, რის უფლებასაც მას პარლამენტის მიერ კანონში სპეციალურად შეტანილი შესწორება აძლევდა.
XS
SM
MD
LG